Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

აბასთუმანი სამოთხე მთებში, საიდანაც კოსმოსი იწყება

აბასთუმანი სამოთხე მთებში, საიდანაც კოსმოსი იწყება

აბასთუმანი – პატარა, მაგრამ ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოში. ის აერთიანებს ბუნებრივად უნიკალურ გარემოს, სამკურნალო მინერალურ წყლებს, ვარსკვლავებზე დაკვირვების შთამბეჭდავ შესაძლებლობებსა და ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს – აბასთუმნის ობსერვატორიას. ბოლო წლების განმავლობაში აქ ინტენსიურად ვითარდება, როგორც სამკურნალო-ტურისტული, ისე კულტურული და კვლევითი მიმართულება.

აბასთუმანი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1,300 მეტრზე მდებარეობს. მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება, როცა უნიკალური ადგილი სანატორიუმად აირჩიეს. მისი გამორჩეული ჰავა, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია სასუნთქი გზების დაავადებებისთვის, განსაკუთრებით ტუბერკულოზის სამკურნალოდ, გახდა მიზეზი იმისა, რომ აქ ჯერ სამკურნალო პავილიონები, შემდეგ კი სასტუმროები აშენებულიყო.

აბასთუმანი ცნობილია თავისი ობსერვატორიით, რომელიც 1932 წელს დაარსდა. კავკასიის რეგიონში ის პირველი და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი ასტრონომიული ცენტრია. მისი მდებარეობა უნიკალურია, რაც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. აქ მეცნიერები სწავლობენ მზის აქტივობას, პლანეტებს, კომეტებსა და შორეულ გალაქტიკებს. ობსერვატორია ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში და თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ცენტრთან.

ბოლო წლების განმავლობაში, აბასთუმანი ინფრასტრუქტურულად აქტიურად ვითარდება. სახელმწიფო პროგრამებისა და კერძო ინვესტიციების ფარგლებში განახლდა გზები, აშენდა ახალი სასტუმროები, თანამედროვე სპა-ცენტრები, გაუმჯობესდა აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურა და გარე სივრცეები. ასევე, აღსანიშნავია, აბასთუმნის ურბანული აღდგენისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განახლდა ისტორიული შენობები და შენარჩუნდა კურორტის ძველი არქიტექტურული იერსახე.

აბასთუმანი ტურისტებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს, კონკრეტულად ობსერვატორიაში თქვენ შეგიძლიათ:

• პროფესიონალური ტელესკოპების მეშვეობით ღამით დააკვირდეთ ცას;

• ვარსკვლავების, პლანეტებისა და გალაქტიკების ხილვა ადგილობრივი ასტრონომების დახმარებით;

• მუზეუმის მონახულება, სადაც წარმოდგენილია ძველი ტელესკოპები და ასტრონომიული დანადგარები;

• ობსერვატორიის ტერიტორიაზე განთავსებულია საგამოფენო სივრცე – ტელესკოპის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძველი ოპტიკური ინსტრუმენტები და გაეცნოთ ასტრონომიის ისტორიას საქართველოში.

• გაცნობითი ტური, რომელიც მოგითხრობთ, როგორც თანამედროვე მეცნიერების, ისე ობსერვატორიის ისტორიას.

გარდა ამისა, აბასთუმანში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო მინერალური აბაზანები — თერმული წყლები, რომლებიც სასარგებლოა კანისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. თუ აქტიური დასვენება გსურთ, აბასთუმანი შესაძლებლობას გაძლევთ გაისეირნოთ სპეციალურად მოწყობილ ეკოტურისტულ ბილიკებზე, გადაადგილდეთ ველოსიპედით ან საფეხმავლო მარშრუტებით, რომლებიც გაგიყვანთ ტყეში, მთებსა და მდინარეებზე. თუ ისტორიული შენობები გიზიდავთ, აბასთუმანი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ, რადგან აქ ძველი არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებია წარმოდგენილი. XIX საუკუნის სამკურნალო სახლები, წითელი აგურის შენობები და სააბაზანოები, რომლებიც აერთიანებენ ევროპულ და ადგილობრივ სტილს.

აბასთუმანი ერთდროულად წარმოადგენს სამკურნალო კურორტს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობას და სამეცნიერო ცენტრს. ეს ადგილი ასტრონომიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ამ ყველაფრის ერთიანობა კი უნიკალურ ადგილად აქცევს აბასთუმანს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.