საქართველოს კანიონები კავკასიის ბუნებრივი საოცრებები

საქართველოს ტერიტორია სავსეა ბინების უნიკალური ძეგლებით, რომლებიც ვიზიტორებს შთამბეჭდავ სანახაობას და დაუვიწყარ თავგადასავალს პირდება. ქვეყნის მრავალფეროვან რელიეფს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კანიონებს – ღრმა, კლდოვან ხეობებს, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში წყლის და ქარის ეროზიის შედეგად შეიქმნა.
ერთ-ერთი ასეთია მარტვილის კანიონი, რომელიც სამეგრელოს მხარეში, სოფელ გაჭედილში მდებარეობს. მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული ტურისტული ადგილია საქართველოში. ამ ტერიტორიაზე ოდესღაც დადიანების ოჯახის აბანო იყო, ხოლო დღეს ის ვიზიტორების საყვარელი ადგილი გახდა. აბაშის მდინარემ მილიონობით წლის განმავლობაში გამოძერწა კანიონი, რომელიც გამოირჩევა მოლურჯო-მწვანე წყლის ფერით და თვალწარმტაცი კირქვის კლდეებით. ვიზიტორებს შეუძლიათ ნავით გასეირნება მდინარეზე, ჩანჩქერების დათვალიერება და ხავსით დაფარული კლდეების აღმოჩენა. კანიონი მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნით, რაც მას გამორჩეულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად აქცევს. მარტვილის კანიონი ზღვის დონიდან 210 მეტრზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ. სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ერთი მონაკვეთი, ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია „დადიანების საბანაოს“ სახელით.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ბალდის კანიონიც, რომელიც თავისი ფერადი კლდეებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და გამჭვირვალე აუზებით არის განთქმული. ბალდის კანიონში რამდენიმე პატარა, მაგრამ ულამაზესი ჩანჩქერია, რომლებიც ვიზიტორებს ცხელი ზაფხულის დღეებში განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. კანიონში სეირნობა საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა. ბილიკები კლდოვან და ტყიან ზონებში გადის. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბუნებრივი აუზებით, სადაც წყალი საოცრად სუფთა და გამჭვირვალეა. კანიონის სიგრძე 1400 მ-ია.
დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკასთან ახლოს მდებარეობს. კანიონი ცნობილია ვულკანური წარმოშობის ციცაბო კლდეებით, რომლებიც საუკუნოვანი ეროზიის შედეგად ჩამოყალიბდა. დაშბაშის კანიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა ულამაზესი ჩანჩქერია, რომელიც ზამთარში ყინულად გარდაიქმნება. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მინის ხიდიდან კანიონის დაუვიწყარი ხედები დაათვალიერონ. თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლობ საფეხმავლო ბილიკებით. ეს კარგი შესაძლებლობა არის ფოტოგრაფებისთვის ფირზე შესანიშნავი ხედები აღბეჭდონ. დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე მდებარეობს. ფეხით გასავლელი მანძილი დაშბაშის ჩანჩქერამდე1.5 კილომეტრია. ორივე გზის გავლას, საშუალო დონის მოლაშქრისთვის, 1-1.5 სთ. სჭირდება.
ოკაცეს კანიონი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში. კანიონი გამოირჩევა 50-100 მეტრიანი ციცაბო კლდეებითა და ვიწრო ხეობებით. მისი ყველაზე ცნობილი ელემენტი 780-მეტრიანი დაკიდებული ბილიკია, რომელიც კლდის ნაპირებზე გადის და მისგან საოცარი ხედი იშლება. კანიონის სიახლოვეს მდებარეობს კინჩხას ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ოკაცეში ვიზიტს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. აქ შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკებით სიარული, ფოტოგრაფია და ბუნების სილამაზით ტკბობა.
ბირთვისის კანიონი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის იდეალური ადგილია ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის. აქ არსებული ბილიკები სხვადასხვა სირთულისაა, როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოლაშქრეებისთვის. ბილიკები გადის კლდოვან და ტყიან ზონებში, ამიტომაც ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები და შეიმოსონ შესაბამისად. კანიონის კლდეზე გაშენებულია ბირთვისის ციხე, რომელიც ერთ დროს სტრატეგიულ დაცვით ნაგებობას წარმოადგენდა და საქართველოს მმართველთა სამხედრო ცენტრი იყო. მისი რთული ბილიკები და გრანდიოზული კლდეები ბუნების და ისტორიის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენაა. კანიონიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც ქვემო ქართლის მთებსა და ხეობებს გადაჰყურებს.
კანიონები არა მხოლოდ ბუნებრივი საოცრებებია, არამედ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემაა. დაშბაშის მინის ხიდიდან გადაშლილი პანორამული ხედი და მარტვილის წყნარი წყლები – ბუნების მოყვარულებისა და თავგადასავლების მაძიებელთათვის ნამდვილი სამოთხეა.





