Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

მარჯანიშვილის თეატრის ისტორია

მარჯანიშვილის თეატრის ისტორია

თბილისის გულში, მარჯანიშვილის მოედანზე, ერთ-ერთი ისტორიული შენობის ფანჯრებიდან დღემდე მოსჩანს შუქი – შუქი სცენისა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრმა ათწლეულების წინ აანთო და დღემდე არ ჩამქრალა.

მარჯანიშვილის თეატრი მრავალი წელია ემსახურება ქართულ კულტურას. თეატრი 1928 წელს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და გამორჩეულმა ქართველმა რეჟისორმა — კოტე მარჯანიშვილმა დააარსა. მას სურდა შეექმნა თეატრი, რომელიც ევროპულ გამოცდილებას და ქართულ ხასიათს გააერთიანებდა.

1930-იან წლებში თეატრმა ბინა დაიდო ზუბალაშვილების სახალხო სახლში, სადაც დღემდე მოქმედებს. ის იქცა „საზოგადოებრივ თეატრად“, რომელიც აქტიურად ეხმაურება სოციალურ თემებს და მაყურებელზეა ორიენტირებული. თეატრი დღემდე რჩება იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რაც დაარსების დღიდან გამოიკვეთა. თეატრს 3 სცენა აქვს: დიდი სცენა, „სხვენი“ და 2013 წლიდან უკვე ახალი სცენა.

კოტე მარჯნიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა დრამატურგებთან და ცდილობდა თეატრი მჭიდროდ დაეკავშირებინა ეროვნულ ლიტერატურასთან. მხოლოდ ხუთ სეზონში 26 სპექტაკლი დადგა და ქართულ სცენას დაუტოვა მდიდარი მემკვიდრეობა.

1933 წელს, მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი უახლოესი მოწაფეები: სამხატვრო ხელმძღვანელი — უშანგი ჩხეიძე, სარეჟისორო კოლეგიის წევრები — შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე; დირექტორი — დოდო ანთაძე; მხატვრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და პეტრე ოცხელი. თეატრის მუსიკალურ სახეს ქმნიდნენ ანდრია ბალანჩივაძე, კოტე მეღვინეთუხუცესი და თამარ ვახვახიშვილი.

წლების განმავლობაში თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ თავად მსახიობებიც – ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი.

მარჯანიშვილის თეატრი მუდამ იყო იმ მსახიობების სახლი, რომლებმაც განსაზღვრეს ქართული სცენის სახე. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია სესილია თაყაიშვილს — ქალს, რომელიც სულითა და ხორცით აღვსილი იყო თეატრით. მისი შესრულებული როლები გამოირჩეოდა სიმშვიდით, ღრმა ენითა და ძლიერი ემოციით. ის თამაშობდა ისე, თითქოს თეატრი მისი სხეულის გაგრძელება იყო. სესილია თაყაიშვილი თაობების მეხსიერებაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გულწრფელი მსახიობი.

მარჯანიშვილის თეატრი დღესაც ნაყოფიერად აგრძელებს ცხოვრებას. თეატრს ლევან წულაძე ხელმძღვანელობს. მის სცენაზე იდგმება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე პიესები. ახალმა თაობამ მიიღო ძველი ტრადიციები და ცდილობს მათზე დაყრდნობით, ახალი ფორმებითა და მიდგომებით შექმნას საინტერესო თეატრალური ენა. ეს არის თეატრი, რომელიც არ ჩერდება — არც შინაარსით და არც ფორმით. ეს არის ადგილი, სადაც თეატრი ცოცხლობს — სცენაზე, კულისებში, მაყურებლის გულში. იგი წარსულისა და თანამედროვეობის ხიდია და მომავალს უერთდება.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.