Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

გაბრიაძის თეატრი

გაბრიაძის თეატრი

ძველი თბილისის გულში გელით შეხვედრა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის, მხატვრის, მოქანდაკისა და დრამატურგის, რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილ ჯადოსნურ სამყაროსთან. ამ არაჩვეულებრივი, სილამაზითა და სიკეთით სავსე სამყაროს მისამართია – გაბრიაძის თეატრი, შავთელის ქუჩა # 12+1.

რეზო გაბრიაძის მიერ, 1981 წელს დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა ის მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია. ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული გამოცემა – „Le Figaro“ აღნიშნავს: „რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია…“ არსებობის განმავლობაში თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.

თავად რეზო გაბრიაძე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლდათ, მათ შორისაა ხელოვნების დარგში საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი.

რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ „საქართველოს ეროვნული განძი“, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, თეატრის კრეატიული დირექტორი გახლდათ რეზო გაბრიაძის შვილი, რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის კურირებდა მამის შემოქმედებით პროექტებს – ახალი სპექტაკლების დადგმას, გამოფენებს და საგასტროლო ტურებს. 2017 წლიდან ლეო გაბრიაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

2010 წლიდან, თეატრს რეზო გაბრიაძის ესკიზების მიხედვით აშენებული საათიანი კოშკი შეემატა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად იქცა. მის გარშემო ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბება იმისათვის, რომ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ გამოვა ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს ჩამოჰკრავს. დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, მაყურებელს განსაკუთრებული სანახაობა ელის – მცირე თოჯინური წარმოდგენა – „სიცოცხლის წრე“, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ჰყვება სიცოცხლის მარადიული განახლების ამბავს. კოშკის კუთხეში კიდევ ერთი განსაკუთრებული საათია დამალული – მსოფლიოში ყველაზე პატარა საათი კოშკზე.

2019 წელს, ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა Atlas Obscura-მ გაბრიაძის თეატრის კოშკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე მდებარე ყველაზე ლამაზი მონუმენტური საათების ჩამონათვალში შეიყვანა. ამჯერად, გაბრიაძის თეატრის რეპერტუარში შემდეგი სპექტაკლებია: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და „რამონა“.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…