თუშეთი/TUSHETI მოგზაურობა, რომელიც ცვლის

როგორც ყველასთვის, ბავშვობაში ჩემთვისაც ყველაზე დიდი მოლოდინი სკოლის არდადეგები იყო. არდადაგებს ქალაქიდან გასვლა და ყოველდღიურობიდან სხვა ზღაპარში აღმოჩენა მოჰყვებოდა. ალბათ, ამან განაპირობა ისიც, რომ დღესდღეობით წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში სხვადასხვა კურორტების მონახულება, თითქოს, ცხოვრების წესად იქცა. მაგრამ, ჩემთვის მოგზაურობა არასოდეს ყოფილა უბრალოდ სეზონური გართობა, ან თუნდაც, განტვირთვის და დასვენების აუცილებელი პირობა. მოგზაურობა ერთდროულად ახალი სივრცის, ემოციებისა და შეგრძნებების აღმოჩენაა. გამოცდილებაა, რომელსაც გზად ვაგროვებ. განსაკუთრებით კი მთაში მოგზაურობა მიყვარს.
ყოველი მოგზაურობის დასრულებისას აღმოვაჩენ, რომ შინ სხვა ადამიანი ვბრუნდები. უფრო გაბედული, მდიდარი ახალი შთაბეჭდილებებით და სავსე ენერგიით.
თუშეთი – ეს არ არის ადგილი, რომელიც უბრალოდ უნდა მოინახულო.
ეს არის დუმილის და ფიქრის გზა საკუთარი თავისკენ.
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთების შუაგულში მოქცეული თუშეთი ჯერ კიდევ ინახავს იმ სამყაროს, რომელსაც ადამიანები სხვაგან ეძებენ. აქ მისასვლელად უნდა გადალახო ქვეყნის ყველაზე მაღალი უღელტეხილი – აბანო, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს. ამ გზის გავლა გამბედაობას მოითხოვს, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი და საკმაოდ რთულია, თუმცა, დაუვიწყარი თავგადასავალია.
თუშეთი მხოლოდ მთაში შეფენილი სოფლების ერთობლიობა არაა. ეს არის მთაში შემონახული უნიკალური კულტურა, დაცული ადათებით, სიტყვითა და სიმტკიცით.
ისტორიულად, თუშები მეომარი ხალხი იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ქვეყნის საზღვარს. ადამიანები აქ იცავდნენ არა მხოლოდ მიწას, არამედ საკუთარი ქვეყნის წარსულს, ენას და წესებს. აქ ოჯახური ხაზიც კი ხშირად დედის მხრიდან გადადიოდა, რაც იშვიათი შემთხვევა კავკასიურ კულტურაში და რაც თუშეთზე კიდევ ერთ განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რეგიონის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თუმცა, არცერთი სტუმარი არ ტოვებს მხარეს დართლოს ან შენაქოს დათვალიერების გარეშე. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სოფელი ბოჭორნა — ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული სოფელი (2200 მ). ბოჭორნა ერთი შეხედვით, თითქოს, წერტილია რუკაზე, მაგრამ შთაბეჭდილებების უსაზღვრო სივრცეა.
თუშური სამზარეულო ცნობილია ტრადიციული კერძებით, რომელთა უნიკალურობაც ადგილობრივი ინგრედიენტების დამსახურებაა.
თუშური ხინკალი, რომელიც მზადდება დაბეგვილი ხორცით; გუდის ყველი, რომელიც ცხვრის რძინსგანაა დამზადებული და გუდაშია დაძველებული; ადგილობრივი თუშური ლუდი ალუდი, რომელიც მთის რელიგიის ნაწილია და იხარშება სპეციალურად დღესასწაულების დროს და ადგილობრივების ხელით საკუთარ ეზოებში მზადდება.
თუ ჯერ არ ყოფილხარ, თუშეთი ის ადგილია, სადაც მოგზაურობა მხოლოდ ადგილის მონახულება არ არის. ეს არის შესაძლებლობა:
• გაიარო გზა, უღელტეხილი, რომელიც საკუთარ შიშებს დაგაძლევინებს.
• შეხვდე ადამიანებს, რომლებმაც იციან როგორ გადაიტანონ სიმარტივე.
• შეიგრძნო მთა — არა მხოლოდ იმით რაც გარშემოა, არამედ იმით რაც შენში იღვიძებს.
• დააგემოვნო კერძები, რომელიც მხოლოდ მთაში შეგხვდება.
• შეიგრძნო უძველესი ქართული კულტურა და ტრადიციები რეალურ დროში.
თუშეთში ტურისტული სეზონი ზაფხულის შუა პერიოდიდან ადრეულ შემოდგონამდე გრძელდება. დანარჩენ დროს კი გზა იკეტება დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო. ადგილობრივი სასტუმროები ტურისტებს სთავაზობენ მყუდრო და კომფორტულ განთავსებას, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს ახლოდან გაიცნოს ტრადიციული თუშური ცხოვრების წესები.
თუშეთი არ არის ის ადგილი, რომელსაც უბრალოდ ესტუმრები. ეწვევი, როგორც უცნობ სოფელს, მაგრამ თუ ამ გზას ერთხელ გადაკვეთ, შინ დაბრუნებისას ახალ გზებს უკვე სხვანაირად ხედავ.
ნინუცა ორჯონიკიძე ფოტო: ნიკა ლებანიძე, გოგიტა ჩართოლანი გორილაზ ფროდაქშენ














