Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

სოფიო ჩერქეზიშვილი „ამბობენ, ცხოვრება ზღაპარია“

სოფიო ჩერქეზიშვილი „ამბობენ, ცხოვრება ზღაპარია“

სოფიო ჩერქეზიშვილი გამორჩეული ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები უნიკალურად აერთიანებს კლასიკურ და ექსპერიმენტულ ელემენტებს. მის შემოქმედებაში სიურეალიზმის, სიმბოლიზმის და ფიგურატიული ხელოვნების ელემენტები დომინირებს, რომლებიც ღრმა ვიზუალური შინაარსის სურათებს ქმნიან. მხატვარი გამოგონილი სხვა „მე“-ს და ქალთა გამოსახულების მხატვრული ლუსტრაციით, დამთვალიერებელს მისეულ ესთეტიკურ ფორმებს და სათქმელს უზიარებს. ხელოვანის შემოქმედება მსოფლიო კულტურული გამოცდილებების, პოპ-არტის, 1960-1970-იანი წლების დასავლური პლაკატის ხელოვნების და ქართული მონუმენტური მხატვრობის ნაზავია. ნამუშევრები თამამი, ლოკალური ფერებით, მინიმალისტური, დახვეწილი ხაზებით და ფორმებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, თვალთმეტყველება, რომელიც სხვადასხვა ემოციის გამომხატველია და მისი მეშვეობით მაყურებელთან განსაკუთრებული კავშირის დამყარებას უწყობს ხელს.

მოგვიყევით პერსონა სოფიო ჩერქეზიშვილის და ხელოვნებასთან თქვენი შეხვედრის შესახებ.

ხელოვნება და ის სიღრმე, რაც ამ დარგს აქვს ბავშვობიდან განსაკუთრებით მიზიდავდა. სწორედ ამიტომ, პროფესიული არჩევანი ამ მიმართულებით გავაკეთე. 1990 წელს თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე, შემდგომ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით ჩავაბარე, 1994 წელს კი სასწავლებლად ასმსტერდამში, გერიტ რითფელდის აკადემიაში გავემგზავრე. უცხოეთში სწავლა და იქ გატარებული დრო დამეხმარა მხატვრობა, საკუთარი თავი მხატვრობაში და მისი მეშვეობით ჩემი სათქმელი აღმომეჩინა.

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა?

ამსტერდამიდან 1998 წელს დავბრუნდი და როგორც

შემოქმედებით ისე პედაგოგიურ საქმიანობაში აქტიურად ჩავერთე. 1999-2006 წლებში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო, 20102018 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვასწავლიდი. 2006 წლიდან დღემდე კი GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორი გახლავართ.

პროფესიული მოგზაურობის გზაზე ჩემი ნახატები, მათი

შინაარსი ჩემთან ერთად იცვლება და ვითარდება. ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს. თემებს, გამოუთქმელ ემოციებს, აზრებს და შეგრძნებებს, რომლებიც განსაკუთრებით მეხმიანებიან, ხატვის და ჩანაწერების სახით ვაცოცხლებ.

თქვენს ნახატებში ქალთა სახეები დომინირებენ, გაგვიზიარეთ რა არის ამის მიზეზი? ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ყველა ისტორია, რომელსაც ვხატავ ძირითადად ერთი პერსონაჟის — ქალის გარშემო ტრიალებს. კონკრეტული ისტორია ერთი ნახატით არასდროს სრულდება, მას ყოველთვის თან სდევს ნახატების გარკვეული რაოდენობა, რომლის ძირითადი თემა საერთოა, თუმცა, განსხვავებული გამოხატულება აქვს. ბუნებრივი პროცესი ნახატების გარკვეული რაოდენობის შემდგომ მთავარ სათქმელს თავად ასრულებს. რატომ ქალი? ამ შეკითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ქალი არა მხოლოდ ჩემი შემოქმედების, არამედ სამყაროს მთავარი ფიგურაა. ქალის განცდები, ემოციები, მდგომარეობა სიყვარულის, შიშის, ვნების, საკუთარი იდენტობის დაკარგვის, თვითგამორკვევის, ემოციური ბრძოლის და თანაგრძნობის პროცესში განსაკუთრებით ღრმაა. ხშირად, ეს ყველაფერი გამოუთქმელი რჩება. ჩემი შემოქმედებით კი ვცდილობ ბევრი გამოუთქმელი ქალის ხმას და ემოციას მივწვდე.

მოგვიყევით თქვენი ბოლო გამოფენის – „და მერე მან თქვა ალბათ“ შესახებ.

ყველა გამოფენა ჩემთვის ერთი ისტორიაა, შესაძლოა დაუსრულებელიც კი. თუმცა, იმ მომენტში ის მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბის გარშემო ტრიალებს. ამ ერთი შეხედვით ბანალურ ფრაზას — „და მერე მან თქვა ალბათ“ ყველას ცხოვრებაში ჰქონია ადგილი. ჩვენ არასდროს ვიცით, რა თქვა ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში, გარემოებაში აღმოჩნდა და არც მისი საბოლოო სიტყვის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას. ზუსტად ამ თემატიკას ეხმიანებოდა ჩემი გამოფენაც. ეს ყველაფერი ცხოვრებასთან დავაკავშირე, რადგან ადამიანმა არასდროს იცის რა იქნება შემდეგ, რაც თავისთავად საოცრებაა.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა და მიეძღვნა ხეებს, რომლებიც ვიცი, რომ დაფრინავენ, ხიდებს და ლაბირინთებს, რომლებსაც ვიცი ავაშენებ, ზღაპრებს, რომლებსაც ვიცი, რომ დავიჯერებ და ზარებს, რომლებსაც, ალბათ, გავიგონებ. ამ თემატიკით დაიხატა 28 ფერწერული ნამუშევარი, რომელსაც თან აღწერა ახლდა. ტექსტი ჩემი კომპოზიციის განუყოფელი ნაწილია. ის მნახველთან ჩემი ისტორიის მიტანაში მეხმარება და ემოციურ ზემოქმედებას ამძაფრებს. გამოფენის ბოლოში აგრეთვე მქონდა გაკეთებული ინსტალაცია სახელად „ხეებმა იციან მხარში დგომა“, სადაც დამთვალიერებელს შეეძლო ტყეში შესულიყო. ინსტალაციაში წარმოდგენილი ხეები, მათი გეომეტრიული, სამკუთხა ფორმებით და გამოკვეთილი სახეებით, წარმოსახვით ისტორიებს ყვებოდნენ. ერთი შეხედვით სახეები განსხვავებული გახლდათ და ყველა მათგანი განსხვავებული შინაგანი სიღრმის და ემოციური მუხტის მატარებელი იყო. ვფიქრობ, ინსტალაციამ გამოფენას მისტიკური და მაგიური ატმოსფერო შესძინა. მისმა სტრუქტურამ და კომპოზიციამ, რომელიც გეომეტრიულ სიმარტივეს და ფორმების სიმკვეთრეს ეფუძნებოდა, ძლიერი ვიზუალური ეფექტი მოახდინა. ფიგურების სიმეტრიულობამ და სივრცეში მათმა განლაგებამ ლაბირინთის მსგავსი ვიზუალი შექმნა. ემოციებით დატვირთული დაბურული ტყე, სადაც თითოეული ხე ადამიანის განცდების და ფიქრების ანარეკლს წარმოადგენდა. ამ ინსტალაციით მსურდა დამთვალიერებელს ხელოვნების, სამყაროს ურთიერთობა და მათი პიროვნებაზე გავლენა ძლიერად შეეგრძნო.

მოგვიყევით ბუდაპეშტში ჩატარებული გამოფენის შესახებ...

2024 წელს ბუდაპეშტში, სხვადასხვა ეპოქის ქართველი მხატვარი ქალების გამოფენა გაიმართა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ნამუშევრები ერთ სივრცეში ისეთ მხატვრებთან ერთად გამოფენილიყო, როგორებიც: ელენე ახვლედიანი, ესმა ონიანი, თამარ აბაკელია და სხვები არიან. ექსპოზიციაზე პორტრეტების სერია წარვადგინე.

რა გაძლევთ ენერგიას მუშაობის პროცესში? მთავარი ენერგიის წყარო, ჩემთვის სურვილია. ეს პროცესი ჩემი თეატრია, სადაც რეჟისორიც, სცენარისტიც და მსახიობიც თავად ვარ.

მოგვიყევით თქვენი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.

ჯამში 25 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. მომწონს, რომ ახალგაზრდების გვერდით ვარ და შემიძლია მათ მეგზურობა გავუწიო იმ გზაზე, რომელსაც პროფესიული აღმოჩენების, საკუთარი თავის და შესაძლებლობების დაჯერების მიმართულებით გადიან. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ სურვილი მთავარი ნიჭია, არ არსებობს ჩარჩოები, შეზღუდვები და აუცილებელია საკუთარი თავი იმ ფორმით გამოხატონ, როგორც გრძნობენ.

რა შთაგაგონებთ? მუზეუმებში, გამოფენებზე სიარული, ნანახის შემეცნება და ის მუხტი, რომელსაც ეს პროცესი მაძლევს.

მხატვარი, რომელმაც თქვენზე დიდი გავლენა იქონია

სიურეალისტი მხატვარი რენე მაგრიტი.

შეფასება დამთვალიერებლისგან, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ...

მახსოვს, ერთი ქალის შეფასება, რომელიც გამოფენის დათვალიერების შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ის, რასაც ახლა აქ ვუყურებ, ეს ყველაფერი თავად გამოვცადე, გამოვიარე და გადავიტანეო“. ჩემთვის როგორც ხელოვანისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეფასება გახლდათ, რადგან შევძელი ჩემ მიერ მოყოლილი ისტორია ღრმად მიმეტანა ადამიანის გულამდე.

რას გეგმავთ? მსურს შემოქმედებითად არ გავჩერდე, მუდმივად მქონდეს სათქმელი და ამბების გაზიარების სურვილი.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…