ძველი თბილისი

საქართველოს დედაქალაქი თბილისია. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ V საუკუნეში მიუღიათ. სახელწოდებაც ამ პერიოდისაა. ისტორიულ ფაქტებს უკვდავება ხალხურმა გადმოცემებმა შესძინეს. თბილისის დაარსების ლეგენდაზე თაობები გაიზარდა და ეს ლეგენდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. თურმე, საქართველოს მეფე ნადირობისას, ერთი ვერსიით, მიმინო ხოხობს დასდევნებია, მეორე ვერსიით შველს, ორივე ვერსიაში ნანადირევი ცხელ წყალში ჩავარდნილა და დაფუფქულა, თუმცა, არ დამწვარა და თავი დაუღწევია. ნადირის სასწაულებრივი გადარჩენა, ბუნებრივად გაჩენილი წყლის დამსახურება რომ იყო მაშინვე მიხვდნენ და გოგირდის წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. სახელწოდებაზეც კავშირები თბილ წყალთან მოუძებნიათ და ასე გადაწყდა დედაქალაქს „თბილისი“ დარქმეოდა.
ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა ქალაქი, ამიტომ, მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. მისმა მემკვიდრემ, დაჩი I უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
შემდგომში, იმ ადგილზე, სადაც ლეგენდა დაიბადა, გოგირდის აბანოები გაშენდა. ეს თბილისის ისტორიული უბანი – აბანოთუბანია. აბანოები დღემდე არსებობს და პოპულარულია, როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში, თავისი სამკურნალო და სარელაქსაციო თვისებებით.
აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები, თბილისის ტერიტორიაზე ჩვენ წელთაღრიცხვამდე სიცოცხლეს ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება ვახტანგ გორგასლამდეც იყო. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა, ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში.
ტფილისი – ასე მოიხსენიებდნენ 1936 წლამდე. დედაქალაქი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. ისტორიულად, თბილისი აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტზე მდებარეობს. რუსეთის ჩრდილო კავკასიის, თურქეთისა და სომხეთის, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, სავაჭრო/ სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს ახლაც.
ისტორია ამ ქალაქში, თითქოს, არც იკარგება. ის ასახულია არქიტექტურაში, ქალაქის ლანდშაფტში, და რაც მთავარია, ხალხში. ამიტომაცაა, რომ არსებობს „ძველი თბილისი“ და „თანამედროვე თბილისი“. ერთმანეთისგან 10/15 წუთის სამანქანო გზით დაშორებული, სხვადასხვა ენერგიის მატარებელი დასახლებები. თბილისის ორბუნებობა თავიდანვე განისაზღვრა. ქალაქი დაგეგმარებით გაყოფილია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად.
რა არის ცვალებადი და რა უცვლელი, თითქოს, ამ ქალაქში კარგად იციან. 16 საუკუნოვანი ისტორიის სიმძიმე, თითქოს, იგრძნობა, მაგრამ ამავე დროს, უკიდურესად თანამედროვეა. თანამედროვეობას მხოლოდ არქიტექტურით არ გრძნობ, თბილისი ზემოქმედებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანზე, რადგან ტოლერანტული და მიმღებია.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც შეუძლია ასე უმტკივნეულოდ და უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯული და სარწმუნოება, რომლებიც საქართველოში, უფრო ზუსტად კი, თბილისში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ – სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად გამოსახულები.
ქართული, რომაული, არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული, გერმანული არქიტექტურის ბუნებრივი ნაზავი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის მონაწილეს ხდის დამთვალიერებელს თუ აქ მაცხოვრებელს. მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ამ არქიტექტურულ ჰარმონიაში, უამრავი ისტორიული ძეგლისა და თანამედროვე შენობის აღმოჩენაა შესაძლებელი – ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების, შუა საუკუნეების ტაძრების, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილი ციხესიმაგრეების, მოჩუქურთმებული, ვიტრაჟული თბილისური ეზოების, რომლებიც შერწყმულია XIX-XX საუკუნეების დახვეწილი, ევროპული არქიტექტურის ნიმუშებთან, მუზეუმებთან, სავაჭრო ცენტრებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან და კაფებარებთან.
ეს ქალაქი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც აზია და ისეთივე დახვეწილი, როგორც ევროპა, ასევე, დინამიკური და თვითმყოფადი, როგორც თავად თბილისი.





