დადიანების სასახლე
სიდიადისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო

დიდებულებისა და კულტურული მნიშვნელობის სიმბოლო – დადიანების სასახლე, დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაც სამეგრელოს ცენტრში, ზუგდიდში მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში და დღესაც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
დადიანების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი თავადური დინასტია იყო დასავლეთ საქართველოში. ისინი საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ სამეგრელოს სამთავროს. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ისტორიაში.
დადიანების სასახლე, როგორც რეზიდენცია მე-17 საუკუნეში აიგო. ნაგებობა თავდაპირველად მცირე ზომის იყო და თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები XIX საუკუნეში, თავად დავით დადიანის მმართველობის პერიოდში განხორციელდა. სასახლე ნეოკლასიკურ და ბაროკოს სტილში გადაკეთდა, სადაც ევროპული ელემენტები ქართული არქიტექტურის ტრადიციებს ერწყმოდა. სასახლის განახლებისთვის ევროპელი არქიტექტორები დაიქირავეს. მხოლოდ აივნებისა და ჭერის გასაფორმებლად 5 ათასი ხელნაკეთი დეტალი და 50 ათასზე მეტი კოლხური ორნამენტი შეიქმნა, რომლებიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში.1840 წელს სასახლის ირგვლივ ბოტანიკური ბაღი გაშენდა. დედოფლის მოწვევით ჩამოსულმა მებაღემ ბაღი ფრანგული სტილით დაგეგმა. აქ 67 ჰექტარზე უნიკალური მცენარეებია დარგული. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს და ამ სასახლის დიასახლისს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს საოცარი გემოვნება ჰქონია, რაც სასახლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. დედოფლის სასახლის გვერდით აშენებულია დადიანების ვაჟის – ნიკოს სასახლე, რომელსაც ულამაზესი სამეჯლისო დარბაზი აქვს. სასახლე კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც ერთად იკრიბებოდნენ ევროპელი მეცნიერები, დიპლომატები და ხელოვანები. შემდგომში დავით დადიანის პროექტი შვილმა, ნიკო დადიანმა განაგრძო, გააფართოვა სასახლის ინტერიერი, ბიბლიოთეკა და ულამაზესი ბაღები.
საბჭოთა კავშირის დროს, სასახლე სახელმწიფო მუზეუმად იქცა და დღემდე ინახავს ისტორიულ ექსპონატებს, არქივებსა და ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტის (რომელთანაც დადიანებს ოჯახს კავშირი ჰქონდათ) ნიღაბს, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 3 ეგზემპლარია და ღვთისმშობლის კვართს, რომელიც ბიზანტიიდან იყო ჩამოტანილი. ყოველ 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართს სასახლიდან იქვე, დადიანების კარის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ამ სიწმინდის თაყვანსაცემად მართლმადიდებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.
დღეს დადიანების სასახლე საქართველოს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია, რომელიც ვიზიტორებს ისტორიული გამოფენებითა და განსაცვიფრებელი არქიტექტურით იზიდავს. სასახლის კომპლექსი, რომელიც მოიცავს მთავარ სასახლეს, სამეფო ეკლესიას და ულამაზეს ბაღს, არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ საქართველოს არისტოკრატული და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო. მისი ისტორია გვიჩვენებს ქართული ტრადიციებისა და ევროპული გავლენის შერწყმას, რაც სასახლეს უნიკალურ ადგილად აქცევს.




