Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ლიზა ბათიაშვილი

ქართული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავი

ლიზა ბათიაშვილი

ზოგი მუსიკოსი ინსტრუმენტს ტექნიკის ოსტატობით ფლობს, ზოგი – ემოციით. ლიზა ბათიაშვილი კი ორივეს უნიკალურად აერთიანებს. მისი ვიოლინო თითქოს საკუთარ ისტორიას ჰყვება – ხან მელანქოლიურს, ხანაც ენერგიულსა და აჩქარებულს. ბავშვობაში დაწყებულმა მუსიკალურმა მოგზაურობამ დღეს ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სცენებამდე მიიყვანა. ბათიაშვილი არა მხოლოდ ტექნიკური სრულყოფილებით გამოირჩევა, არამედ იმ განსაკუთრებული უნარითაც, რომლითაც თითოეულ ნოტში სიღრმესა და ემოციას აცოცხლებს.

ლიზა ბათიაშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. მუსიკის სიყვარული და ვიოლინოსადმი ლტოლვა მას ოჯახიდან გამოჰყვა. მისი მამა, თამაზ ბათიაშვილი, თავად იყო პროფესიონალი მევიოლინე და პედაგოგი. ლიზამ ვიოლინოზე დაკვრა მცირე ასაკში დაიწყო და მუსიკისადმი ნიჭი მალევე გამოავლინა. 90-იანებში, როდესაც საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა, ბათიაშვილები საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ. ეს იყო მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ლიზას მუსიკალურ ცხოვრებაში. თავიდან ბათიაშვილები ჰამბურგში ცხოვრობდნენ, სადაც 12 წლის ლიზამ სწავლა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი კონსერვატორია დაამთავრა.

ლიზა ბათიაშვილის საერთაშორისო კარიერა ფაქტობრივად 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 1995 წელს მან ფინეთში ჟან სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო ვიოლინოს კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლასიკურ მუსიკის კონკურსია. ამ წარმატებამ მას შესაძლებლობები გაუხსნა. დაიწყო გამოსვლები ცნობილ ორკესტრებთან, ხოლო მისი ნიჭი და უნიკალური შესრულების მანერა სწრაფად იქცა საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სამყაროში აღიარების საგნად. 19 წლის იყო, როცა ლონდონში BBC proms-ზე ყველაზე სოლიდურ სადებიუტო კონცერტზე დაუკრა. მაშინ არ უფიქრია, რომ აქედან დაიწყებოდა მისი ვარსკვლავური კარიერა, თუმცა მუსიკოსის ცხოვრებაში ეს მომენტი ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა.

2000-იანი წლები ლიზა ბათიაშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. 2003 წელს ის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მუსიკის ფესტივალზე ამერიკელი დირიჟორის, კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის ლეონარდ ბერნსტაინის პრიზის მფლობელი გახდა. მისი სახელობის პრემიით დაჯილდოება გამორჩეულ წარმატებას ნიშნავს ნებისმიერი მუსიკოსისათვის. 2004 წლიდან ლიზამ წარმატებით დაიწყო თანამშრომლობა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრთან, ლოს-ანჯელესის ფილარმონიის, ფილადელფიის, ბოსტონისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა იმ ორკესტრებისა თუ დირიჟორების რიცხვი, რომლებსაც ლიზა ბათიაშვილთან თანამშრომლობა სურდათ. მუსიკოსი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის: Echo Klassik Award – გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუსიკალური ჯილდო და Opus Klassik Award – კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ლიზა ასევე არის ბეთჰოვენის ფესტივალის (ბონში) ლაურეატი – ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული.

2010-იან წლებში ლიზა ბათიაშვილი უკვე დამკვიდრებული ვარსკვლავი იყო, მაგრამ მისმა კარიერამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიწია. 2011 წელს მან გამოუშვა ალბომი “Echoes of Time”, სადაც შედის დიმიტრი შოსტაკოვიჩის N1 სავიოლინო კონცერტის ჩანაწერი ბავარიის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. 2016 წელს მან გამოუშვა ალბომი “Tchaikovsky and Sibelius Violin Concertos”, რომელშიც ჩაიკოვსკისა და სიბელიუსის ვიოლინოს კონცერტებია შესული. ეს ჩანაწერი კვლავ ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებად ითვლება.

2020 წელს ბათიაშვილმა გამოუშვა ალბომი “City Lights”, რომელიც სრულიად ახალი მიდგომით არის შექმნილი. ეს ალბომი შთაგონებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუსიკალური კულტურით და აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე ჯაზურ და თანამედროვე ელემენტებს. ალბომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში კიდევ ერთი ქართველი არტისტის, ქეთი მელუას საავტორო სიმღერა, No Better Magic ჟღერს მისივე შესრულებით. აგრეთვე, გია ყანჩელისა და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპოზიცია საქართველოში ჩაიწერა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ლიზა ბათიაშვილის რეპერტუარი მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იგი განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებს იოჰანეს ბრაჰმსის, პიოტრ ჩაიკოვსკის, ჟან სიბელიუსის, სერგეი პროკოფიევის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ვიოლინოს კონცერტებს. მისი ჩანაწერები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და კრიტიკოსების მიერ ხშირად შეფასებულია, როგორც უნიკალური და ღრმა ინტერპრეტაციები.

ამჟამად ლიზა ბათიაშვილი აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, აწყობს კონცერტებს და აგრძელებს მუსიკალური ხელოვნების განვითარების მხარდაჭერას. გარდა ამისა, ლიზა ბათიაშვილი რეგულარულად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში და აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიზა ბათიაშვილი ორი შვილის დედაა.

და ბოლოს, ლიზა ბათიაშვილი არა მხოლოდ ქართული მუსიკის სიამაყეა, არამედ მსოფლიო კლასიკური სცენის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი. ტექნიკური ოსტატობა, ემოციური ინტერპრეტაცია და დახვეწილი შესრულება მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გავლენიან მევიოლინედ გამოარჩევს.

კიდევ წაიკითხეთ

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი
ავიაცია

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი

„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს. თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს.

თელ-ავივი
მოგზაურობა

თელ-ავივი

ქვიშიანი სანაპიროები, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნაზავი, კულტურული ძეგლები, ტრადიციული ებრაული სამზარეულო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს – ეს ისრაელის საქმიანი ცენტრი და იერუსალიმის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი თელ-ავივია. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება…