Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

თამაზ (თათუზა) ყურაშვილი

თამაზ (თათუზა) ყურაშვილი

ჯაზი მუსიკალური სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკაზე, არამედ ადამიანთა ურთიერთობებზეც კი შეცვალა წარმოდგენა. ჯაზის ჟღერადობა ასახულია სიმფონიაში, ბალეტში, სიმღერასა და ყოფით ცეკვაშიც და იგი დღევანდელი მუსიკის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად იქცა. გახსნილობა, დიალოგი, ურთიერთობა, იმპროვიზაცია, სპონტანურობა და თავისუფლება — ეს ჯაზისთვის დამახასიათებელი მთავარი ელემენტებია. ჟანრი მუსიკოსებს ასწავლის თუ როგორ გაათავისუფლონ მათი აზროვნება ჩარჩოებისგან.

საქართველოში ჯაზის დაარსება, განვითარება და მსმენელისთვის ჟანრის შეყვარება კომპოზიტორის, მუსიკოსის და ვირტუოზი ჯაზმენის თამაზ (თათუზა) ყურაშვილის სახელს უკავშირდება. თამაზ ყურაშვილმა 1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1968-1969 წლებში მუსიკოსი ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, 1970 წელს ანსამბლ „ჩანგის“, 1968-1982 წლებში რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი, 1983-1985 წლებში საესტრადო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ხელოვანი კომპოზიტორია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „სუფთა დაფა“ (1982) , მხატვრული ფილმის „ისინი“ (1993) და თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“ (1985).

ქართული ჯაზ-ისტორიის შემქნელს არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად დაუკრავს და უამრავ კონცერტსა თუ ჯაზის საღამოში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯაზმენი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებში, როგორებიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხეთი. გახლდათ მრავალი ქვეყნის ჯაზ ფესტივალის ლაურეატიც. თამაზ ყურაშვილი 1987 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში და წლების განმავლობაში მუშაობდა ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან — ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად.

ვირტუოზ შემსრულებელს 2011 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ის ჯაზის მიმართულებით პირველი მუსიკოსია, რომლის სახელობის ვარსკვლავიც არსებობს. ხელოვანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული.

თამაზ ყურაშვილი 2023 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა, დიდი ისტორიის ქართველი მუსიკოსის უზარმაზარი მუსიკალური ღვაწლი და სახელი დღემდე განაგრძობს სიცოცხლეს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.