Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

მნიშვნელოვანი ქართული სპორტული მოვლენები

მნიშვნელოვანი ქართული სპორტული მოვლენები

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა – ეს ფრაზა უკვე ნაცნობად ჟღერს ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის. ამჯერად, ქვეყნის სპორტის ისტორიის ახალი თავი ფუტსალის ნაკრებმა დაწერა. გუნდმა საოცარი ბრძოლის შემდეგ, ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთს სტუმრად დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულ და ემოციებით სავსე მატჩში 3:5 დამარცხდნენ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში საერთო გამარჯვება მოიპოვეს და ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული აჩუქეს.

ეს წარმატება შემთხვევითი არ არის — ეს წლების შრომის და გამარჯვების სურვილის შედეგია. ქართული ფუტსალი კვლავ ევროპულ სცენაზეა და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

ფუტსალის ევროტურნირი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩატარდება, ხოლო, 24 ოქტომბრის კენჭისყრაზე გაირკვევა, ვისთან მოუწევს საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირება.

ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲐᲡᲐᲗᲘᲐᲜᲘ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„რომ გითხრათ არ ველოდით გამარჯვებას-მეთქი მოგატყუებთ, რადგან ვფიქრობ რაღაცის მოლოდინი თუ არ გაქვს, არაფრის კეთებას აქვს აზრი. ძალიან რთული გზა გავიარეთ შესარჩევ ეტაპზე. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, სადაც 6 თამაში გვქონდა.

თითოეულ თამაშზე იმ მიზნით გავდიოდით, რომ შემდეგი მატჩებისთვის დიდი უპირატესობა მიგვეღო და მოწინააღმდეგე გუნდს 3 ქულით შევხვედრილიყავით. როცა პირველი სამი თამაში მოვიგეთ, კოსოვოსთან და შემდეგ ზედიზედ ორჯერ ბულგარეთთან, ამან წინ დიდი ფანჯარა დაგვანახა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისკენ მიდიოდა. თავიდან ნელ-ნელა დავიწყეთ, ბოლოს კი დიდი ამბიცია გაგვიჩნდა. ვფიქრობ, დავიმსახურეთ და ნამდვილად გვეკუთვნოდა ის რაც ჩვენმა ნაკრებმა მიიღო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალამდე მივსულიყავით. ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს და ზედიზედ მეორედ მოვხდვით ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფუტსალისთვის. რასაც ევროპის ჩემპიონატზე გავივლით ძალიან დიდი სტიმული იქნება მომავალი თაობისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის ვინც ახლა იკიდებს ფეხს ქართულ ფუტსალში. ეს ტოპ დონეა და ვიცი, რომ ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იქ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს. მინდა ჩემ ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და კიდევ ერთხელ ავისრულეთ ის ნატვრა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია.“ საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშნელოვანი სპორტული მოვლენა, 34 წლის შემდეგ ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე ჩატარებული „ფოთი პრო 2025“ იყო. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მასშტაბის წამყვანმა სპორტსმენებმა ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან. 30-მდე წამყვანმა წყლის მოთხილამურემ მთელი დღის განმავლობაში ორ დისციპლინაში — ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში იასპარეზა.

„პრო ტური ფოთი 2025“ რიგითი შეჯიბრი არ ყოფილა, მას მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა — საქართველოსთვის კიდევ ერთხელ გაეხსნა გზა ევროპული ჩემპიონატის მასპინძლობისკენ.

სპორტის ამ სახეობას საქართველოში ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. „ოქროს ტბაზე“ სპეციალური სპორტული ბაზა ჯერ კიდევ 1978 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ 34 წლის წინ, 1991 წელს ფოთმა პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს. საქართველო, როგორც წყალ-სათხილამურო სპორტისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა, ევროპის სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ ვარჯიში წელიწადში 9 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფოთში აღიზარდა არაერთი ჩემპიონი. მათ შორის, გამორჩეულია გენადი გურალია — მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 29-გზის ჩემპიონი წყალმოთხილამურე. ის, ასევე, ევროპის 2008 წლის საუკეთესო მოთხილამურედაა აღიარებული. 1991 წელს ფოთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში ისევ დადგა სასტარტო პოზიციზე და „პროტური ფოთი 2025-ის“ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ფოთის უნიკალურმა კლიმატმა და გეოგრაფიულმა პირობებმა სპორტსმენებს ამჯერადაც მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა. „პრო ტური ფოთი 2025“ საერთაშორისო წყალ-სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართა, რომელიც 90-მდე ქვეყანას აერთიანებს. ფოთი კიდევ ერთხელ მოინიშნა მსოფლიო სპორტულ რუკაზე, როგორც მასპინძელი, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ღონისძიებები ღირსეულად ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

ᲒᲔᲜᲐᲓᲘ ᲒᲣᲠᲐᲚᲘᲐ — ᲬᲧᲐᲚᲛᲝᲗᲮᲘᲚᲐᲛᲣᲠᲔ

„ამ ტურნირზე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მოთხილამურეები გამოდიან. ამიტომაც ჰქვია „პრო ტური“. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემს მშობლიურ ფოთში ტარდებოდა ეს ჩემპიონატი. ფოთის იმიჯზე ამ ტურნირის მასპინძლობა დადებით გავლენას მოახდენს, შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩატარდა. საუბარია იმაზეც, რომ სამომავლოდ შესაძლოა სწორედ ფოთმა უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს. „პრო ტური ფოთი 2025“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საერთაშორისო წამყვან ტელევიზიებში. ვინც ლაივში ნახვა ვერ მოახერხა, ის იუთუბის პლატფორმაზეცაა ხელმისაწვდომი.

ფოთში ოქროს ტბაზე გამართული ჩემპიონატი ორ დისიპლინაში ჩატარდა. ორივე შემთხვევაში შეჯიბრი დაძაბულად მიმდინარეობდა. სლალომში იტალიელმა კარუზო ბრანდომ გაიმარჯვა, რომელმაც ასევე იტალიელი სპორტსმენი, ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი, ტომას დეგასპერი დაამარცხა. მეთვითონ მე-8 ადგილზე გავედი, თუმცა, ჩემთვის უფრო ექსტრემალური პირობები იყო. ამ სპორტში კატერის სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, როცა მე ვეტერანებში გამოვდივარ ხოლმე, იქ კატერის სიჩქარე 55 კმ. საათია, ამ შემთხვევაში კი 58 იყო.

შეჯიბრი ასევე ჩატარდა ტრამპლინიდან ხტომაში. აქ უკრაინელმა დანილო ფილჩენკომ გაიმარჯვა, სხვათაშორის მას დედის მხრიდან ქართული ფესვები აქვს. იტალიელი ფრანჩესკო კალდაროლა მეორე ადგილზე გავიდა. ორივე დისციპლინაში ასპარეზობდნენ ქალბატონებიც. ქალების სლალომში პირველი ადგილი ერგო სპორტსმენს ახალი ზელანდიიდან, მამაკაცებში კი იტალიიდან. მეთვითონ არ ვაპირებდი ტრამპლინიდან გადმოხტომას, არც მქონდა თხილამურები ჩამოტანილი, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემს კოლეგას ვეთხოვე და ამ დისციპლინაშიც ვიასპარეზე. მე-5 ადგილი დავიკავე და მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ. 12-13 წელია აღარ ვხტები ტრამპლინზე, რეიტინგის გამო, მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატისთვის მიწევს. ჩემი ძლიერი მხარე უფრო ფიგურული სრიალია, თუმცა, ახლა ამ დისციპლინაში შეჯიბრი არ ჩატარებულა.“

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…