Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია და ქართული საფეხბურთო ისტორიის ახალი ეტაპი

ხვიჩა კვარაცხელია და ქართული საფეხბურთო ისტორიის ახალი ეტაპი

ქართული ფეხბურთი დიდი და საინტერესო ისტორიის მატარებელია, რომელმაც თავისი არსებობის განმავლობაში ფეხბურთის ქომაგებს არაერთი გამარჯვების ყიჟინა, სიხარული, აღტაცება და განუმეორებელი ემოციები აჩუქა. 26 მარტს, საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებით, ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცლის წერა დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივარს დაუვიწყარი სიხარული, ერთიანობის განცდა აჩუქა და მათი გულები იმედით აავსო. საქართველოს ნაკრები ევროპაზეა! ამ სიტყვების ხსენებისას სიამაყე თითოეული ქართველის თვალებში იკითხება და იგრძნობა. ჩვენი ბიჭები ჯგუფში თამაშს არ დასჯერდნენ და გერმანიაში სასწაული მოახდინეს – პირველ თამაშში თურქებთან დასანანი მარცხი იწვნიეს, შემდეგ, ჩეხებთან ყაიმი და ბოლოს, პორტუგალიელები, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლებით, 2-0 დაამარცხეს. ქართველები ყველასთვის მოულოდნელად მერვედფინალში გავიდნენ. ასაღნიშნია ის ფაქტიც, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეგოლე გიორგი მიქაუტაძე გახდა, მან სამივე თამაშში შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადე. ასევე, საოცრად ითამაშა ჩვენმა კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მოგერიებული ბურთების რაოდენობით საუკეთესოა. მამარდას საოცარმა თამაშმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღეს იგი ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა სატრანსფერო ბაზარზე.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების სხვადასხვა თაობას მუდამ თან სდევდა, ეს დღე კი 2024 წლის 26 მარტს დადგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგების ღრმა ბავშვობიდან დაწყებული ოცნება, ამ მიზნისკენ დაუღალავი შრომის და მისწრაფების შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიამაც აისრულა. 23 წლის ფეხბურთელმა, არამხოლოდ საკუთარი ოცნების ასრულება შეძლო, არამედ ქართველი ფეხბურთის ქომაგები განახლებული შემართებით გააერთიანა, კვარას თამაშის დროს ეკრანს მიაჯაჭვა და ქართული ფეხბურთის წინსვლის და განვითარების იმედი დაუბრუნა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელობა ბავშვობაში, Real Madrid-ის თამაშის ყურების დროს აირჩია. საბოლოო გადაწყვეტილება, რომ თავის ცხოვრებას ფეხბურთს დაუკავშირებდა და დიდი ფეხბურთელობისთვის ყველაფერს გააკეთებდა, დინამოს აკადემიაში 12 წლის ასაკში მიიღო. 2022 წლიდან, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თავდამსხმელია. ნეაპოლურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთი წარმატება მოუტანა: 33 წლის შემდეგ მოაპოვებინა სანატრელი სკუდეტო; კლუბი გაიყვანა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე; ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს 2022/23 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ასევე მოიპოვა ჩემპიონატთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო. ამ წარმატებამდე და მის მიღმა, ფეხბურთელის კარიერულ ცხოვრებაში საინტერესო, გამოწვევებით სავსე გზა და თავდაუზოგავი შრომა დგას, რომელსაც ფეხბურთის სიყვარული ასაზრდოებს.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, თავისუფლება მისთვის სტადიონზე გატარებული დროა. მოედანი კი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობს.

„ფეხბურთი ყოველთვის გიბრუნებს უკან იმ შრომას და თავდადებას, რასაც მასში დებ.“ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება, ფასეულობები და მისი დამოკიდებულება არაერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის მაგალითია იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს შრომას. თავად ფეხბურთელის მოტივაცია, ფეხბურთის სიყვარული, მისი ოჯახის ბედნიერება, კეთილდღეობა და ის პატარა ბავშვები არიან, რომლებსაც კვარაცხელიას მაისური აცვიათ და ეზოში ფეხბურთს თამაშობენ.

საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ტოკიოს შემდეგ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, ისტორიაში მესამედ, პარიზი იქნება. ბოლოს პარიზმა ოლიმპიადას ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წელს უმასპინძლა, სულ პირველად კი 1900 წელს. აღსანიშნავია, რომ ლონდონის შემდეგ პარიზი მეორე ქალაქი გახდა, რომელსაც უდიდესი სპორტული ფორუმის მასპინძლობის საშუალება სამჯერ ჰქონდა. „Paris 24“ 26 ივლისს გაიხსნება და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ოფიციალური დახურვის დღედ 11 აგვისტოა ჩანიშნული.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მოსაპოვებლად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და სპორტული სახეობის 1 500-მდე სპორტსმენი, სპორტის 32 სახეობაში, სულ კი 48 დისციპლინაში იბრძოლებს. შეჯიბრებები ქალაქის ცენტრში, მდინარე სენას გასწვრივ და ისტორიულ შენობებში ჩატარდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საპოლიციო დანაყოფები ახლაც გადიან წვრთნებს მდინარე სენაზე, სადაც გახსნის ცერემონია გაიმართება. ბოლო ცნობებით, საფრანგეთის დედაქალაქში ჩასული სპორტსმენებისა და სტუმრების უსაფრთხოებას ყოველდღიურად 30 000 პოლიციელი დაიცავს. გახსნის ცერემონიაზე კი წესრიგს 45 000-ზე მეტი სამართალდამცავი უზრუნველყოფს. პოლიციას ასევე დაეხმარება ქვეყნის შეიარაღებული ძალების 18 000-ზე მეტი წარმომადგენელი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიგით მერვე იქნება. ოფიციალურად, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ოთხი ოლიმპიური ლიცენზიაა. ტრადიციულად, მედლების მოლოდინი გვექნება ჩვენთვის უკვე კარგად ნაჩვევ და დიდი ისტორიის მქონე სახეობებში: ძალოსნობა, ძიუდო და ჭიდაობა.

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

ნიკო ფიროსმანი
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.