ვენახებში მოგზაურობა ჭიქა ღვინოსთან ერთად

ღვინო ბევრისთვის უბრალოდ სასმელია, მაგრამ ის გაცილებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ღვინო არის ისტორია, მეხსიერება, ტრადიცია და სითბო, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ. რთველი კი ამ ყველაფრის ფერადოვანი კულმინაციაა. შემოდგომის დღეებში, როცა მზე ჯერ კიდევ რბილი და თბილია, ვენახში მხიარული აურზაური იწყება. ყურძნის კრეფა უბრალო სამუშაო არ არის – ეს ნამდვილი დღესასწაულია, როდესაც ყველა თაობა ერთიანდება და ერთვება ამ მხიარულ პროცესში.
საქართველო ღვინის აკვანია. არქეოლოგიური აღმოჩენები გვიდასტურებს, რომ ჩვენთან ღვინოს 8000 წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ, საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდაა აღიარებული. ამ დიდ ისტორიას განსაკუთრებულ ხიბლს ქვევრი სძენს – მიწაში ჩაფლული თიხის ტრადიციული ჭურჭელი, სადაც ღვინო დუღს და წლების განმავლობაში ინახება. ქვევრში ღვინის დამზადების ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი.
როცა შემოდგომა კახეთს ოქროსფრად შეფერავს, რთველი ნამდვილ ზეიმად იქცევა. ოჯახები ერთად იკრიბებიან, ბავშვები ყურძნის კრეფაში ერთვებიან, დღის ბოლოს კი ყველანი სუფრასთან სხდებიან. ქართული სუფრა, თავისი სიმღერითა და თამადობით, ტურისტებისთვის იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბევრი ისევ და ისევ უბრუნდება ამ მიწას. მათ ხშირად თავად მევენახეები მასპინძლობენ. ისინი თავიანთ ოჯახურ ისტორიებს ჰყვებიან და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევენ თავადვე ჩაერთონ რთველში – მოკრიფონ მტევნები, დაწურონ ყურძენი, გასინჯონ დაუდუღარი ახალდაწურული წვენი და ბოლოს ღვინოსთან ერთად სუფრასთან კარგი დრო გაატარონ. ეს არა მხოლოდ გასტრონომიული, არამედ კულტურული თავგადასავალია, რომელსაც ერთხელ თუ გამოცდი, გულში დაგრჩება. საქართველოში ღვინო ცხოვრების წესი და ადამიანებს შორის გულწრფელი მეგობრობის სიმბოლოა.
შთაბეჭდილებებით სავსეა რთველი საფრანგეთშიც. ბორდოს, ბურგუნდიისა და შამპანის რეგიონებში ვენახები შემოდგომით ზღაპრულ სურათს ქმნის. საფრანგეთში ღვინის დამზადება იმდენად დახვეწილ ხელოვ ნებად იქცა, რომ თითოეულ ჭიქაში იგრძნობა ნიადაგისა და კლიმატის განსაკუთრებული ხასიათი. რთველი აქ სიფრთხილითა და წესრიგით მიმდინარეობს. თითოეული ყურძნის მტევანი ზუსტად გათვლილ მომენტში იკრიფება, რათა ღვინომ იდეალური ბალანსი შეინარჩუნოს. საფრანგეთში ღვინის დამზადება ნამდვილი ხელოვნებაა. აქ მხოლოდ გემო არ არის მნიშვნელოვანი, არამედ სურნელი, ტექსტურა, ფერი და თუნდაც ის, როგორ „გაიხსნება“ ღვინო ჭიქაში. ამიტომაც, დეგუსტაცია საფრანგეთში ხშირად პატარა სპექტაკლს ჰგავს. სომელიე მოთმინებით გიხსნის საიდან მოდის კონკრეტული არომატი, რატომაა ეს ღვინო ხავერდოვანი და როგორ უკავშირდება იმ მიწას, სადაც ყურძენი გაიზარდა. ტურისტებისთვის საფრანგეთის რთველი ნამდვილი სამოთხეა: ძველი შატოები, ვიწრო სოფლის ქუჩები, ღვინის მუზეუმები და პატარა რესტორნები, სადაც ადგილობრივებმა ზუსტად იციან, რომელი ღვინო რასთან უნდა შესთავაზონ ვიზიტორებს. თუ ამ დროს ბორდოში ან ბურგუნდიაში მოხვდები, შეგიძლია სხვადასხვა შატოში დაჯავშნო დეგუსტაციის ტური. აქ ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, შატოს ისტორიასაც შეიგრძნობ.
ჯადოსნურია შემოდგომა და რთველის კულტურა ტოს
კანაში. ტოსკანური ვენახები თავისებურად მყუდრო და თბილია. აქ რთველი უფრო ინტიმური და ოჯახურია. ხშირად ტურისტები პატარა მამულებში ხვდებიან, სადაც ოჯახის წევრები სტუმრებს თავად მასპინძლობენ. ისინი ჰყვებიან, როგორ გადასცემდნენ თავიანთ ცოდნას თაობიდან თაობას და როგორ ინახავდნენ ღვინის დამზადების საიდუმლოებებს. ტურისტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყურძნის დაწურვაში, შემდეგ კი სუფრასთან ერთად დააგემოვნონ ახალი ღვინო პასტასთან ან ტოსკანურ ყველთან ერთად. ამ პროცესში ადამიანი შეიგრძნობს, რომ ღვინო იტალიაში მხოლოდ სასმელი კი არა, ცხოვრების ხელოვნებაა – მშვიდი, მზიანი და ტკბილი, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად ტოსკანაა.
ღვინის გზა, რომელსაც საქართველო, საფრანგეთი და ტოსკანა ქმნიან, სხვადასხვა ფერსა და ხასიათს ატარებს. საქართველოში ის უძველეს ტრადიციებთან მოგზაურობაა, საფრანგეთში - დახვეწილი ხელოვნების გამოცდილება, ხოლო ტოსკანაში - ოჯახური სითბოსა და ბუნების პოეზიის აღქმა. თუმცა, სამივე ადგილს ერთი რამ აერთიანებს – ღვინო აქ ადამიანებს შორის კავშირის სიმბოლოა. რთველი გვახსენებს, რომ შემოდგომა მხოლოდ ბუნების ფერების ცვლა კი არა, ერთმანეთთან დაახლოების დროა.





