მეგრული სამზარეულო და გამორჩეული კერძები

მეგრულ სამზარეულოზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ცხარე და უხვი საკმაზით გამორჩეული კერძები გულგრილს ვერავის ტოვებს.
მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ელარჯი. ის ორი ინგრედიენტისგან – სიმინდის წვრილად დაფქული ღერღილისა და ყველისგან მზადდება, თუმცა, მთავარი საიდუმლო მის მომზადებაშია. ამ საიდუმლოს გასაღები კი, რა თქმა უნდა, მეგრელ კულინარებს აქვთ. ამბობენ, რომ ელარჯი იმ მწყემსების შემოქმედებაა, რომლებიც თვეობით სამეგრელოს მთიან ადგილებში ნახირთან რჩებოდნენ. გადმოცემის თანახმად, მათ საგზლად წყლის წისქვილში დაფქული სიმინდის ღერღილი მიჰქონდათ. როცა ძროხას მოწველიდნენ, ყველსაც ამოიყვანდნენ და კარგად ჩაზელილ ღომში ამ ყველს ჩაადნობდნენ. ელარჯი საზიარო კერძი იყო, ტაბაკზე პირდაპირ ქვაბიდან ამოზელდნენ და მთელ სიგრძეზე დააგებდნენ, შემდეგ, თანაბარ ნაწილებად დაჭრიდნენ და ნახევრად ტკბილ ოჯალეშთან ერთად მიირთმევდნენ. სწორედ ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინოა განსაკუთრებით პოპულარული სამეგრელოში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში 60-ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს და სამეგრელო ღვინის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ტრადიციული მეგრული კერძების სიის სათავეშია გებჟალიაც. მეგრული სიტყვა „ბჟა“ რძეს ნიშნავს. გებჟალია კი რძეში ჩახარშული კერძია. მისი მზადების პროცესი ნაწილობრივ სულგუნის ამოყვანას ჰგავს. მდუღარე სითხიდან ამოღებულ სულგუნს პიტნასთან აზავებენ, ქმნიან ერთიან მასად და ჭრიან ხვეულებად. ამ ნაჭრებს კი პიტნის ნადუღში ათავსებენ. გებჟალიას, რომელიც სავარაუდოდ მზეს განასახიერებდა, ძველ დროში რიტუალურ სუფრებზე იყენებდნენ.
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს მარგალიტია. მისი მომზადება კი საქართველოს თითოეულ ნაწილში განსხვავებულია. ერთმანეთისგან განარჩევენ იმერულ, აჭარულ, მეგრულ, სვანურ, რაჭულ თუ ხევსურულ ხაჭაპურს. მეგრულ ხაჭაპურს ვიზუალით იმერულ ხაჭაპურს ამსგავსებენ, თუმცა, სამეგრელოში ცომეულის გამოცხობისას ყველს ზემოდან ამატებენ. მიღებულ მასას კი კვერცხში აზავებენ.
მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი წვნიანი კი სუპ-ხარჩოა. კერძის მომზადებისას მეგრელები იყენებენ უხვ სუნელებს, ბრინჯს, წყალს, ტომატპასტას ან პომიდორს და საქონლის ხორცს. კიდევ ერთი გემრიელი კერძი სამეგრელოში ფუჩხოლიაა, კერძის მოსამზადებლად გამოიყენება ჭყინტი ყველი, რომელიც ადვილად იფშვნება. დაფშვნილ ყველს ამატებენ ქინძს, ნივრის სოუსს, წიწაკასა და პიტნას. შეზავებულ მასას ათავსებენ ცხელ ღომში, სადაც ყველი დნობას იწყებს.
და, რა თქმა უნდა, აჯიკა — ტრადიციული საწებელი. მისი ისტორია დასავლეთ საქართველოდან მოდის. ტრადიციული მეგრული აჯიკა კი ძალიან ცხარე და არომატულია. მთავარი ინგრედიენტებია: წითელი წიწაკა, ნიორი, მარილი და სხვადასხვა სახის სუნელები. სამეგრელოში ამზადებენ როგორც წითელ, ისე მწვანე აჯიკას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, მეგრულ და აფხაზურ აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკმაზით გამოირჩევა. ამას კი თავისი მიზეზი აქვს. ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, სამეგრელოსთვის მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ამ რეგიონის მაცხოვრებლებმა კი აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ინგრედიენტად იქცა. ის ყველასგან გამოარჩეულია და თავი გურმანებსაც შეაყვარა.





