ბრენდ შეფი - ირაკლი ასათიანი

ქართული კულინარია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. მრავალფეროვან და საინტერესო გემოებს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კუთხეში შეხვდებით. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი SILK HOSPITALITY-ის ბრენდ შეფი ირაკლი ასათიანია, 20 წლიანი გამოცდილებით, რომელიც თავისი პროფესიული გზის და გასტრონომიული გამოცდილების შესახებ გვიამბობს.
როგორ გახდით შეფ-მზარეული? გერმანიაში, კერძოდ შტუტგარდში, ისტორიაპოლიტოლოგიის მიმართულებით ვსწავლობდი, საღამოს საათებში კი რესტორანში ვმუშაობდი. ასე მოვხვდი პირველად სარესტორნო სფეროში. მუშაობის პროცესში, როცა სამზარეულოს გარე სამყარო კულისებიდან დავინახე, სფეროსთან განსაკუთრებული კავშირი და მიზიდულობა ვიგრძენი. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ის ცეცხლი, რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა ენერგიით მავსებდა. სწორედ ამიტომ, სწავლას თავი დავანებე და პროფესიული განვითარება გერმანიაში კულინარიული მიმართულებით განვაგრძე. ჯამში, გერმანიაში ექვსი წელი გავატარე. 2010 წელს საქართველოში დავბრუნდი და ყველაზე ახალგაზრდა შეფ-მზარეული გავხდი. ოთხი წელია პროფესიულ საქმიანობას SILK HOSPITALITY-ში ვაგრძელებ. ჯგუფში შემავალი ყველა საკვები ობიექტის, ასევე, მასშტაბური ღონისძიებების ბრენდ შეფი ვარ.
მოგვიყევით SILK HOSPITALITY-ის ბოლო პროექტის, სასტუმრო Telegraph-ის და GRAND CAFE-ს შესახებ.
სასტუმრო Telegraph-ი ჯგუფის ბოლო მასშტაბური პროექტია. სივრცე გემოვნებიანი, შემოქმედებითი, მოაზროვნე ადამიანების შეკრების ადგილია, რომლის ყველა კუთხეშიც კულტურა, საუბარი და თანამედროვე საქართველოს ცხოვრება დინამიკურ გარემოში ერთმანეთს ერწყმის. Telegraph-ი წამყვანი სასტუმროების ჯგუფის წევრია (THE LEADING HOTELS OF THE WORLD), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ მდიდრულ და საინტერესო შინაარსის სასტუმროს აერთიანებს. სასტუმროში სხვადასხვა ტიპის რესტორანია წარმოდგენილი. თითოეული მათგანის ხელწერა თანხვედრაშია Telegraph-ის იდენტობასთან და სტუმრებს ინდივიდუალურ გამოცდილებას, წარსულში და თანამედროვეობაში მოგზაურობას სთავაზობს. GRAND CAFE-ს კონცეფცია ტრადიციული ქართული კერძების და მსოფლიოს თანამედროვე კულინარიული კერძების ნაზავია. მენიუში შეხვდებით როგორც ტრადიციულ, განახლებულ, ისე ევროპულ კერძებს, როგორებიცაა: ქართული არომატებით გაჯერებული თონეში შემწვარი გოჭი, საქონლის ველინგტონი, ქათმის ღვიძლის პატე შტოშის და შინდის სოუსით და მრავალ სხვა საინტერესო კერძს. ტრადიციული ტაილანდური კერძების დაგემოვნებას სასტუმროში ტაილანდური რესტორანი Laan Thai-ში შეძლებთ, სადაც პარიზში მცხოვრები ტაილანდელი შეფის როუზ ჩალალაის საფირმო კერძები დაგხვდებათ. Telegraph-ში ცალკეა The Grill — გრილზე ორიენტირებული რესტორანი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი ბურგერების, სტეიკების, ზღვის პროდუქტების და თევზეულის დაგემოვნება შეუძლიათ. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღვინის ბიბლიოთეკა და ქორთიარდი. სექტემბრიდან კი Rolling Stone ტერასა, Tatuza Jazz Club და იტალიური ხელნაკეთი პასტის ბარი გაიხსნება.
რას შეადარებთ კერძის მომზადების პროცესს? ეს პროცესი ჩემთვის ის ემოცია და მეხსიერებაა, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება.
შეფ-მზარეულობის მთავარი ხიბლი ჩემთვის არის...
კმაყოფილი სტუმარი, რომელიც შენს ჩანაფიქრს ხვდება, ამას აღნიშნავს და კერძთან დაკავშირებით თავის შეფასებას გადმოგცემს.
მოგვიყევით ახალი კერძის შექმნის ან ტრადიციული კერძის შეცვლის პროცესის შესახებ.
ამ პროცესს შთაგონება სჭირდება, რომლის წყაროც ნებისმიერი მოვლენა შეიძლება გახდეს. კითხვა, მოსმენა, ყურება, დაკვირვება, ფილმის ნახვა და შინაგანი განწყობა. კერძის შექმნის პროცესში მთელი ჩვენი გუნდი იღებს მონაწილეობას. ვაგემოვნებთ, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს მანამ, სანამ სასურველ გემოს არ მივიღებთ.
თქვენი საყვარელი კერძი...
მიყვარს კერძები და გემოები, რომლებიც ჩემში ემოციებს აცოცხლებენ. მაგალითად, გოჭი, ლობიო რაჭულ ლორთან და მჭადთან ერთად.
კერძი, რომლის დაგემოვნებასაც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ურჩევდით...
ჩაქაფული, რომელიც მრავალფეროვანი გემოებით გამოირჩევა. აგრეთვე, ტრადიციული კერძები, როგორებიცაა: ხინკალი, ხაჭაპური. სხვადასხვა კუთხის კერძები: სვანეთში – კუბდარი, მესხეთში – მესხური ლოკოკინა, აჭარაში – სინორი. ყველა კერძი საინტერესოა და იმ ადგილის ხასიათს, ისტორიას გადმოსცემს, რომელიც ჩვენამდე წინაპრებმა მოიტანეს.






