ქართული კულტურის შეუცვლელი ხმა
როგორ იქცა ბუბა კიკაბიძე ქართული კინოს სიმბოლოდ

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე არის ადამიანი, რომლის სახელსაც დღესაც თანაბრად უკავშირდება ქართული მუსიკა, კინო და თბილისური იუმორი. მისი ხმის ტემბრი და სამსახიობო ნიჭი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთაც უყვარდათ. ბუბა იყო ის სახე, რომელიც სცენაზე და ეკრანზე ყოველთვის სინათლეს, სიცოცხლის სიყვარულს და თავისუფლებას ასხივებდა.
ხელოვნებისკენ მისი გზა ძალიან მარტივად დაიწყო, როგორც თავად იხსენებს — სადარბაზოში, კარგი აკუსტიკის გამო, მეგობრებთან ერთად სიმღერით. მალე ეს უბრალო გატაცება დიდ სცენამდე მივიდა. ჯერ მცირე ანსამბლებთან ერთად მღეროდა, შემდეგ კი „ორერას“ სოლისტი გახდა და მსოფლიოს მასშტაბით მსმენელთა გულები დაიპყრო. მისი შესრულება გამოირჩეოდა ბუნებრიობით, არტისტიზმით, დახვეწილი პლასტიკითა და საოცარი ხმის ტემბრით.
ბუბას კინოდებიუტი 1966 წელს ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ შედგა. მოგვიანებით, 1969 წელს, მან ითამაშა ბენჟამენ ღლონტის პერსონაჟი გია დანელიას ფილმში „არ დაიდარდო“, სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ბუბას პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება — კარტახენის კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულების პრემია.
მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი გახდა ვალიკო მიზანდარი გია დანელიას ფილმში „მიმინო“ (1977) – უბრალო, გულწრფელი, ხალისიანი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანი, რომელიც მყისიერად იქცა მაყურებლის საყვარელ გმირად. სწორედ ამ ფილმიდან სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ დღემდე ყველას ახსოვს და მღერის. საქართველოშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც „ჩიტო-გვრიტოს“ ნებისმიერი ადამიანი წაიმღერებს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს დანელიას ეს კომედია. თავად გია დანელიას გული წყდებოდა, რომ „არ დაიდარდო“, მისი საყვარელი ფილმი, „მიმინომ“ დაჩრდილა კიდეც. სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო ბუბამ სახელმწიფო პრემია 1978 წელს.
ბუბას სხვა გამორჩეული როლებია: პავლე – „ვერის უბნის მელოდიებში“ (1973), გიორგი მიქელაძე – „მე, გამომძიებელში“ (1971), და მრავალი სხვა. ის არა მხოლოდ მსახიობი, არამედ სცენარის ავტორი და რეჟისორიც იყო – ფილმების „იცოცხლე, გენაცვალე“ (1981) და „მამაკაცები და სხვები“ (1985).
მისი გმირები ყოველთვის ატარებდნენ იმ ღირებულებებს, რაც თავად ბუბასთვის იყო დამახასიათებელი – სითბო, იუმორი და სიცოცხლის სიყვარული. სწორედ ამიტომ დარჩა ის ქართული კინოსა და ესტრადის ერთერთ ყველაზე საყვარელ და სიმბოლურ სახედ.
ვახტანგ კიკაბიძე 1959 წლიდან საქართველოს ფილარმონიის არტისტი იყო. მღეროდა ანსამბლებში „დიელო“ და „ორერა“, ხოლო, 1984–1988 წლებში სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი და შემდგომში მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. 1993 წლიდან კი სოლო პროგრამით გამოდიოდა საზღვარგარეთ – ასრულებდა როგორც ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, ასევე ქალაქურ ფოლკლორსა და მსოფლიო ესტრადის რეპერტუარს.
მის სიმღერებში იგრძნობოდა სიცოცხლის სიყვარული, მეგობრობის და თავისუფლების პოეზია. მისი ხმა კი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსენებს ძველი თბილისის სითბოსა და გულწრფელ ადამიანურ ემოციებს.
ვახტანგ კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1961–1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში, თუმცა, არცერთი არ დაუმთავრებია, რადგან გადაწყვიტა მთე ლი ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა.
ბუბა კიკაბიძეს არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს, როგორიც არის ღირსების ორდენი – 1997, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი – 2008, წმინდა გიორგის ორდენი – 2008. 1998 წელს ის გახდა თბი ლისის საპატიო მოქალაქე.
1965 წლიდან ბუბა დაქორწინებული იყო ბალერინა ირინა ქებაძეზე. მათ ჰყავდათ ვაჟი კოკა (კონსტანტინე)
და ორი შვილიშვილი – ვახტანგი (ვატო) და იოანე.
ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა 2023 წლის 15 იანვარს,
84 წლის ასაკში, თბილისში. ის დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე, იმავე უბანში, რომელიც თავად უკვდავ ყო თავისი სიმღერებითა და კინოროლებით.
ვახტანგ კიკაბიძე დღესაც რჩება ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოდ. მისი სიმღერე ბი და ფილმები თაობებს ახსენებს, რომ ხელოვნება არის სიყვარულის, მეგობრობისა და თავისუფლების გზა. ბუბას სახე და ხმა კვლავ აერთიანებს ადამიანებს და ამდიდრებს ჩვენს კულტურას. ის იყო ნამდვილი თბილისელი, რომელსაც სცენიდან და ეკრანიდან ყო ველთვის სითბო და სინათლე მოჰქონდა.





