Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

Ipm Tbilisi

Ipm Tbilisi

მდიდარი მუსიკალური ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქალაქი თბილისი, განსაკუთრებული დღესასწაულისთვის ემზადება. 2024 წლის 20-დან 27 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს – IPM Tbilisi უმასპინძლებს და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების შთაგონების კერა გახდება.

“IPM სიურპრიზებით აღსავსე თავგადასავალია მუსიკის სამყაროში – დაუვიწყარი გამოცდილება გველოდება თბილისში! ფესტივალი ახალგაზრდა შემსრულებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის, ფორტეპიანოზე კონცენტრირებული აქტივობების მდიდარ პალიტრას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული შემეცნება, თავდადება და ტრადიციები. ჩვენი მისია და მიზანია: ერთად გადავეშვათ ჯადოსნურ მოგზაურობაში და დავიპყროთ უმაღლესი მწვერვალები მუსიკის ენით.“ – ამბობს პასკალ ნემიროვსკი, IPM-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ჯორჯიან ეარვეისი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ მუსიკალური დღესასწაულის შექმნაში. მათი ხელშეწყობით, მოწვეული მუსიკოს-შემსრულებლები, ევროპის სხვადასხვა წერტილიდან, პირდაპირი ფრენებით უკავშირდებიან თბილისს თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

„ჩვენ გვეამაყება ვიყოთ IPM Tbilisi-ს პარტიორები. გვჯერა, რომ მუსიკის ძალა არღვევს საზღვრებს, აერთიანებს სხვადასხვა კულტურისა და ისტორიის მქონე ადამიანებს. სიხარულით უზრუნველვყოფთ საერთაშორისო მასშტაბის მუსიკოსების მოგზაურობას თბილისში“ – აცხადებს ნატალია გაიაშვილი, ჯორჯიან ეარვეის-ის წარმომადგენელი.

ფესტივალის 80-მდე ახალგაზრდა მონაწილეს გზას გაუკვალავენ მსოფლიო დონის არტისტები და თანამედროვე კლასიკური მუსიკის ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები: პასკალ ნემიროვსკი, მიშელ ბეროფი, ლიზ დე ლა სალი, ლუი შვიცგებელი, პაველ ნერსესიანი, ეთერი ანჯაფარიძე, დავით ალადაშვილი, მანანა გოცირიძე, მეი ზოუ, მარიო მორა, გიორგი ვაჩნაძე, კიომი სუგიმურა, მაჩიეჟ პიკულსკი, დანიელ ლებჰართი და სპეციალური სტუმარი – IMG არტისტების მთავარი მენეჯერი – პიერიგ ეშერი.

ინტენსიური მასტერკლასების, ლექციების, ინდივიდუალური გაკვეთილების, შემეცნებითი შეხვედრების და მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ერთკვირიანი მარათონი შიდა საფესტივალო კონკურსის გამარჯვებულთა გალაკონცერტით დაგვირგვინდება. ლაურეატები მსმენელის წინაშე თბილისის გია ყანჩელის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგებიან, რომელსაც მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

„ჯორჯიან ეარვეისის ხელშეწყობით, საერთაშორისო საზაფხულო ფესტივალი IPM Tbilisi ჩვენს ქალაქს, ერთი კვირით, კლასიკური მუსიკის სამყაროს ეპიცენტრად გადააქცევს. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვუმასპინძლოთ სახელგანთქმულ მუსიკოსებს და მათთან ერთად ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის არტისტების შემოქმედებით განვითარებას. – დავით ალადაშვილი, IPM Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი.

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზები და აუდიტორიები აღჭურვილია Steinway & Sons ფირმის სრულიად ახალი როიალებით, რაც კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ ფესტივალი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

IPM Tbilisi ყველა მონაწილესა და მსმენელს დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალს ჰპირდება.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…