საერთაშორისო მასშტაბის ელექტრონული მუსიკის ხმა საქართველოდან

როგორ გაჩნდა Boom Boom Booking Agency-ის შექმნის იდეა? მუსიკალურ ინდუსტრიაში 2011 წელს, პირველად პრომოუტერის სტატუსით გამოვჩნდი. ამავე წლის დეკემბერში ჩემი პირველი „ბუქინგი“ განვახორციელე, რომელიც David Keno იყო. პროფესიით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ, ამ მიმართულებით ვმუშაობდი და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ჩემი სამუშაო სფერო ასე შეიცვლებოდა. მუსიკალურმა ინდუსტრიამ პროცესში უფრო და უფრო შემაყვარა თავი და ოცნება დამაწყებინა. ის გზა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამოვიარე, ბევრი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა, განსაკუთრებულ მოტივაციას ჯერ ჩემი მეუღლე, შემდეგ კი ჩემი შვილები მაძლევდნენ, რომლებსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდათ. 2015 წელს, პირველად უცხოელ პარტნიორებთან ერთად, შავიზღვისპირეთში პროექტი – Boom Boom Beach club გავაკეთე.
პროექტი ბაზარზე ორი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებები ტარდებოდა, რომლებშიც საერთაშორისო სცენის სხვადასხვა არტისტები მონაწილეობდნენ. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ სტიმული მომცა, რომ ჩემი მიზნის მისაღწევად გზა გამეგრძელებინა. 2018 წელს, კლუბ Hypnos-ის მოწვევით, საქმიანობა სტამბოლში განვაგრძე, სადაც 1 წლის განმავლობაში ისეთ არტისტებს ვიწვევდი როგორებიც: Maceo Plex, Stephan Bodzin, Luciano, Agents of time, Konstantin Sibold, Stimming, Guti და მრავალი სხვაა. პარალელურად, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალის Set Fest-ის გუნდთან ერთად დავიწყე მუშაობა. ამ ყველაფერმა მოტივაცია გამიჩინა, დაგროვილი გამოცდილება ჩემი ქვეყნისთვის გამეზიარებინა. ჩემი ორიენტირი სრულად ქართული ბაზრისკენ მივმართე. ამ დროს გაჩნდა Boom Boom Booking Agency-ის შექმნის იდეაც. ასე დაიწყო მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩემი ახალი თავგადასავლების ფურცელი და ოცნებების ასრულება.
რა მიმართულებებს აერთიანებს სააგენტოს საქმიანობა? ამჟამად, სააგენტოს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ესენია: უცხოელი არტისტების ჩამოყვანა, ღონისძიებებისა და ფესტივალების ჩატარება, აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სივრცის წარმომადგენლებთან და event კომპანიებთან მსოფლიოს მასშტაბით, ქართველი არტისტებისაგან შემდგარი როსტერის, რომლებიც არიან GURI DE SAL, ANNA SUE, JINO DOLLINI, ENDORPHINS, MIKE ROBOX, CHKHETO და MARLEN პრომოციას, და რა თქმა უნდა, სააგენტოს მთავარი მიმართულება ქართველი არტისტების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა.
მოგვიყევით თქვენ მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
საბედნიეროდ, ამ პროექტების რაოდენობა უკვე ძალიან ბევრია. წლების განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობით და დამოუკიდებლად, ჩვენმა სააგენტომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი წარმატებული ღონისძიება და ფესტივალი ჩაატარა. მივიღეთ გამოცდილება მუსიკალური ინდუსტრიის ისეთ ბრენდებთან მუშაობით, როგორებიც: Cercle, Monkey Project, Amsterdam dance Event, Partymag, Volkswagen Arena და მრავალი სხვა გახლავთ.
Dijon, Jayda G, Deborah De Luca, Claptone, Agoria, Fatima Yamaha, Mahmut Orhan, Louie Vega, Joe Claussel, Floorplan, Omar S, Kenny Dope, Chez Damier, Oscar and the Wolf, Roman Flügel, Cerrone, Kasst, GusGus, Claptone, NTO არიან. ღონისძიებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, 2025 წელიც გამორჩეული იქნება. ამ მომენტისთვის დაგეგმილია ღონისძიებები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ანონსამდე კონფიდენციალურია. ინფორმაციას მხოლოდ ერთი პროექტის შესახებ გაგიზიარებთ. keinemusikის ტურის ფარგლებში, საქართველოს 9 მაისს, კუს ტბაზე &ME ეწვევა. ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აუდიტორიას მუდმივად ვაწვდით, ჩვენი ინსტაგრამ გვერდის Boom Boom Booking Agency საშუალებით.
მიღწევა, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ…
მეამაყება, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის პოპულარიზაციაში და ელექტრონული მუსიკის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჩემ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ – ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე არტისტებისთვის. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მაქვს საქმიანი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, ვამყარებ საერთაშორისო კავშირებს, ვიძენ ახალ გამოცდილებებს, რაც შესაძლებლობას მაძლევს კიდევ უფრო გავზარდო მასშტაბები და მსოფლიო სტანდარტები დავნერგო. თუ ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება წარმოუდგენელი იყო, დღეს ეს უკვე რეალობაა, რადგან ყველაფერი შესაძლებელია!
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ჩვენი მიზანია, ქართული ელექტრონული მუსიკა გლობალური სცენის განუყოფელი ნაწილი გახდეს და თითოეული პროექტი, ღონისძიება თუ თანამშრომლობა ჩვენთვის ამ მიზნისკენ სავალ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულებით გვაქვს. მსურს და მაქსიმალურად ვიხარჯები იმისათვის, რომ საქართველოდან საერთაშორისო არენაზე ელექტრონული მუსიკის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს.
ქართველი არტისტები ნამდვილად იმსახურებენ დიდ სცენას. ამჟამად, სააგენტო სწორედ იმ ეტაპზეა, რომ მათ ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობის გაზრდაში მხარი აქტიურად დაუჭიროს.



