ვეფხისტყაოსანი ქართული სულის მარადიული სიმბოლო

რას ნიშნავს იყო ქართველი? რას ნიშნავს გიყვარდეს და გქონდეს ღირსება? ამ კითხვებზე პასუხი ერთ წიგნშია თავმოყრილი. წიგნში, რომელიც შოთა რუსთაველმა დაგვიწერა და „ვეფხისტყაოსანი“ დაარქვა. საუკუნეების წინ დაწერილი ტექსტი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მისი შექმნის წამს. უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მწვერვალია, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია მსოფლიო მწერლობის ისტორიაშიც. ის მეტია, ვიდრე ოსტატურად დაწერილი კონკრეტული სიუჟეტი. მასში ფილოსოფიურადაა გადმოცემული სიყვარულის, პოლიტიკის, რწმენისა და ღირსების საკითხები – ყველაფერი, რაც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს.
შოთა რუსთაველი თამარ მეფის ეპოქაში, XIIXIII საუკუნეებში ცხოვრობდა და სამეფო კარზე მოღვაწეობდა. ქართველები ამ პერიოდს „ოქროს ხანას“ ვუწოდებთ. რუსთაველმა სიბრძნით გადმოსცა იმდროინდელი ეპოქის სიდიადე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო შემდგომი თაობებისა, და ზოგადად, ერის იდენტობის უმთავრესი განმსაზღვრელი.
პოემის სხვადასხვა გამოცემებში სტროფების რაოდენობა შეიძლება იყოს განსხვავებული, ვეფხისტყაოსანი დაახლოებით 1660 შაირისგან (სალექსო სტროფის ფორმა) შედგება – თითო სალექსო წინადადება კი 16 მარცვლისგან. ის მოიცავს მრავალ თემას: სიყვარულს, მეგობრობას, ადამიანურ ღირსებას, სიმამაცეს, სიბრძნეს, მეფობას, ერთგულებასა და უფლის რწმენას.
ვეფხისტყაოსანი ასე იწყება:
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.”
ამ შესავალ სტრიქონებში შოთა რუსთაველი გადმოგვცემს სამყაროს შექმნის უმთავრეს იდეას. იმას, რომ ყველაფრის შემოქმედი ღმერთია. ზეციური და მიწიერი ყველა არსება, სამყაროს მრავალფეროვნება შექმნილია ღვთიური სულით. ანუ, სამყარო არა მხოლოდ მატერიალურია, არამედ მას აქვს სული, რომელიც უფლიდან მოდის.
ნაწარმოების გმირების თავგადასავალი, ტკივილი, სიყვარული და თავგანწირვა დღესაც ცოცხალია. თითოეული პერსონაჟი: ტარიელი, ავთანდილი, ნესტანი, თინათინი, ფრიდონი არ არიან უბრალოდ ზღაპრული გმირები, ისინი არიან სიმბოლოები იმისა, რაც ქართველს აკავშირებს ღირსებასთან და დიდსულოვნებასთან.
„ვეფხისტყაოსნის” ენა და სტილი მუსიკალურია, გაჯერებულია მეტაფორებით, სიმბოლოებითა და სიბრძნით. ის სავსეა სიღრმისეული იდეებით: სამართლიანობა, ერთგულება, თანასწორობა, სულიერი თავისუფლება, ტოლერანტობა. პოემა თარგმნილია მრავალ ენაზე. „ვეფხისტყაოსანი“ თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად.
„ვეფხისტყაოსანი” ქართველების ეროვნული თვითშეგნების უმთავრესი საფუძველია. იგი საუკუნეების განმავლობაში იყო ქართველთა სახელმძღვანელო და მორალური კომპასი. რუსთაველის ფურცლები ქართველს ასწავლიდა ერთგულებას, ღირსებას, სიყვარულს და აძლევდა სიბრძნის მაგალითებს. ეს დღემდე ასეა. სასკოლო პროგრამაში „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლასა და გააზრებას უდიდესი ადგილი ეთმობა.
„ვეფხისტყაოსანი“ არაერთ ოჯახში წმინდა წიგნის გვერდით იკავებს ადგილს. ძველად, ქალს ხშირად ატანდნენ მზითვებში, რადგან ოჯახს სურდა, ახალდაქორწინებულ ქალს ყოველთვის ახლოს ჰქონოდა წიგნი, რომელიც ასწავლიდა, როგორ შეენარჩუნებინა სიყვარული, ერთგულება და ღირსება. ეს ტრადიცია გარკვეულწილად დღესაც შემორჩენილია.
მისმა სტრიქონებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს სულიერი ხიდი თაობებს შორის — დღეს კი, როცა მას წაიკითხავთ, აუცილებლად თავადვე მიხვდებით, რატომ მიიჩნევა „ვეფხისტყაოსანი“ საგანძურად.







