ჯაზ-ფესტივალი

როცა საქართველოში უშუქობა და სიღარიბე იყო გამეფებული, როცა მოსახლეობის უმრავლესობის ამოცანა გადარჩენა იყო, სწორედ მაშინ, დედაქალაქში ჯაზ-ფესტივალი გაიმართა და ქვეყანა მუსიკის ჰანგებმა გამოანათა.
გაიოზ კანდელაკი – ეს ის ადამიანია, რომელმაც 1978 წლის მარტში საქართველოში პირველი ჯაზ-ფესტივალის გამართვის საკითხი ითავა. მაშინ თბილისს საბჭოთა იმპერიის რვა რესპუბლიკის ცამეტი ქალაქიდან ოცდასამი ჯაზ-შემსრულებელი ეწვია. ეს იყო სსრკ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზფესტივალი, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. გაიოზ კანდელაკთან ერთად კი ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის წევრებმა – ევგენი მაჭავარიანმა, ბორის პეტროვმა და თამაზ ყურაშვილმა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
შემდეგ იყო 1986 წლის გაზაფხული, რიგით მე-2 ჯაზ-ფესტივალი. ისიც 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მუსიკოსებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსები.
თბილისმა რიგით მესამე ჯაზ ფესტივალს 1989 წლის შემოდგომაზე უმასპინძლა. აი, აქ უკვე ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც გამოჩნდნენ. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის განწყობაზე ასზე მეტმა მუსიკოსმა იზრუნა. მათ შორის იყვნენ: ფრედი ჰაბარდი, ჯიმი სმიტი, არტ ბლეიქი და რა თქმა უნდა Sun Ra.
მომდევნო წლებში ჯაზ-ფესტივალების ჩატარებას ხელი შეუშალა ქვეყნისთვის რთულმა სოციალურპოლიტიკურმა მდგომარეობამ. 90-იან წლებში ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა, თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოს, 1998 წელს „ისთერნ პრომოუშენსის“ კომპანია დაარსდა და 2000 წლიდან თბილისის ჯაზფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, „ისთერნ პრომოუშენსის“ გუნდი მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლა და 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“. 2016 წლიდან იწყება კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი და 2024 წლიდან სამ სეზონს დაემატა მეოთხე ფესტივალი “Winter Jazz”.
წლების განმავლობაში ჯაზფესტივალების სტილი განსხვავებულია. ყველა ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიო ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჰერბი ჰენკოკი, ქუინსი ჯონსი, ელ ჯერო, რობერტ პლანტი, ჯემიროქუეი, ჯო კოკერი, ჯორჯ ბენსონი, ჯექობ კოლიერი, კორი ჰენრი, ჯორჯ კლინტონი, პეტ მეტენი, დაიანა კროლი, მარკუს მილერი, ერიკა ბადუ, ნატალი კოლი, სტენლი კლარკი, მეისი გრეი, სნუპ დოგი, ფროდიჯი, ბასტა რაიმსი, და მრავალი სხვა.
უცხოელ ვარკვლავებთან ურთიერთობა სხვადახვა საინტერესო ფაქტებით არის ხოლმე დახუნძლული. ჩვენ რამდენიმე მათგანს მოგიყვებით:
მაგალითად, პირველად 2006 წელს, როცა ჯემიროქვაი საქართველოს ესტუმრა, ჯეი ქეიმ საკუთარი მოტოციკლიც კი ჩამოიტანა, საღამოს თბილისის ქუჩებში გასასეირნებლად. ჯემიროქვაიმ საქართველო საოცარი შთაბეჭდილებებით დატოვა, ამას ერთი ფაქტიც მოწმობს. ლონდონში ერთერთ კაფეში გვერდზე სუფრასთან ქართველები სადილობდნენ, ჯეი ქეის დანახვაზე მუსიკოსს გამოელაპარაკნენ და ფოტოს გადაღება სთხოვეს. ვარსკვლავმა რომ გაიგო უცნობები რომელი ქვეყნიდან იყვნენ, ფოტოს გადაღებაზეც დათანხმდა და მთელ რესტორანში ხმამაღლა ამბობდა „საქართველო საუკეთესო ქვეყნაა მსოფლიოშიო“. მისი წასვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ქართველები სადილზე ჯეი ქეის დაუპატიჟებია.
ჯეიმს ბრაუნი თბილისში 1999 წელს ჩამოვიდა. მსმენელს „ლაგუნა ვერეს“ კომპლექსში შეხვდა. კონცერტის ბოლოს კი აუზში თავით გადაეშვა. მას გადარჩენა დასჭირდა. იმ მომემტში „ისთერნ პრომოუშენსის“ ერთ-ერთი წევრი კახა კანდელაკი გადახტა მის საშველად. ამის შემდეგ, ლეგენდამ მადლობის ნიშნად მაისური აჩუქა წარწერით „ჩემს ძმას ჩემს გადამრჩენელს!“ მოგვინებით ჯეიმს ბრაუნის მენეჯერმა კახა კანდელაკს უთხრა, რომ ის იყო პირველი თეთრკანიანი ადამიანი ვისაც სოულის ნათლიმამამ „ძმა“ უწოდა.
კიდევ ბევრი საინტერესო ამბის მომსწრეა ფესტივალების ისტორია, თუმცა, აქ მხოლოდ ამ ორს ვიხსენებთ.
ამ ტრადიციულმა ფესტივალებმა გზა გაუხსნა ისეთ დიდ პროექტებს, როგორიცაა MTV ლაივი, ჩეკინ ჯორჯია, A კლასის სტადიონისა და არენას შოუები, კერძოდ ენიო მორიკონე, რობი ვილიამსი, სტინგი, მაროონ 5, ენრიკე იგლესიასი, შაკირა, აეროსმიტი და მრავალი სხვა, ასევე ხელი შეუწყო კოლაბორაციებს ქართულ ორკესტრებსა და უცხოელ ვარსკვლავებს შორის.
ჯაზფესტივალების დამსახურებით საქართველო მსოფლიო შოუ ბიზნესმა გაიცნო.
წელს კი ბათუმში, 26-28 ივლისს მე-17 ფესტივალის ჰედ ლაინერი იქნება მსოფლიო პოპის სუპერ ჯგუფი THE JECKSONS თავისი გრანდიოზული შოუთი და ცნობილი ჰიტებით: ABC, I Want You Back, I’ll Be There და ა.შ.
12 ოქტომბერს კი ჯაზის მოყვარულებს Jazz and Wine ელოდება.









