Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

მდიდრული და ბიუჯეტური დასვენება საქართველოში

ორი განსხვავებული გზა ერთი ქვეყნის აღმოჩენისთვის

მდიდრული და ბიუჯეტური დასვენება საქართველოში

საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს როგორც ექსკლუზიური, მდიდრული დასვენების მოყვარულთა მოთხოვნებს, ისე ბიუჯეტურად მოგზაურობის მსურველების საჭიროებებს. ქვეყნის კომპაქტური გეოგრაფია, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა უნიკალურ გარემოს ქმნის ორივე ტიპის მოგზაურობისთვის. მოდით, შევადაროთ ეს ორი განსხვავებული გამოცდილება და გავარკვიოთ, რომელი უფრო შეესაბამება თქვენს ინტერესებს, ბიუჯეტსა და მოლოდინს.

მდიდრული დასვენება საქართველოში იმაზე უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კომფორტული ნომერი. ესაა ცხოვრების სტილის ნაწილად ქცეული მოგზაურობა, სადაც ყოველი დეტალი დაგეგმილია მაქსიმალური სიამოვნებისთვის.

თბილისში დამსვენებლებს შეუძლიათ არჩევანი შეაჩერონ ისეთ სასტუმროებზე, როგორებიცაა Stamba Hotel ან The Biltmore. მათი მსგავსი თბილისში კიდევ ძალიან ბევრია. აქ ძველი არქიტექტურა და თანამედროვე დიზაინი ერწყმის ერთმანეთს. თითოეული ნომერი განსაკუთრებულია, რესტორნებში კი ცნობილი შეფების მიერ შედგენილი მენიუ გელოდებათ. საღამო შეგიძლიათ კოქტეილით დაასრულოთ დახვეწილ ბარში ან ტერასაზე, საიდანაც ძველი ქალაქის ფერები და ხმაური ზუსტად იმ ზომით აღწევს თქვენამდე, რამდენიც საჭირო ხდება კომფორტისთვის.

თუ დედაქალაქიდან გასვლით ხართ დაინტერესებული, კახეთი მდიდრული დასვენების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული ადგილია Lopota Lake Resort, სადაც მთებით გარშემორტყმულ ტბაზე გასეირნებაა შესაძლებელი. აქ დაგხვდებათ ისეთი მომსახურება, რომელიც თქვენი კომფორტული დასვენების გარანტიაა. ასევე, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel მდიდრული დასვენების მოყვარულებს თავისი უნიკალური კომბინაციით იზიდავს – ისტორიული მემკვიდრეობით, დახვეწილი დიზაინით, პერსონალიზებული მომსახურებითა და მშვიდი, ბუნებრივად მდიდარი გარემოთი. სასტუმრო მდებარეობს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში, სადაც სტუმრებს პრემიუმ ნომრები ელით ალაზნის ველის ხედებით, ასევე, ღვინის დეგუსტაცია, სპა, კულტურული ღონისძიებები და მსოფლიო დონის ფესტივალები – ყველაფერი ის, რაც დასვენებას განსაკუთრებულს ხდის.

მათთვის, ვინც მთის ჰაერს ანიჭებს უპირატესობას, Rooms Hotel Kazbegi იდეალური არჩევანია. ხედები მყინვარწვერზე ან თოვლივით სუფთა კალთებზე იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბევრისთვის სწორედ ეს ხდება მოგზაურობის მთავარი მიზანი. გარდა ამისა, შესაძლებელია ვერტმფრენით ფრენა უშბის ან შხარისკენ, ან „ჰელისკი“ ტურები გუდაურში, რაც საქართველოში საკმაოდ ექსკლუზიური და ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი აქტივობაა.

ზაფხულში მდიდრული დასვენების მოყვარულები შავიზღვისპირეთში არჩევანს აკეთებენ Le Méridien, Hilton, ან Paragraph Resort & Spa Shekvetili-ზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამორჩეულია თავისი გიგანტური აკვარიუმითა და დახვეწილი სანაპირო ინფრასტრუქტურით. სასტუმროს სპა-სივრცე და ინტერნაციონალური სამზარეულო დასვენებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

საქართველო ასეთივე მიმზიდველია ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველთათვისაც. აქ არც ისე დიდი თანხით შეგიძლიათ მიიღოთ ღრმა კულტურული გამოცდილება, იმოგზაუროთ მთიდან ზღვამდე და თან შეიგრძნოთ ნამდვილი ქართული განწყობა.

დასაწყისისთვის, თბილისის ძველ უბნებში უამრავი ბიუჯეტური ჰოსტელი ან საოჯახო სასტუმროა, მაგალითად, Fabrika Hostel, სადაც ფასი არ აღემატება დღეში 10–20 დოლარს. შეიძლება გზამ სვანეთამდეც ჩაგიყვანოთ, სადაც ასევე შეგიძლიათ ბიუჯეტურად დაისვენოთ, მაგალითად, მესტიის ცენტრში ადგილობრივ ოჯახში 15–20 დოლარად შეძლებთ ღამის გათენებას. აქ აუცილებლად მოგიმზადებენ სვანურ ტრადიციულ კერძებს, რომლითაც გულგრილი ვერ დარჩებით.

ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ბუნება ყოველთვის მთავარი უპირატესობაა. მაგალითად, მარტვილის კანიონზე შეგიძლიათ იქირაოთ კაიაკი რამდენიმე დოლარად, ან წყალტუბოში, საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ სანატორიუმებში ისეირნოთ სრულიად უფასოდ. ადგილი, რომელიც უკვე ტრენდულია ფოტოგრაფებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აჭარაში ბათუმის გარდა შესაძლებელია ქობულეთსა და მახინჯაურში ჩახვიდეთ, სადაც ზღვის პირას პატარა საოჯახო სასტუმროები 10–15 დოლარადაც მოიძებნება, ან შეგიძლიათ, უბრალოდ, კარვით დაბანაკდეთ შეკვეთილში და დილა ზღვის ხმაურით დაიწყოთ.

მათ, ვისაც ქართული სამზარეულო აინტერესებს, არის უამრავი პატარა სასადილო, სადაც ფასები სრულებით მისაღებია. ხოლო მათთვის, ვისაც ღვინის აღმოჩენა სურს, კახეთში ან იმერეთში უამრავი ადგილობრივი მეღვინეა, რომლებიც სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ღვინით უსასყიდლოდაც გაუმასპინძლდებიან.

საქართველო იმ შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც მდიდრული და ბიუჯეტური დასვენება შესაძლებელია ერთმანეთის პარალელურად. ერთი — ყაზბეგში ძვირადღირებული სასტუმროს აივნიდან თვალუწვდენელი ხედებით, მეორე კი ჭეშმარიტად ქართული ოჯახური სუფრის გარშემო მაღალმთიან სოფელში. არჩევანი შენზეა.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.