Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ირაკლი სუთიძე

ირაკლი სუთიძე

ირაკლი სუთიძე 80-ანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. თაობის, რომელმაც ქართული ხელოვნება მსოფლიოს კულტურულ სივრცეს გააცნო და ამ ხელოვნების ახლიდან გააზრებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ირაკლი სუთიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით, 1981 წელს დაამთავრა. 1983-1986 წლებში საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში მუშაობდა. 1979 წლიდან კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მონაწილეობდა.

განსაკუთრებით ღირებულია მხატვრის შემოქმედება „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის“. ირაკლი სუთიძეს მუზეუმის მესამე სართულის მთელი დარბაზი აქვს დათმობილი და ვიზიტორებს ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ოქროსფერი ფონი, მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი, ახლოს მოცემული გამოსახულება მხატვრისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხერხებია, რაც მის შემოქმედებას რომანტიკულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში დროის შეგრძნება დაკარგულია, თხრობისგან დაცლილი სცენარები სახეხატებადაა წარმოდგენილი და დამთვალიერებლებში რელიგიურ, მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევს. შთამბეჭდავია ირაკლი სუთიძის ფერწერა, გრაფიკა და მისი ოქროსფერი, რომლის შთაგონებაც მზიდან მოდის. მხატვრისთვის დამახასიათებელი ხელწერა მისი ფერწერის სხივოსნობაშია, რომელსაც ის ზეთის საღებავის გამჭვირვალე ფენების ურთიერთქმედებითა და მის მიერვე გამოგონილი ფერთა სინათლით, ინდივიდუალური ტექნიკით აღწევს.

ირაკლი სუთიძე 2024 წლის 19 აპრილს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრები, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებშია დაცული.

საჯაროობა და საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა. ემოციების და განცდების გამოსახატად ყოველთვის ტილოს ირჩევდა. სიცოცხლეში მისი ბოლო პერსონალური გამოფენა 2017 წელს გაიმართა.

მხატვრის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, ხელოვანის რეტროსპექტიულ ექსპოზიციას სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. „ის 70“ — ირაკლი სუთიძის 70 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გახლდათ, სადაც ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, პირველი ავტოპორტრეტი. შვიდი წლის შემდეგ, მხატვრის შემოქმედებამ საგამოფენო სივრცეში ავტორის გარეშე, ახლიდან გადაინაცვლა და დამთვალიერებლებს ირაკლი სუთიძის სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა.

გამოფენის კურატორი, ირაკლი სუთიძის ხელოვნებათმცოდნე მეუღლე ქეთევან კორძახია გახლდათ. ექსპოზიციაზე გამოტანილმა ნამუშევრებმა, როგორც სტუდენტობის, ისე სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული ნახატები გააერთიანა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხატვრის შემოქმედებითი გზის განვითარებას დაჰკვირვებოდნენ, ენახათ ტილოები, რომლებიც ხელოვანს განსაკუთრებით უყვარდა და დროდადრო უბრუნდებოდა. მათ შორის: „კუკუშკა მატარებელი“, სახარების მოტივები, „თევზები“ რომლის ახალი ვერსიაც 15 წლის შემდეგ შექმნა, მხატვრის მთავარი ვნება – ცხენები და მრავალი სხვა.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.