Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

ტრაგიკული ცხოვრება და დიდი აღიარება

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.

მათი ავტორია ნიკო ფიროსმანი, სრული სახელითა და გვარით – ნიკო ფიროსმანაშვილი. მხატვრის შემოქმედება მრავალფეროვანია – მას სუფრის სცენების და სოფლის ბუნების ხატვა უყვარდა. იშვიათად თუ დახატავდა ქალაქის პეიზაჟებს, თუმცა, ხშირად გამოსახავდა თბილისის მაცხოვრებლებს: მედუქნეებს, კინტოებსა და მოცეკვავეებს. ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ცხოველთა გამოსახულებებს. ის ასევე, დაინტერესებული იყო ისტორიული თემებითა და სახეებით. ფიროსმანის სურათები წინა საუკუნეების ქართული ხელოვნებითაც არის შთაგონებული.

ნიკო ფიროსმანის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია „მეეზოვე“. გადმოცემის მიხედვით, ნიკალამ, როგორც მას ახლო ნაცნობები ეძახდნენ თბილისში, კარგად ცნობილი, წვერგაბურძგნული, კეთილი ქურთი მეეზოვე დაგვიხატა. ამბობენ, რომ ამ ადამიანს მხატვარზე დიდი ამაგი ჰქონდა და როდესაც ნიკალა მარგარიტას დაშორდა, სწორედ, ამ კეთილმა მეეზოვემ შეიფარა თავის პატარა საცხოვრებელში.

„აქტრისა მარგარიტას“ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ნახატი, რომელზეც ფრანგი ქალია გამოსახული, მხატვრის ცხოვრებაში რეალურად არსებობდა. მათი სიყვარულის ისტორია ბევრისთვისაა ცნობილი. ამბობენ, რომ ისინი 1905 წელს, თბილისში, მუშთაიდის ბაღში გამართულ კონცერტზე შეხვდნენ. გადმოცემის მიხედვით, ნიკო მაშინვე მოხიბლულა ფრანგი მსახიობით და ერთი წლის განმავლობაში რომანიც კი ჰქონიათ. თუმცა, მარგარიტას დიდხანს ვერ გაუძლია უბრალო და ღარიბ მხატვართან, მიატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. ნიკოს იმდენად ჰყვარებია მარგარიტა, რომ მთელი თავისი ქონება გაუყიდია და გულისწორისთვის ვარდებით დატვირთული ურმები გაუგზავნია. ეს ისტორია დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა, ერთი რამ ცხადია – 1969 წელს, როცა პარიზში, ლუვრში ფიროსმანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, აქტრისა მარგარიტას პორტრეტთან ერთი ხნიერი ქალბატონი შეჩერდა. ეს იყო ფრანგი მოცეკვავე, მარგარიტა დე სევრი, რომელიც საქართველოში გასტროლებით ჩამოსული ნამდვილად ყოფილა.

იქამდე კი, სანამ ფიროსმანი დარდს ებრძოდა, თურმე, მეეზოვე მის დახმარებას ყველანაირად ცდილობდა. ნიკო კიბის ქვეშ მოწყობილ საცხოვრებელში უამრავ დროს ატარებდა და მთელი დღეები ხატავდა. მეეზოვეს მასთან საჭმელი მიჰქონდა და ცდილობდა მისთვის ცხოვრების ინტერესი დაებრუნებინა. ერთ დღესაც, მხატვარმა მას სურათი დაახვედრა. ეს სწორედ ის ცნობილი პორტრეტი „მეეზოვე“ ყოფილა.

რაც შეეხება, თავად ნიკო ფიროსმანის რთულ ცხოვრებას, ის თვითნასწავლი მხატვარი იყო. მისი ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია. კახეთში, სოფელ მირზაანში, სავარაუდოდ, 1862 ან 1863 წელს არის დაბადებული. მას ორი უფროსი და ჰყავდა. ნიკო 8 წლის იყო, როცა დაობლდა და თბილისში მდიდარ ოჯახში მსახურად მოეწყო. ნიკოს იქ კარგად ექცეოდნენ, პატარა ფიროსმანი სახლის კედლებს საკუთარი ნახატებით აჭრელებდა. მოგვიანებით, ნიკალას ამ ოჯახის დატოვება მოუწია.

1880 წელს ფიროსმანმა ფერწერის სახელოსნო გახსნა და მაღაზიებისა და დუქნებისათვის აბრებს ხატავდა. სამი წლის თავზე, ნიკალა, რკინიგზაზე მატარებლის გამცილებლად მოეწყო. ის ამ პერიოდშიც ხშირად ხატავდა. ავადმყოფობის გამო, დროებით, სამსახურის დატოვება მოუწია, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, სამსახურში აღარ დააბრუნეს.

ფიროსმანის ყოველდღიურობა დიდ გაჭირვებასთან იყო დაკავშირებული. ის ხან ერთ მედუქნესთან აფარებდა თავს, ხანაც მეორესთან. ცხოვრების საფასურს კი ხშირად საკუთარი ნახატებით იხდიდა. ნიკო პურისა და ერთი ჭიქა ღვინის ფასად ხატავდა აბრებსა და სურათებს.

მიუხედავად გაჭირვებისა, საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რასაც მისი ნამუშევრები მოწმობს. მას კარგად უნდა სცოდნოდა, როგორც ქართული, ისე მსოფლიო ისტორიული ფაქტები. რამდენიმეჯერ აქვს შესრულებული „თამარ მეფის“ და „შოთა რუსთაველის“ პორტრეტები. ასევე, „წმინდა გიორგი“, „გიორგი სააკაძე“. მას იაპონიის ომის სცენაც აქვს დახატული.

მიუხედავად ხელმოკლე ყოფისა, ის საკმაოდ ამაყი ადამიანი იყო, რის გამოც მეტსახელად „გრაფსაც“ ეძახდნენ.

ფიროსმანის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1916 წელს, მას სახლში მხატვარი ლადო გუდიაშვილი ესტუმრა. მისი გადმოცემიდან ვიგებთ, რომ ნიკალა სახატავ მასალად ნავთის ნამწვავს აგროვებდა. თავად მას კი მთელი სამოსი გაშავებული ჰქონია. ერთხელ, ლადო გუდიაშვილმა ფიროსმანი მხატვართა შეკრებაზე დაპატიჟა, ამაყ ფიროსმანს კი უარი უთქვამს – ამ ფორმით ხალხში ვერ გამოვჩნდები, ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო. შემდეგი შეხვედრა მათ მაშინ ჰქონდათ, როდესაც მხატვართა კავშირს გადაუწყვიტავს, ნიკოსთვის 200 მანეთი ეჩუქებინა. ლადო გუდიაშვილი მას ყველგან ეძებდა. ერთ დღესაც დაუნახავს, რომ ბავშვები ერთი ოთახის კარს ქვებს ესროდნენ. კაცს, რომელსაც ბავშვები აბუჩად იგდებდნენ, ნიკო ფიროსმანი ყოფილა. ლადო გუდიაშვილმა კარზე დააკაკუნა და ნიკომ კარი გაუღო. ის იხსენებს: „ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და საღებავიანი ჭუჭყიანი შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უბნის მცხოვრები. ამოვიღე ფული და გადავეცი. ნიკო შეჩერდა და გაქვავდა. ხმა ვერ ამოიღო. არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა.“ ის, ასევე იხსენებს, რომ დიდ მხატვარს ერთი სურვილი ჰქონდა – ფიროსმანი ოცნებობდა უზარმაზარ სახლზე, სადაც უამრავ ხალხს დაპატიჟებდა და ფინჯან ჩაისთან, ხელოვნებაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრებდა.

დიდი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 1918 წელს 56 წლის ასაკში, ბნელ, მიტოვებულ სარდაფში გარდაიცვალა. მას საკუთარი შვილები და ოჯახი არ ჰყოლია. მისი საფლავი დაკარგულია. ფიროსმანს აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხვდა წილად, დღეს კი მისი მხატვრობა ქართველებისთვის შეუფასებელია.

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების შემდეგ, მხატვრის სურათების მოგროვებაში, მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის შესწავლაში თუ პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ეროვნებით პოლონელ, საქართველოში მცხოვრებ ძმებს – ილია და კირილ ზდანევიჩებს. ასევე, ფრანგ მხატვარ ლე დანტიუს, რომელსაც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, თან წაუღია ფიროსმანის რამდენიმე ნახატი. მისი ნამუშევრების მოგროვებაში, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის დიმიტრი შევარდნაძეს. მხატვრის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ცნობები კი მწერალმა გიორგი ლეონიძემ მოიძია.

70-იან წლებში, თბილისში ფიროსმანის ძეგლი დაიდგა. მშობლიურ სოფელში, მირზაანში კი ფიროსმანის მუზეუმი გაიხსნა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო. დღეისათვის, მხატვრის 146 ნამუშევარია დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 16 ტილო სიღნაღის მუზეუმში, ხოლო 14 ნამუშევარი სოფ. მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმშია გამოფენილი.

თბილისში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ნახვა რუსთაველის 11 ნომერშია შესაძლებელი – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის, ეროვნულ გალერეაში, რომელიც ხალხში „ცისფერი გალერეის“ სახელითაა ცნობილი. მუზეუმის ფონდი თანამედროვე ქართული კულტურის 30 ათას ექსპონატს ინახავს, მათ შორის, ფერწერის, გრაფიკის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნიმუშებს. ძირითად კოლექციას კი სწორედ მე-20 საუკუნის კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნამუშევრები წარმოადგენს. მათ შორისაა ნიკო ფიროსმანის მდიდარი კოლექციაც.

ცისფერი გალერეა თბილისის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის 1920 წელს საქართველოს სამხატვრო გალერეის სახელით დაარსდა. შექმნის ინიციატორი და პირველი დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე გახლდათ. გალერეაში პირველი ექსპოზიციაც იმავე წლის ოქტომბერში გამოიფინა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკაც პირველივე წლებში გამოიკვეთა – აქ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქართული და უცხოური, ძველი და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ყველა ის გამორჩეული ნამუშევარი, რაც შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

აჭარა
მოგზაურობა

აჭარა

საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული კუთხე აჭარაა, თვალისმომჭრელი მრავალფეროვანი ბუნებით, შავი ზღვის ენერგიით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აქ მთა და ზღვა, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და…