ქრისტიანობა სიყვარულისა და სიწმინდის რელიგია

ქრისტიანობა – ეს არ არის მხოლოდ რელიგია. ეს არის ცხოვრების გზა, შინაგანი სიწმინდის ძიება და ღმერთთან ურთიერთობის მუდმივი მცდელობა. ეს არის რელიგია, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია, სულიერად აამაღლა ადამიანები და მილიონობით გულში ღვთიური იმედი ჩასახა.
ქრისტიანული მოძღვრება და ღვთისმსახურების წესები სხვადასხვა ხალხისა და ცივილიზაციის კულტურებში ღრმად არის ფესვგადგმული, თუმცა, იგი სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით გამოიხატება. კაცობრიობის დიდი ნაწილი ახალ წელთაღრიცხვას სწორედ იესო ქრისტეს დაბადებიდან იწყებს.
იესო ნაზარეველი, ქრისტიანული რწმენის თანახმად, არის ღვთის ძე, რომელიც დედამიწაზე მოვიდა ადამიანთა ხსნისთვის და ცოდვისაგან გასათავისუფლებლად. იესო ძვ.წ. I საუკუნის მიწურულს ბეთლემში დაიბადა, იუდეაში, თუმცა, გაიზარდა ნაზარეთში. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი „იესო ნაზარეველი“. დედა, მარიამი, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია.
იესო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი სულიერებით. სახარებები აღწერენ უამრავ სასწაულს, თუ როგორ განკურნა ბრმადშობილი, თუ როგორ გადააქცია წყალი ღვინოდ, როგორ გამოკვება ათასობით ადამიანი რამდენიმე თევზითა და პურით და სხვა.
ქრისტიანული სამყაროს უდიდესი მოვლენაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. იესოს მოწაფემ – იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს უღალატა და 30 ვერცხლზე გაყიდა. იესო დააპატიმრეს, ცრუ ბრალდებები წაუყენეს და პონტოელი პილატეს ბრძანებით ჯვარს აცვეს. თუმცა, ქრისტიანული რწმენით, იესოს ცხოვრება სიკვდილით არ დასრულებულა. იგი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა – ეს არის ქრისტიანული რწმენის უმთავრესი მოვლენა, აღდგომის საიდუმლო, რომელიც კაცობრიობას იმედს აძლევს მარადიული სიცოცხლისა და ცოდვისგან ხსნისთვის.
ქრისტიანობა ჩვ. წ. I საუკუნეში პალესტინის რეგიონში წარმოიშვა, როგორც იუდაიზმის მცირე განშტოება, რომელსაც მცირე რიცხვის მიმდევრები ჰყავდა. თავდაპირველად იგი გავრცელდა ადგილობრივ ებრაულ დიასპორებში, განსაკუთრებით პალესტინისა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიებზე, თუმცა, პავლე მოციქულის მოღვაწეობით ქრისტიანულმა სარწმუნოებამ სწრაფად გადალახა ეთნიკური და კულტურული საზღვრები და სხვა ე.წ. წარმართ ხალხებშიც დაიწყო ფეხის მოკიდება.
მეხუთე საუკუნისთვის ქრისტიანობა უკვე მყარად იყო დამკვიდრებული რომის იმპერიის ტერიტორიასა და მისი კულტურული გავლენის არეალში, ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი, საქართველო, სირია და ეთიოპია. მოგვიანებით, პირველ ათასწლეულში იგი გავრცელდა ანგლოსაქსურ და სლავურ სამყაროში, ხოლო XIII-XIV საუკუნეებში ბალტიისპირეთსა და ფინელ ხალხებში.
ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოა ჯვარი — არა როგორც ტანჯვის, არამედ როგორც გამარჯვების ნიშანი. იესოს ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა მორწმუნისთვის იმედის წყაროა.
დღეს ქრისტიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა
გავრცელებული: კათოლიციზმი, რომლის ცენტრი ვატიკანია და სულიერი წინამძღოლი რომის პაპი, მართლმადიდებლობა – აღმოსავლეთის ქრისტიანული ტრადიციის მემკვიდრე და პროტესტანტიზმი, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის მოძრაობით წარმოიშვა. მიუხედავად განსხვავებული ტრადიციებისა, ყველა ქრისტიანს აერთიანებს ერთი – ქრისტეს მრწამსი.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა IV საუკუნეში, წმინდა ნინოს ქადაგებით მიიღო. მას შემდეგ ეს რწმენა ქართველთა სულიერი საყრდენი გახდა – ერის იდენტობის, კულტურისა და ერთიანობის საფუძველი.
საქართველო ერთგვარი „ცოცხალი მუზეუმია“ ქრისტიანული არქიტექტურისა და სიწმინდეების მხრივ. სვეტიცხოველი ჩვენი ქვეყნის სულიერი გულია. ტაძარი აგებულია იქ, სადაც ქრისტეს უკერველი კვართია დაკრძალული. მცხეთის ჯვრის მონასტერი კი წმინდა ნინოს ჯვრის აღმართვის ადგილას ააგეს. გელათის მონასტერი XII საუკუნეში სიბრძნის აკადემია გახლდათ, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. აქ განისვენებს თავად მეფე და მრავალი ღვთისმსახური.
დღესაც, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი რწმენის, მორალისა და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
ქრისტიანობა რწმენაა, რომელიც გულში იბადება და ადამიანში სიკეთისკენ სწრაფვას აღვივებს. ეს არის გზავნილი სიყვარულისა, რომელსაც არ აქვს საზღვრები არც დროსა და არც სივრცეში.







