Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ლევან უჩანეიშვილი

ლევან უჩანეიშვილი

„თბილისში ერთი მსახიობი ცხოვრობს. კუკარაჩასავით კეთილი, ძლიერი და... შეყვარებული.“ ეს დახასიათება ლევან უჩანეიშვილს ეკუთვნის, ქართველ მსახიობს საერთაშორისო წარმატებით. ქართული, ევროპული, ამერიკული და რუსული კინობიოგრაფიის მიუხედავად, როლი, რომელიც მსახიობს მთელი ცხოვრება მიჰყვება – „კუკარაჩაა“.

ქართველი მწერლის და სცენარისტის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული „კუკარაჩა“ ქართველებისთვის დღემდე ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია, რომელიც საბჭოთა კავშირში და მის გარეთ, 40 მილიონმა ადამიანმა ნახა. თავად მოთხრობა კი თითქმის ყველა ენაზე მალევე ითარგმნა. მაღალი სამსახიობო ოსტატობით და შთამბეჭდავი გამომსახველობითი ნიუანსებით შესრულებულმა კუკარაჩას როლმა, ლევან უჩანეიშვილს მაყურებლის სიყვარული და აღფრთოვანება მოუტანა.

ისე, როგორც ყველგან, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი

ბავშვობიდან დაიწყო, რომელიც ზღაპარს ჰგავდა. ლევან უჩანეიშვილი დიდი ქართველი მსახიობების სესილია თაყაიშვილის და ეროსი მანჯგალაძის გვერდით ცხოვრობდა. ყოველდღიურად უყურებდა და უსმენდა მათ. მოგვიანებით გაჩნდა ოცნება, მხოლოდ მათ გვერდით კი არა – მათი ცხოვრებით ეცხოვრა. პირველად სესილია თაყაიშვილმა მოუსმინა და გამოცადა.

ლევან უჩანეიშვილმა „თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი“ დაამთავრა. შემდეგ კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობად განაგრძო მოღვაწეობა. დიდი ქართველი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე, პირველ კინო როლზე რეჟისორმა, რეზო ჩხეიძემ, სინჯების გარეშე დაამტკიცა. მსახიობს კინოში 1976 წლიდან იღებენ. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს ისეთ ქართულ ფილმებში ასრულებდა, რომელთაგან აღსანიშნავია: „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.

მსახიობის ცხოვრების მთავარი და გარდამტეხი ეტაპები თეატრალურ უნივერსიტეტს, ხოლო შემდეგ, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გზის გაგრძელებას უკავშირდება.

1990-იანი წლებიდან დღემდე, ცხოვრებას და შემოქმედებით მოღვაწეობას ლევან უჩანეიშვილი აშშში განაგრძობს. წარმატებული ქართველი მსახიობის ფილმოგრაფია ისეთ სახელებს და ფილმებს აერთიანებს, როგორებიცაა: „დამოუკიდებლობის დღე“, „ბლეიდი“, „25-ე საათი“ სპაიკ ლის რეჟისორობით, სადაც გადასაღებ მოედანზე ქართველ მსახიობს პარტნიორობას ედვარდ ნორტონი უწევდა. „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ ჰარისონ ფორდის და გარი ოლდმანის პარტნიორობით. კინოსურათი „ვირუსი“, სადაც ქართველთან ერთად მსოფლიოს მსახიობთა დიდი თანავარსკვლავედი თამაშობს. ნანა ჯორჯაძის ცნობილი საერთაშორისო ნამუშევარი – „27 დაკარგული კოცნა“ და მრავალი სხვა.

მსახიობმა ძმასთან ერთად ამერიკულ-ქართული კინოსტუდია „ტურფა“ დააარსა. ტურფა დედის სახელია, რომლის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის და მზრუნველობის ამბავი ყველასთვის ლეგენდად არის ქცეული. კინოსტუდიის საქმიანობა არაერთ წარმატებულ პროექტს და კინოსურათს ითვლის. ლევან უჩანეიშვილისთვის მათგან ყველაზე გამორჩეული მისი პირველი 45 წამიანი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ერთ-ერთი ჩამოსვლისას თბილისში, სახლში ფირზე იპოვა. ნაპოვნ ფირზე დედის კადრებია ასახული, სადაც მსახიობი მას კარნახობს „აქეთ წამოდი.... აქ დაჯექი...“ ეს ის ყველაზე ძვირფასი 45 წამია, რომლის აღსადგენადაც მსახიობმა ყველაფერი გააკეთა.

თბილისში ჩამოსვლის დროს, მსახიობი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას მომავალ თაობას საინტერესო შინაარსის მასტერკლასებით აქტიურად უზიარებს. მის გეგმებში თბილისში სკოლა-სახელოსნოს გაკეთებაც შედის, სადაც მსახიობებსა და რეჟისორებს, მეგობარ კოლეგებთან ერთად, დაგროვილ ცოდნას გადასცემს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.