Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან

ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან

ქართული ხალხური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება რეგიონული მრავალფეროვნებითა და ღრმა ტრადიციულობით ხასიათდება. მასში, ხანგრძლივი ისტორიული განვითარების მანძილზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა არის ასახული.

საქართველოში, და მათ შორის აჭარაში, ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელსაქმეს. აჭარაში ნაქარგობა შეადგენდა პატარძლის მზითვის აუცილებელ ატრიბუტს. ქარგვის ტრადიციები აქ ძველიდან მომდინარე, ზოგად ქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია სიუჟეტური მრავალფეროვნება და ორნამენტი. ძირითადად დამახასიათებელი იყო ცხოველური, მცენარეული და ანთროპომორფული სახეები. ასევე გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. საინტერესოა, ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული, სიცოცხლის ხისა და ბორჯღალის სიმბოლოებიც. აჭარულ ნაქარგობას ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულსიმბოლურ ფორმებთან მჭიდრო გადაკვეთები აქვს. ასეთებია: ჯვარი, რომბი, ვარსკვლავი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, ირმები, მიხაკები, მზის სიმბოლოები და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

წარსულში, მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად, მხოლოდ ადგილზე დამზადებული ტანსაცმლით იმოსებოდა. ადგილობრივ ნედლეულს შეადგენდა მატყლი, სელი, კანაფი, თხის ბეწვი, აბრეშუმი. მატყლისგან ქსოვდნენ ხალიჩა-ფარდაგებს, ხურჯინებს, ჩოხა-შალს, ყაბალახებს, ფეშტემლებს (ქალის წინსაფარი), წინდებსა და ხელთათმანებს. ფირფიტებით ფერადი ძაფისაგან იქსოვებოდა ბაღი/ ბაიღები – აჭარელი ქალის კაბის სარტყლები, რომლებიც ფოჩით ბოლოვდებოდა. აჭარაში ნაქარგობის სხვადასხვა ტექნიკები ამშვენებდა, როგორც ქალის სამოსს, ისე აკვნის არტახებს და ინტერიერის დეკორაციებს. ნაქარგობაში, რომელიც უფრო მეტად მცენარეული ორნამენტით ხასიათდება, „წყლის ტექნიკა“ და ფიგურების ამოვსების „ამოხვევის“ მეთოდი გამოიყენებოდა. იშვიათად, თუმცა ზოგან გვხვდება ჯვრული ტექნიკაც, რომელიც უფრო მეტად აღმოსავლეთის მთიანეთისთვისაა დამახასიათებელი. ნაქარგობის გასაფორმებლად, ასევე გამოიყენებოდა წვრილი მძივები. თეთრი ქსოვილებისგან მზადდებოდა ჭვირული, მაქმანისებრი ნაქარგით გაფორმებული თეთრეული, ფარდები, სუფრები და სხვა.

ქსოვილების სამზითვო დანიშნულება ხშირად განსაზღვრავდა მათი მორთულობის მოტივებს, რომელიც თავის მხრივ, გამრავლების, ნაყოფიერების და ოჯახის კეთილდღეობის თემას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ისინი უშუალო კავშირშია ქორწინების თემასთან, ოჯახისა და კერიის უძველეს სიმბოლოებთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა, თეთრი ბამბის ქსოვილზე შესრულებული კედლის საკიდები, ე.წ. „დაროშკები“, რომლებიც აჭარულ სახლებში როგორც წესი, კედელზე წყვილად და ირიბად კიდია. ამ ქსოვილებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ფერადოვანი კომპოზიციები, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებებით.

ქსოვილების გაფორმებაში განსაკუთრებით პოპულარულია ფრინველები, რომლებიც ცენტრში მოთავსებული მცენარის აქეთ-იქით გამოისახება. მათ შორის არის მამლები, ფარშევანგები და სხვა ჩიტები. ფრინველი სამყაროს ღერძის უმაღლეს წერტილში მობინადრე არსებაა, რომელიც სააქაოსა და საიქიოს დამაკავშირებელი მედიატორია, მაშინ, როდესაც უკვდავების, მარადიულობის სიმბოლოა ფარშევანგი (ფასკუნჯი, ფენიქსი), რომელიც გაზაფხულობით ბუმბულს იახლებს, ხოლო მისი გაშლილი კუდი სიცოცხლის ხესთან გაიგივებული მოტივია.

აჭარის ყოფაში შემონახულ ქსოვილებში განსაკუთრებით პოპულარული სახეა ირემი, რომელიც ხალხურ წარმოდგენებში სხვადასხვა სკნელთა შემაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს და თავისი გატოტილი რქებით სიცოცხლის ხის სახეა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ქართული ზღაპრებიდან, სადაც ხშირად ვხვდებით ირმის სახეს, რომელსაც რქებით ცის კაბადონი უჭირავს.

აჭარის ყოფაში შემონახული ქსოვილების ორნამენტების თავისებურებები აჩვენებს უძველეს არქეტიპულ სახეებს, მათ სიცოცხლისუნარიანობას, რისი შენარჩუნებაც, დიდწილად, მთის რეგიონში შემორჩენილმა ცხოვრების ტრადიციულმა წესმა განაპირობა. სოფლებში, დღესაც, არაერთი ოსტატია, რომელიც ტრადიციული ტექნიკით მუშაობს და წინაპრებისგან გადმოცემულ ცოცხალ მემკვიდრეობას აგრძელებს.

საქარგავად აჭარლები, ძველად, აბრეშუმის ძაფს იყენებდნენ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ღებავდნენ. გამოიყენებოდა, ასევე, უკვე ხმარებიდან გამოსული ნაქსოვი ტანისამოსის ძაფებიც. ამ ფერადოვანი ქსოვილების ასამდე სახელწოდებაა შემორჩენილი. მაგალითად: გრეხილაჲ, ჩიტითვალაჲ, ჯვარაჲ, კუჭაჲ, პრუნჭიაჲ, ტრედიფეხაჲ და სხვ.

ასევე, პოპულარობით სარგებლობს „მუჟდე“ ბალიში (“muzhde” pillow), მას ქორწილის მახარობელ ვაჟს ატანდნენ, რომელიც დედოფლის მიერ სპეციალურად იყო შეკერილი და დაქარგული. ეს პატარა ბალიში სიმბოლო იყო სიხარულის, სასიხარულო ცნობის.

ზემო აჭარაში ტრადიციულის შემონახვის, გაფრთხილების და ამ საქმის მომავალი თაობებისთვის გადაცემის კულტურაზე, ყველაზე უკეთ აქვე გაჩენილი ანდაზა მეტყველებს – „ახალი წინდის მოქსოვამდე ძველს ნუ დაანგრევო“.

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

ნიკო ფიროსმანი
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.