ოკუპირებული სოხუმიდან ბალენსიაგამდე რევოლუციონერი დემნა გვასალია

90-იანი წლების საქართველოს ცხოვრებით შთაგონებული დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიის რევოლუციონერად იქცა. Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი მოდის წესებს არღვევს და ფართო ასპარეზზე წარმოაჩენს იმ ხედვას, რაც მისთვის ორგანულია, სხვებისთვის კი სიახლე. შემდეგ, მთელი მსოფლიო ერთდროულად იწყებს დემნა გვასალიას კოლექციებზე საუბარს.
მსოფლიო ბრენდის ჩვენებების კონცეფცია ყოველთვის დაკავშირებულია დემნა გვასალიას დაბრკოლებებით სავსე ცხოვრებასთან. ამიტომაც, ჩვენებაზე მისული მოდის მოყვარულები ხან „ტალახს“ შეხვდებიან, ხანაც „დიდ ტბორს“.
ბრენდის სამოსი უხეში სილუეტებით, არაორდინალური ფორმის ფეხსაცმელებითა და აქსესუარებით ხასიათდება. დიზაინერი რეალური ისტორიების შთაგონებით ქმნის სამოსს, პოდიუმზე გამოჰყავს რიგითი ადამიანები, ხმამაღლა აცხადებს, რომ გიჟური იდეები მის გონებაში მრავლად არის, თუმცა, ყოველთვის ელოდება შესაფერის დროს, მსოფლიო გააოცოს და კიდევ ერთხელ აალაპარაკოს.
ასე აალაპარაკა ყველა 2019 წელსაც. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბრენდ Vetements-ის სათავეში იყო, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია სამშობლოს მიუძღვნა და საზოგადოებას საკუთარი ბავშვობის ისტორია გააცნო. სწორედ ამ ჩვენებაზე იხილეს მოდის მოყვარულებმა საქართველოს დროშის პრინტით შექმნილი სამოსი და ბოლო ზარის მაისურები.
დემნა გვასალიას საქმიანობამ საქართველოს ადგილი მოდის ინდუსტრიაში სიამაყით მონიშნა. მისი კოლექციის მაისურებზე ხშირად ამოიკითხება ქართული ლექსები თუ ციტატები. ასევე, გადმოცემულია 90-იანების ჩაცმის სტილი.
Vetements-ის შემქმნელისა და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის ისტორია სოხუმიდან იწყება. დემნა 1981 წლის 25 მარტს სოხუმში დაიბადა. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხატვითა და ტანსაცმლის დიზაინით. მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლები აფხაზეთის ომის პერიოდს დაემთხვა. ის საქართველოში 17 წლამდე ცხოვრობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მცირე ხნით „საქართველოს ტელევიზიაში“ მუშაობდა.
რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, დემნას ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ოჯახს სურდა, რომ დემნას ბანკში დაეწყო მუშაობა, თუმცა, დიზაინერმა გადაწყვიტა, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა დაეწყო და ბელგიაში, ანტვერპენში, ხელოვნების აკადემიაში, Royal Academ Of Fine Artsში, სწავლა დაიწყო. 800 მსურველიდან მხოლოდ 70 მოსწავლე მიიღეს. მათ შორის იყო დემნაც. პირველი კურსის ბოლოს კი 16 რჩეულ სტუდენტში მოხვდა.
მოდის სფეროსთან აქტიური შეხება აკადემიის დასრულების შემდეგ იწყება. პირველი კოლექცია 2007 წელს, ტოკიოს მოდის კვირეულზე წარადგინა. 2009 წლიდან კი მეისონ მარჯიელას ქალისა და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად მუშაობდა. ბრენდთან 3 წელი იმუშავა. შემდეგ, Louis Vuitton-ის გუნდს შეუერთდა. 2014 წელს ძმასთან, გურამთან ერთად შექმნა საკუთარი ბრენდი “Vetements“. 2015 წლის ოქტომბერში გვასალია დანიშნეს Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად, თუმცა, Vetements-ში 2019 წლამდე აგრძელებდა დიზაინერად მუშაობას. დღესდღეობით, ბრენდს მისი ძმა გურამ გვასალია ხელმძღვანელობს.
გასაკვირი არაა, რომ დიზაინერს არაერთი მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ჯილდო მიუღია. 2016 წელს გამოცემამ სახელწოდებით Business of Fashion ქართველი დიზაინერი „წლის პერსონად” აღიარა. მას გარეკანს უთმობენ ისეთი გამოცემები, როგორიც არის, მაგალითად, Fantastic Man. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, Fashion Awards-ის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი. 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქსკლასის ბრენდად დაასახელეს. დიზაინერის მორიგი მსოფლიო აღიარება 2017 წელს მოხდა, როდესაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა. მოდის სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან Met Gala-ს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ცნობილი ვარსკვლავები ხშირად ჩნდებიან დემნა გვასალიას არაორდინარული სამოსით. 2022 წელს დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის სტატუსიც მიენიჭა.
მის წარმატებას იზიარებენ და საყვარელ დიზაინერად მოიხსენიებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. დემნა გვასალიას სამოსს ირგებენ დები კარდაშიანები, დები ჯენერები, დები ჰადიდები, რიანა და სხვები.
დემნას წარმატებული ცხოვრება სკანდალებთანაცაა დაკავშირებული. 2022 წელს „ბალენსიაგა“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მიზეზი ბრენდის სადღესასწაულო კამპანიის ფოტოები გახდა, სადაც ბავშვები მონაწილეობდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლუშის დათვები გამჭვირვალე სამოსითა და ტყავის აღჭურვილობით, რაც საზოგადოებაში გარყვნილებასთან ასოცირდება. ამის გამო დემნამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
დემნა გვასალია ინტერვიუში აღნიშნავს: „მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზე. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში საქართველოცაა. ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. ესაა ჩემი განაცხადი, რომ მე ამ ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემი წარსულია, ეს ასე მოხდა… ეს არ ყოფილა ყვავილებიანი და პეპლებიანი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა… ეს იყო ომი და ნამდვილად ძალიან, ძალიან მძიმე დროება“.
ქართველი დიზაინერი უარყოფს დოგმებს და ჩარჩოებს. დემნამ უარი თქვა მოდის კვირეულებში მონაწილეობაზეც. მისი მოდელები მხოლოდ Haute Couture-ის ჩვენებებზე გამოდიან.




