ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი

„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს. თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.
ვალერიან ჩხენკელი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი და ინსტრუქტორია. ხელოვანების ოჯახში გაიზარდა და თავდაპირველად სულ სხვა პროფესიას დაეუფლა, თუმცა, თვითმფრინავზე ოცნება ბავშვობიდან დაიწყო: „ყოველთვის მიყვარდა ავიაცია და თვითმფრინავები, ბავშვობაში კალმის დაჭერა როგორც კი ვისწავლე, თვითმფრინავების ხატვა დავიწყე. თვითმფრინავის გადაფრენის ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შემეძლო ამ სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი გავმხდარიყავი“.
ავიაკომპანიაში მუშაობა ბორტგამცილებლად 2006 წელს დაიწყო. საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლის ქასტინგზე მივიდა და ასე დაიწყო გზა ავიაციაში. 9 წლიანი მუშაობისა და 3000 ნაფრენი საათის შემდეგ, გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აესრულებინა. 2014 წელს გახდა მფრინავი „ბოინგ-737-ზე“, შემდეგ იყო „ემბრაერ 190“, დღეს კი უკვე ხომალდის მეთაური და ინსტრუქტორია „ბოინგ 767“-ის და „ბოინგ 737-ზე“.


