სვანეთი
საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარე

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ მწვერვალები და ციხე-კოშკები იზიდავს. ის თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლოა. სვანეთი მრავალფეროვანია კულტურის ძეგლებით, ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და საუცხოო ბუნებით. ამიტომაცაა, რომ ეს მხარე ერთნაირად იზიდავს, როგორც კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე მთამსვლელებსა და მოთხილამურეებს.
სვანეთში მოხვედრა სირთულეს არ წარმოადგენს. აქ შესაძლებელია, როგორც პირადი ავტომანქანით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ვერტმფრენით ჩასვლა. ტურისტებისთვის სვანეთში ერთ-ერთ აქტუალურ ლოკაციას მესტია წარმოადგენს. აქ მრავლადაა სასტუმროები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის დამსვენებელზეა გათვლილი. ვიზიტორები ისტორიულ კოშკებშიც კი იპოვიან დასარჩენს.
პირველი, რაც აქ ჩასულ ვიზიტორს თვალში მოხვდება, სვანური კოშკია, რომელიც ერთგვარად, რეგიონის ლანდშაფტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. შუა საუკუნეების ქვის ნაგებობები, როგორც წესი, სამიდან ხუთ სართულამდეა. კოშკები თავდაპირველად, მე-9 და მე-13 საუკუნეებში, თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და დამპყრობლებისა და სტიქიური უბედურებებისგან დასაცავ თავშესაფარს წარმოადგენდა. დღეს ეს კოშკები რეგიონის სიძლიერისა და მდიდარი ისტორიის ერთგვარი სიმბოლოა.
დღესდღეობით, სვანური კოშკები თანამედროვე ცხოვრებასთან ინტეგრირებულია. ზოგიერთი მათგანი უნიკალურ საცხოვრებელ ადგილად გადაკეთდა და ვიზიტორებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს სვანეთის უნიკალურ ისტორიას უკეთ გაეცნონ. კოშკში ერთი ღამის გათენებაც კი კარგად შეგაგრძნობინებთ სვანეთის ხალხის ცხოვრებასა და თავისებურებებს.
მესტიაში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება ყველასთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობით. მუზეუმი მდიდარია კოლექციების მრავალფეროვნებით. აქ დაცულია: უძველესი ხელნაწერები, ხატები, ნუმიზმატიკური მასალები და ეთნოგრაფიული ნივთები, მათ შორის, ტრადიციული სვანური სამოსის ნიმუშები.
მუზეუმში მოთხრობილია სვანეთის ისტორია, რომელიც მოიცავს ადრეული დასახლების პერიოდს და გვიამბობს შუა საუკუნეების ქართულ სამეფოში სვანეთის როლის შესახებ. მუზეუმში დაცულია სვანური ყოფის, კულტურისა და რწმენა-წარმოდგენების ამსახველი მრავალფეროვანი კოლექციები.
სვანეთის გაცნობა წარმოუდგენელია ქართული ალპინიზმის დაბადებისა და განვითარების ისტორიის გარეშე. სვანეთს თავისი რელიეფი და მწვერვალები ალპინისტების სამოთხედ აქცევს. აქ მთამსვლელები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. როდესაც სვანეთზე და ალპინიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ალპინისტი — მიხეილ ხერგიანი. მას მოიხსენიებენ და იცნობენ, როგორც „კლდის ვეფხვს“. მიხეილ ხერგიანი მესტიაში 1932 წელს დაიბადა. გამორჩეულმა ალპინისტურმა უნარებმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა და ქართული მთამსვლელობის სიმბოლოდ და ლეგენდად აქცია. იგი 1969 წელს, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, დოლომიტის ალპებში ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს, მიხეილ ხერგიანის საცხოვრებელ სახლში მისი სახლ-მუზეუმია მოწყობილი.
მუზეუმი ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ხერგიანის ცხოვრებას და მიღწევებს, ნახონ მისი მემორიალური ნივთები, ფოტოები და ალპინისტური აღჭურვილობა.
რაც შეეხება თოვლზე სრიალს, აქ სრიალის მოყვარულებისთვის ორი არჩევანია. სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე საუბრით დავიწყოთ, რომელიც პირველი სასრიალო მიმართულებაა მესტიაში. აქ საშუალო სირთულის ტრასების გარდა, გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობაცაა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ „ფრი რაიდინგის“ მარშრუტები მარკირებული არ არის, ამიტომ, თუ გაუკვალავ თოვლში სრიალს გადაწყვეტთ, აუცილებლად სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად წადით. სვანეთში ბევრი სამთო-სათხილამურო, სალაშქრო და კულტურის მიმართულებით სპეციალიზებული გიდები არიან.
ჰაწვალის საბაგირო გზა ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. ჰაწვალს მესტიასთან, როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე საბაგირო აკავშირებს. პირველ საბაგიროს ჰაწვალზე აჰყავხარ, მეორეს ჰაწვალიდან ზურულდზე. დაშვება უშუალოდ ზურულდიდან ხდება, სადაც მოსასვენებლად რესტორანი „ზურულდიც“ მასპინძლობს ვიზიტორებს. კარგ ამინდში, სწორედ, ამ რესტორნის ტერასიდან იშლება უმშვენიერესი ხედები უშბასა და სხვა მყინვარებზე.
ჰაწვალი ტყითაა დაფარული, მისგან განსხვავებით კი თეთნულდი ალპურ ზონაში მდებარეობს და მოსახერხებელია, როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოთხილამურეებისთვის. ის მესტიიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და იქ მოსახვედრად აუცილებლად მაღალი გამავლობის ავტომანქანაა საჭირო. „ფრი რაიდის“ მოყვარულებისთვის თეთნულდის ჩრდილოეთ ფერდზე რამდენიმე ზონაა. განსაკუთრებით პოპულარულია ორი მარშრუტი, რომელიც მულახისა და ადიშის თემებს უერთდება. მარშრუტებს კი დამსვენებელი პირდაპირ საოჯახო სასტუმროებამდე მიჰყავს. აქ მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ კუბდარი, ჭვიშტარი, თაშმიჯაბი და სხვა სვანური ტრადიციული კერძები.
სვანეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ მრავალფეროვანი კულტურითაა გამორჩეული. აქ ისევე, როგორც ზოგადად საქართველოს მთიან რეგიონებში, ერთმანეთს ერწყმის წარმართული და ქრისტიანული რიტუალები, წეს-ჩვეულებები, რომელიც ახალ თვითმყოფად სახეს იღებს. ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც სვანებმა შემოინახეს ეს ლამპრობაა. დღესასწაული გაზაფხულამდე იმართება, კარგი ამინდისა და მოსავლიანობისთვის. ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი ხისგან დამზადებული ლამპრებია. ლამპრების თანხლებით ჩატარებული რიტუალების შემდეგ იკრიბებიან კოცონის გარშემო და იმართება სიმღერა, ფერხული, ჭიდაობა და ა.შ.
გამორჩეულია სვანური ჩაცმულობაც, რომლის განუყოფელი ნაწილი სვანური ქუდია. მას თექისგან ამზადებენ. მასზე გადაჭიმული გრეხილი ძაფი კი ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის. აღსანიშნავია სვანური ფოლკლორი ცეკვით. ცნობილია სვანური ლილე, რომელიც მზის ღვთაებას ეძღვნება. სვანეთში მრავლადაა მითები ქალღმერთებზე, ჭინკებზე, ჯადოსნურ არსებებზე, მოისმენთ დაუჯერებელ სამონადირეო ამბებს.
სვანეთი ნამდვილადა ის ადგილია, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს.







