ხელით შექმნილი: ევა კოდინა CASA DI LANGA-ს შესახებ
პიემონტში მდებარე CASA DI LANGA-ს გენერალური მენეჯერი გვიყვება ქალაქგარეთ მდებარე პატარა სასტუმროში გატარებულ ათწლეულზე, მიტოვებული სამშენებლო ობიექტიდან ხუთვარსკვლავიანი კომპლექსის შექმნაზე და იმაზე, თუ რა გამოარჩევს ალტა ლანგას ამ კუთხეს მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ადგილისგან.

Casa di Langa ალტა ლანგაში, პიემონტის ლანგეს ბორცვების შედარებით მაღალ და მშვიდ ნაწილში, 100 აკრზე გადაჭიმულ ვენახებს, თხილის ბაღებსა და ტყეს შორის მდებარეობს. თითქმის ათი წლის განმავლობაში ეს ტერიტორია დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტად რჩებოდა, სანამ Kyle J. Krause-მ, რომელიც ახლომახლო უკვე ღვინის ორ საწარმოს ფლობდა, ის არ შეიძინა და ხუთვარსკვლავიან, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ სასტუმროდ არ აქცია. დღეს აქ მოჰყავთ საკუთარი ალტა ლანგა პინო ნუარი და შარ დონე, რომელთა მოვლაზეც პარტნიორი ღვინის საწარმო Enrico Serafino ზრუნავს. სასტუმრო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს კიდევ ერთ პარტნიორ ღვინის საწარმო Vietti-სთან, ხოლო Faula Ristorante-ში მენიუ დიდწილად საკუთარ ბაღში მოყვანილ პროდუქტებზეა აგებული. რესტორანი ახლა ახალ ეტაპზე გადადის აღმასრულებელი შეფ-მზარეულის, Francesco Clerico-ს ხელმძღვანელობით. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ხელოვნების მზარდი კოლექცია, როგორც შენობაში, ისე მის ღია სივრცეში, მთელ კომპლექსს თავისებურ ხაზად გასდევს.
ამ ყველაფრის ცენტრში გენერალური მენეჯერი Eva Codina დგას. Casa di Langa-ს შექმნის მასშტაბური გამოწვევის მიღებამდე, ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახლომდებარე Relais Villa d’Amelia-ს ხელმძღვანელობდა. წლევანდელი თეთრი ტრიუფელის სეზონის წინ მას განვლილ გზაზე, სასტუმროს ფილოსოფიასა და იმაზე ვესაუბრეთ, თუ რა გამოარჩევს ამ ადგილს ტრიუფელისა და ღვინის მიღმა.
EVA – ᲛᲘᲡᲘᲕᲔ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘᲗ
Casa di Langa-მდე ათ წელზე მეტი გაატარეთ ახლომდებარე ბენეველოში, Relais Villa d’Amelia-ში. მანამდე კი სხვადასხვა გამოცდილება გქონდათ, მათ შორის ნიუ-იორკში, Dolce Hotels & Resorts-ში. 2018 წლიდან Casa di Langa-ს შექმნას პრაქტიკულად ნოლიდან შეუდექით. რა გასწავლათ ქალაქგარეთ მდებარე ბუტიკსასტუმროს მართვის წლებმა ისეთი, რამაც Casa di Langa-ს შექმნის პროცესზე გავლენა მოახდინა და რით განსხვავდება ეს მამული ყველა იმ ადგილისგან, სადაც აქამდე გიმუშავიათ?
Villa d’Amelia-ში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმუშავე, აქედან დაიწყო ჩემი გამოცდილება დამოუკიდებელი სასტუმროების სფეროში, რადგან მანამდე სხვადასხვა ქსელურ სასტუმროებში ვმუშაობდი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, პირველ რიგში, თავად ადგილის გამო, ჩემთვის ის ახალი იყო, შედარებით მცირე მასშტაბითა და ძლიერი ადგილობრივი კულტურით. ამ ახალ გარემოში ჩემი ინტეგრაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა, ისევე როგორც თავად რეგიონის გახსნა საერთაშორისო ტურიზმისთვის. პროცესში ჩართულ სხვადასხვა ადამიანთან ყოველდღიურმა მუშაობამ საშუალება მომცა, გამეცნო ყველა ის დინამიკა და ფაქტორი, რომლებმაც ამ მიმართულების განვითარებას შეუწყო ხელი და აქცია ადგილად, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია შესანიშნავი ღვინოებით, თეთრი ტრიუფელითა და UNESCO-ს მიერ დაცული ულამაზესი პანორამებით.
ამ გამოცდილებამ საშუალება მომცა, კიდევ უფრო განმევითარებინა ლიდერული უნარები და მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის საკუთარი სტილი – ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სტუმრებისთვის ადგილის უნიკალური შეგრძნების შექმნით. ამასთან, დიდი გუნდი არ გვყავდა, ამიტომ უშუალოდ ვმუშაობდი სხვადასხვა დეპარტამენტთან და სასტუმ როს საოპერაციო საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებაში ვიყავი ჩართული – გაყიდვებიდან, მაღალი კლასის გასტრონომიიდან და ადმინისტრაციიდან დაწყებული, ტექნიკური მომსახურებით, მებაღეობითა და ნომრების დასუფთავებით დასრულებული.
ეს გამოცდილება ჩემი შემდეგი ნაბიჯისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი აღმოჩნდა – მეოცნება, ამეშენებინა, გამეხსნა და მემართა Casa di Langa. ამ ადგილს ჩვენამდეც ჰქონდა თავისი ისტორია. წლების წინ აქ სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობის პროცესში მფლობელებმა პროექტი მიატოვეს. ათი წლის შემდეგ, ჩვენმა პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, Kyle J. Krause-მ, ტერიტორია შეიძინა, რათა მშენებლობა დაესრულებინა და ის ხუთვარსკვლავიან, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ბუტიკ-სასტუმროდ ექცია.
2017 წელს მდგრადობა ჯერ კიდევ შედარებით ახალი კონცეფცია იყო. სწორედ ის, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი პიონერი ვიყავით, განსაკუთრებით აქ, იტალიაში, სხვა სასტუმროებისგან გამოგვარჩევს. ყველა საოპერაციო პროცესი და გამოცდილება, რომელსაც სტუმრებს ვთავაზობთ, სწორედ ამ ხედვის საფუძველზე შეიქმნა და ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებს შეესაბამება. ამავე მიდგომით აღვადგინეთ ტერიტორიაზე არსებული ტყეებიც. ბუნებრივი დერეფნების შექმნით მათ ახალი სიცოცხლე შევძინეთ და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების განვითარებას შევუწყვეთ ხელი.
ნიადაგს მუდმივად ვამდიდრებთ ორგანული მეთოდებითა და პერმაკულტურის პრინციპებით. დღეს ის შესანიშნავ ხილსა და ბოსტნეულს გვაძლევს, რომელსაც ჩვენს საქმიანობაში ვიყენებთ.
Casa di Langa ნამდვილი ფარული მარგალიტია, ადგილი მათთვის, ვისაც კარგად ნაცნობი ტურისტული მარშრუტებიდან გადახვევა სურს. ჩვენი მომსახურება და დიზაინი ეფუძნება მდგრად ელეგანტურობას, დეტალებისადმი ყურადღებასა და ზრუნვას სტუმრებზე, თანამშრომლებსა და ადგილობრივ საზოგადოებაზე.
ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ
Casa di Langa ალტა ლანგაში, 100 აკრ ვენახებსა და ტყეებს შორის მდებარეობს. რამ მიგიზიდათ თქვენ და სასტუმროს მფლობელები პიემონტის სწორედ ამ კუთხეში და როგორ განსაზღვრავს დღეს ეს ლანდშაფტი სტუმრის გამოცდილებას? ეს ადგილი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო, სანამ ჩვენმა კომპანიამ არ შეიძინა. ჩვენს პრეზიდენტსა და დამფუძნებელს წლების წინ ამ ტერიტორიაზე უკვე ჰქონდა შეძენილი ორი ღვინის საწარმო და ახლომახლო სახლიც ჰქონდა, ამიტომ კარგად იცნობდა აქაურობას, ამ მიწასა და შენობას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყიდებოდა. მას ისიც აწუხებდა, რომ თუ არავინ შეიძენდა და დაასრულებდა მშენებლობას, ის კიდევ მრავალი წელი ასე დარჩებოდა და ლანდშაფტს დაამახინჯებდა. ამიტომ გადაწყვიტა მისი შეძენა, დასრულება და ახალი სიცოცხლის მიცემა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის ლამაზი სივრცის შექმნა და ამავე დროს ბიზნესის ახალი მიმართულების განვითარება.
რაც შემეხება მე, უკვე აქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ამიტომ, როდესაც დამირეკეს და Casa di Langa-ს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე შერჩევის პროცესში მონაწილეობა შემომთავაზეს, გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივი იყო. უკვე კარგად ვიცნობდი ამ ტერიტორიას, ადგილობრივ ტრადიციებს, საზოგადოებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ რეგიონში სტუმარმასპინძლობის ბიზნესზე ახდენს გავლენას. დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი... და შევძელი კიდეც.
რაც შეეხება ლანდშაფტის გავლენას სტუმრის გამოცდილებაზე, სწორედ ის განსაზღვრავს დიდწილად Casa di Langa-ს წარმატებას. სასტუმრო სხვადასხვა სართულსა და დონეზეა განაწილებული, რომლებიც ერთმანეთს კიბეებითა და რამდენიმე ლიფტით უკავშირდება. ეს დიზაინი, რომელიც თავდაპირველი დაუსრულებელი შენობის განლაგებას მოერგო, ბორცვის ბუნებრივ ფორმას მიჰყვება და სტუმარს ჩამოსვლისთანავე ცხოვრების ტემპის შენელებისკენ უბიძგებს.
Casa di Langa ალტა ლანგაში მდებარეობს, ამ რეგიონის სხვა სოფლებთან შედარებით, ჩვენი გარემო ბუნებრივი მრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარია, აქ არის ვენახები, თხილის ხეები, ტყეები, სასოფლოსამეურნეო მიწები, ციხესიმაგრეები და დიდებული ალპები. სტუმრებისთვის შეთავაზებული გამოცდილებები ადგილობრივ გასტრონომიულ და ღვინის ტრადიციებზე ავაგეთ და ამავდროულად ჩვენი ტერიტორიაც ჩავრთეთ, იქნება ეს ადგილზე ტრიუფელზე ნადირობა, მებაღესთან ერთად ბაღის დათვალიერება თუ ტყეში ლაშქრობა.
ტრიუფელისა და ღვინის გარდა, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა გამოარჩევს Casa di Langa-ს ლანგეს სხვა მაღალი კატეგორიის სასტუმროებისგან, როდესაც მოგზაური არჩევს, სად დარჩეს? როგორც ბრენდს, გვაქვს მკაფიო ღირებულებები, რომლებსაც ყველაფერში ვახორციელებთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინკლუზიურობაზე გულწრფელი ზრუნვა. ეს აისახება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, მომსახურებაში და იმ ადამიანურ დამოკიდებულებაში, რომელსაც სტუმრების, კოლეგებისა და ადგილობრივი საზოგადოების მიმართ ვიჩენთ.
ასევე მუდმივად ვქმნით ახალ გამოცდილებებს და ვარჩევთ ისეთ პარტნიორებსა და მომწოდებლებს, რომლებიც ამ რეგიონისა და ადგილობრივი საზოგადოების ავთენტურობას წარმოაჩენენ და სტუმრებს საშუალებას აძლევენ, ეს ყველაფერი თავად Casa di Langa-ში გამოცადონ.
ამასთან, ჩვენ ამ რეგიონში ერთადერთი სასტუმრო ვართ, რომელიც Preferred Hotels & Resorts-ის LVX Col- lection-ის წევრია. ასევე წარმოდგენილი ვართ არაერთ ექსკლუზიურ სამოგზაურო პროგრამაში, მათ შორის Virtuoso, Curated by Internova, American Express-ის Fine Hotels + Resorts და სხვა. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს იმ სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი დონის დაცვას, რომელსაც ჩვენი სტუმრები ელიან.
ᲙᲣᲚᲘᲜᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲦᲕᲘᲜᲘᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
Faula Ristorante-ში, აღმასრულებელი შეფ-მზარეულის Francesco Clerico-ს ხელმძღვანელობით, ახალი ეტაპი იწყება, რეგიონი კი Slow Food მოძრაობის 40 წელს აღნიშნავს. როგორ ვითარდება Casa di Langa-ს კულინარიული ფილოსოფია რეგიონული ბიომრავალფეროვნების დასაცავად?
Casa di Langa-ს კულინარიული ფილოსოფია ჩვენს Faula Ristorante-სა და მის ყველა საქმიანობაში აისახება. ჩვენ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სასტუმრო ვართ და ეს პრინციპი თავიდანვე მთელი კონცეფციის საფუძველი იყო. ბოსტნეული, მწვანილი, ყვავილები და ხილი, რომლებიც ჩვენს ბაღში მოგვყავს, რესტორანში მომზადებულ კერძებში გამოიყენება. ამ პროდუქტებით ჩვენი თანამშრომლებისთვისაც ვამზადებთ საკვებს.
Faula Ristorante-ში ზოგიერთ კერძში ბოსტნეული მთავარი ინგრედიენტია, ზოგში ძირითად კერძს ახლავს, ზოგჯერ კი სრულიად მოულოდნელი, შემოქმედებითი ფორმით არის წარმოდგენილი. ჩვენი სამზარეულოს გუნდი, რომელსაც Francesco Clerico ხელმძღვანელობს, გატაცებულია გასტრონომიითა და ცირკულარული სამზარეულოს კონცეფციით და ცდილობს, ნარჩენები ნოლამდე შეამციროს. საუზმიდან და სადილიდან დაწყებული, აპერიტივით, ვახშმითა და მისასალმებელი შეთავაზებებით დასრულებული, გუნდმა შექმნა გამორჩეული გასტრონომიული ისტორია, რომელიც მათ გამოცდილებას Casa di Langa-ს ღირებულებებთან აერთიანებს.
ყველაფერი, რაც ჩვენს ბაღში არ მოგვყავს, ადგილობრივი ფერმერებისგან შემოდის. თევზი ლიგურიადან მოგვაქვს. საუზმეზე შორიდან ჩამოტანილი ორაგულის ნაცვლად ადგილობრივ, შებოლილ პიემონტურ კალმახს ვთავაზობთ. მხოლოდ იმ ხილსა და ბოსტნეულს ვიყენებთ, რომელიც სეზონსა და ადგილობრივ გარემოს შეესაბამება. ჩვენთან ავოკადოს ტოსტს ვერ ნახავთ. ზოგჯერ ასეთი არჩევანი ყველასთვის გასაგები არ არის, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთგული იმისა, ვინც ვართ, ამიტომ სიამოვნებით ვუხსნით სტუმრებს ჩვენი მიდგომის მიზეზებს.
კომპოსტსაც თავად ვაწარმოებთ. ბოსტნეულისა და ხილის ყველა ნარჩენი სასტუმროს კომპოსტერში ხვდება, მიღებული კომპოსტი კი ჩვენი ბოსტნისა და ხეხილის ბაღის ნიადაგის გასამდიდრებლად გამოიყენება.
ჩვენ პატივს ვცემთ Slow Food მოძრაობას და მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს მის პრინციპებს. ჩვენმა გუნდმა Universita del Gusto-ში შესაბამისი ტრენინგიც გაიარა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ და მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებთ.
ყოველ შემოდგომაზე ტრიუფელის სეზონი პიემონტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. როგორ აცნობთ Casa di Langa-ს სტუმრებს ტრიუფელის სამყაროს – კონსიერჟის მომსახურებით, ტრიუფელზე ნადირობითა და გასტრონომიული გამოცდილებებით? თეთრი ტრიუფელის სეზონი ოქტომბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე გრძელდება. შავი ტრიუფელის სხვადასხვა სახეობა და ხარისხი კი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. Casa di Langa-ში კარგად გვესმის, რამდენად უნიკალურია ეს ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც ჩვენი მიწა გვაძლევს და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით სტუმრებს მის შესახებ ჩვენს ცოდნას ვუზიარებთ.
მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ტყეებში ადგილობრივ trifulao-ებთან (ტრიუფელის მაძიებლები) და მათ ძაღლებთან ერთად ტრიუფელზე ნადირობას ვთავაზობთ, გარდა მაისისა და სექტემბრისა, როდესაც ტყის აღდგენის მიზნით ეს საქმიანობა აკრძალულია. ტრიუფელზე მონადირეები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად და გამოცდილების განმავლობაში სტუმრებს საკუთარ ცოდნას უზიარებენ. უყვებიან, თუ როგორ წვრთნიან ძაღლებს, რა სახეობის ტრიუფელი არსებობს, როგორ განსხვავდება მათი სეზონურობა და ხარისხი და როგორ მოქმედებს ყოველწლიურად ამინდი მოსავალზე. ეს საგანმანათლებლო გამოცდილებაა, რომელიც ამავდროულად ძალიან სახალისოცაა.
შემოდგომაზე Faula Ristorante-ს მენიუ მოიცავს კერძებს, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს ამ რეგიონის ხასიათს. ზოგი ტრადიციულია, ზოგი – შემოქმედებითი; ზოგიერთს ძვირფასი ტრიუფელი იდეალურად უხდება, ზოგს კი – არა. თუმცა ამ სეზონის ყველა კერძს შესანიშნავად ერწყმის ამ ტერიტორიის გამორჩეული ღვი ნოები, რომელთა ტრადიციაც თაობებს აერთიანებს. სტუმრებს ყოველთვის ვურჩევთ, გაითვალისწინონ ჩვენი სომელიეს რეკომენდაციები. ისინი ღვინის, ტრადიციისა და ადგილის შეგრძნების თვალსაზრისით მათ მოლოდინს გაამართლებს და ხშირად გადააჭარბებს კიდეც.
Casa di Langa-ს საკუთარ ვენახებში მოჰყავს ალტა ლანგა პინო ნუარი და შარდონე, ამავდროულად მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ღვინის საწარმოებთან – Enrico Serafino-სა და Vietti-სთან. როგორ აცნობს სასტუმრო სტუმრებს პიემონტურ ღვინის კულტურას – საკუთარი მოსავლიდან დაწყებული, ამ მარნების საგანძურით დასრულებული? ჩვენს ტერიტორიაზე 11 ჰექტარი მოქმედი ვენახია, სადაც პინო ნუარი და შარდონე მოგვყავს. ჩვენი პარტნიორი კომპანია Enrico Serafino, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ალტა ლანგას ცქრიალა ღვინით და წლების წინ ამ მიმართულების ერთ-ერთი პიონერიც იყო, ჩვენს ვენახებს მთელი წლის განმავლობაში უვლის. ზრუნავს ნიადაგზე, ვაზის გასხვლასა და მოსავლის აღებაზე.
Casa di Langa-ს მოსავლით ისინი უდეის ალტა ლანგას ქმნიან – ღვინოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვთავაზობთ სტუმრებს, როგორც წესი, ვახშმამდე აპერიტივის სახით. ის შესანიშნავად გამოხატავს ჩვენს farm-totable კონცეფციას.
ამასთან, ძალიან გვიყვარს სტუმრებისთვის ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმული უძველესი ტრადიციების გაზიარება. გვაქვს რამდენიმე სახის ღვინის დეგუსტაცია, რომლებსაც უშუალოდ ჩვენი სომელიე ხელმძღვანელობს. განსაკუთრებით ვურჩევთ მათ იმ სტუმრებს, რომლებიც ამ რეგიონს პირველად სტუმრობენ, რადგან ეს საშუალებას აძლევს, საერთო წარმოდგენა შეიქმნან მანამდე, სანამ სხვადასხვა ადგილობრივ ღვინის საწარმოში დეგუსტაციაზე გაემგზავრებიან. ღვი ნის მცოდნეებისთვის მაღალი კლასის სპეციალურ დეგუსტაციებსაც ვაწყობთ, სადაც რეგიონის საუკეთესო ღვინოებია წარმოდგენილი.
კიდევ ერთი შესაძლებლობა, როდესაც სტუმრებს შეუძლიათ ღვინის წარმოებისა და მისი ისტორიის გაცნობა, Faula Ristorante-ში სადილი ან ვახშამია, რომელსაც ჩვენი სომელიეს მიერ შერჩეული შესანიშნავი ღვინოები ახლავს.
ეს რეგიონი მთლიანად საკვებზე, ღვინოზე, ტრიუფელსა და ბუნებაზეა აგებული.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს მკითხველსაც გვინდა გავახსენოთ, რომ საქართველოს მეღვინეობის ტრადიცია, რომლის განუყოფელი ნაწილია უძველესი თიხის ქვევრი, ხშირად მსოფლიოში ღვინის უწყვეტი კულტურის უძველეს ტრადიციად მოიხსენიება. შეგხვედრიათ თუ არა თქვენ ან თქვენს სომელიეთა გუნდს ეს ტრადიცია და ეხმიანება თუ არა მისი ბუნებრივ მემკვიდრეობაზე ორიენტირებული ხასიათი Casa di Langa-ს მიდგომას ღვინის მიმართ? სიმართლე გითხრათ, არა. ჩვენს რეგიონში რამდენიმე მეღვინე ღვინის დასავარგებლად თიხის ჭურჭელს იყენებს. ეს ადგილობრივი ტრადიცია არ არის, თუმცა ძალიან კარგ ღვინოებს იღებენ.
Casa di Langa-ს მიდგომა ღვინის მიმართ რეგიონის საუკეთესო ნიმუშების წარმოჩენას ეფუძნება. იქნება ეს ცნობილი მწარმოებელი თუ პატარა ღვინის საწარმო, ჩვენთვის მთავარი ღვინის ხარისხია. რა თქმა უნდა, ჩვენს ღვინის სიაში ბაროლოსა და ბარბარესკოს ძალიან დიდი არჩევანია, რადგან სწორედ ამ ულამაზეს რეგიონში ვიმყოფებით. თუმცა ასევე გვაქვს სხვა ადგილობრივი ჯიშებისა და დასახელებების ღვინოები, მათ შორის Timorasso, Barbera, Freisa, Moscato და Alta Langa.
ჩვენს სიაში დაახლოებით 1,000 ღვინის ეტიკეტია, მათ შორის იტალიური და ფრანგული ღვინოების შესანიშნავი არჩევანი.
ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
AVP Art Advisory-სთან თანამშრომლობით შექმნილი ახალი ხელოვნების პროგრამა, რომელიც Angiola Gatti-ს რეზიდენციით დაიწყო, Casa di Langa-ს Alba-ს 2027 წლის იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქის პროგრამასთან აკავშირებს. რამ შთაგაგონათ, კულინარიულ შეთავაზებებთან ერთად, ხელოვანთა რეზიდენციის სტრუქტურირებული პროგრამაც შეგექმნათ?
Casa di Langa-ში თანამედროვე ხელოვნების შესანიშნავი კოლექციაა წარმოდგენილი, როგორც ინტერიერში, ისე ღია სივრცეში. Art Collection ჩვენი სტუმრების გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და მათ საშუალებას აძლევს, სახვით ხელოვნებას ტრადიციული ინსტიტუციების ხალხმრავლობისგან მოშორებით გაეცნონ. კოლექცია რეგიონის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ერთგვარ პატივისცემად შეიქმნა და გათვლილია როგორც გამოცდილ კოლექციონერებზე, ისე დიზაინის მოყვარულებსა და მოგზაურებზე. აქ წარმოდგენილია ცნობილი იტალიელი, ამერიკელი და სხვა საერთაშორისო თანამედროვე ხელოვანების ათეულობით ნამუშევარი – ფერადი, აბსტრაქტული და გეომეტრიული ნამუშევრები, ასევე შვიდი სკულპტურა ღია სივრცეში. ჩვენ გვინდა, რომ სტუმრებმა ხელოვნება საკუთარი მოგზაურობის ინტიმურ ნაწილად აღიქვან – ფერწერულ ტილოებსა და სკულპტურებთან უშუალო კონტაქტით, რომლებიც გარემოს ენერგიას მატებს და საუბრის სურვილს აჩენს. თანამედროვე ხელოვნება ჩვენი მფლობელისა და დამფუძნებლის, Kyle J. Krause- ის დიდი გატაცებაა. მას ყოველთვის სურდა, ხელოვნების სილამაზე სტუმრებისთვის გაეზიარებინა არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც Casa di Langa-ში მათი გამოცდილების ნაწილი.
წლების განმავლობაში ბევრი იდეა გვქონდა, როგორ გაგვეზიარებინა ეს სტუმრებისთვის ისე, რომ კოლექციის მიმართ პატივისცემაც შეგვენარჩუნებინა და ხელოვნებისადმი ჩვენი გულწრფელი სიყვარულიც გვეჩვენებინა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ყველაზე ძვირფასი იდეების შემთხვევაში, საჭირო იყო სწორი მომენტისა და სწორი პარტნიორის დალოდება.
მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენთან Alexandra Van Peeborg და AVP Art Advisory თანამშრომლობდნენ და წარმატებით გავუმასპინძლდით პირველ ხელოვანთა რეზიდენციას Angiola Gatti-ს მონაწილეობით. ამ ახალი გამოცდილების დასაწყებად Casa di Langa-სთვის უკეთესი ხელოვანის რეკომენდაცია რთული იქნებოდა.
2027 წელს Alba იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი გახდება, ხოლო Casa di Langa და ჩვენი ორი პარტნიორი ღვინის საწარმო, Vietti და Enrico Serafino, მთელი წლის განმავლობაში საკუთარ სივრცეებში თითო ხელოვნების ნიმუშს უმასპინძლებენ, როგორც “Vigne ad Arte” პროგრამის ნაწილს. ეს შესაძლებლობა ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით თავად რეგიონისთვის, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება მოგზაურთა ახალი სეგმენტისთვის – ხელოვნების მოყვარულებისთვის. ეს რეგიონს საერთაშორისო ცნობადობას მოუტანს და უკეთ წარმოაჩენს მის მრავალწლიან საქმიანობას – ხელოვნების ნიმუშების შეგროვებასა და ადგილობრივი ხელოვანების მხარდაჭერას.
Gatti-ს რეზიდენციის ფარგლებში მან ლანგეს ლანდშაფტი ორიგინალურ ნამუშევრად უნდა გარდაქმნას. როგორ ხედავთ ხელოვნებისა და ადგილის ურთიერთკავშირს სასტუმროში და შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალ რეზიდენციებში იტალიის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანებიც მიიწვიოთ?
Casa di Langa ვერ იარსებებდა იმ არტ კოლექციის სილამაზის გარეშე, რომელსაც მასპინძლობს. ჩვენთან წარმოდგენილი ნამუშევრები იმდენად უნიკალური და ზუსტად შერჩეულია, რომ სრულად გამოხატავს მდგრადი ელეგანტურობის კონცეფციას, რომელიც ჩვენ განგვსაზღვრავს. ტერიტორიაზე განთავსებული სკულპტურები მჭიდროდ ერწყმის ლანდშაფტს, ბუნებასა და სასტუმროს ფერებს, ინტერიერში კი გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებმაც საკუთარი ბუნებრივი ადგილი Faula Ristorante-ში, LeLose spa-ში, ლობიში და სასტუმრო ნომრებში იპოვეს. გვიყვარს ამ სილამაზის სტუმრებისთვის გაზიარება და მათი გამოცდილების ნაწილად ქცევა.
AVP Art Advisory-ს მხარდაჭერით, 2027 წელს ორი რეზიდენციის მასპინძლობას ვგეგმავთ. ხელოვანები ჯერ შერჩეული არ არიან – ამჟამად მოკლე სიაზე ვმუშაობთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისინი იტალიელები ან იტალიის მოქალაქეები იქნებიან.
ᲤᲘᲚᲝᲡᲝᲤᲘᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲮᲔᲓᲕᲐ
როგორც Beyond Green-ის წევრისთვის, მდგრადობა თქვენს საქმიანობაში ყველაფერს მოიცავს – ორგანული ბაღებიდან არქიტექტურამდე. პრაქტიკულ, ყოველდღიურ საქმიანობაში როგორ ვლინდება ეს „თანდაყოლილი მდგრადობა“? ჩვენ, როგორც ბიზნესი და კონცეფცია, თავიდანვე მდგრადობის პრინციპებზე ჩამოვყალიბდით, ამიტომ ჩვენი ყველა საქმიანობა და იდეა ეფუძნება, უკავშირდება ან პატივს სცემს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენი სერტიფიკატებით არის განსაზღვრული. ჩვენთვის მდგრადობა მხოლოდ პლანეტაზე ზრუნვას არ ნიშნავს, ის ადამიანებზე ზრუნვასაც გულისხმობს, იქნება ეს ჩვენი თანამშრომლები, სტუმრები თუ ადგილობრივი საზოგადოება.
საოპერაციო თვალსაზრისით, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. დავიწყოთ არქიტექტურითა და დიზაინით: ბუნებრივი მასალების გამოყენება მუდმივ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ დროსა და ინვესტიციას საჭიროებს, რათა შენობა და მომსახურება სტუმრებისთვის ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იყოს.
ეკოლოგიურად სუფთა საწმენდ საშუალებებს ვიყენებთ. ისინი ბუნების მიმართ აგრესიული არ არის და მასალებს არ აზიანებს, თუმცა უფრო ძვირი ღირს. ჩვენი ლეიბები ადგილობრივი მწარმოებლის მიერ, ორგანული მასალებით, ხელით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მუდმივი მოვლა სჭირდება, რათა სტუმრებს ყოველთვის ერთნაირი კომფორტი შევთავაზოთ. ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.
ჩვენს ორგანულ ბაღებს გასაშენებლად დიდი დრო დასჭირდა. როდესაც ტერიტორია შევიძინეთ, ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო – არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტი, არამედ მიწაც და ტყეც. გარემომცველი ბუნების გაცოცხლება უზარმაზა რი სამუშაო აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველაფერი ხელით გავაკეთეთ.
ნიადაგს ორგანული მეთოდებით ვამდიდრებდით, შევიმუშავეთ წყლის მოხმარების შემცირების გზები, დავრგეთ ახალგაზრდა ხეები ისე, რომ მცირე რაოდენობის წყლითაც კარგად გაზრდილიყვნენ და შევარჩიეთ მცენარეები, რომლებიც სხვა მცენარეების ზრდას უწყობს ხელს, ამავდროულად ნიადაგს ამდიდრებს და ტენიანობას ინარჩუნებს. ამას დრო და სტრატეგია სჭირდება და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი დრო, როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებ.
ჩვენი სტუმრები ტკბებიან ხედებით, არქიტექტურული დეტალებით, დიზაინით, ბუნებრივი მასალებით, ნომრების თავისებურებებით, ჩვენს მიერ შექმნილი გამოცდილებებითა და რესტორნის მენიუს კონცეფციით. ისინი გრძნობენ ადგილის ნამდვილ ხასიათს – გარემოს, სადაც ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ნამდვილად გამოხატავს Casa di Langa-ს.
საბოლოოდ, მთელი ეს ძალისხმევა დადებით შედეგს იძლევა როგორც ჩვენი ბრენდისთვის, ისე სტუმრის გამოცდილებისთვის და ეს ყველაფრად ღირს.
და ბოლოს, კითხვა, რომელსაც ყველა ჩვენს რესპონდენტს ვუსვამთ: მსოფლიოს რომელ ადგილას გიყვართ ყველაზე მეტად მოგზაურობა და რა ხდის მას თქვენთვის განსაკუთრებულს? მსოფლიოში ერთი გამორჩეულად საყვარელი ადგილი არ მაქვს – თუ, რა თქმა უნდა, ესპანეთს არ ჩავთვლით, რადგან ესპანელი ვარ და ჩემი ქვეყანა მთელი გულით მიყვარს. თუმცა ნებისმიერ ადგილს ავირჩევდი, სადაც ბედნიერი თანამშრომლებისგან გულწრფელ და ნამდვილ მომსახურებას მივიღებდი. ჩემთვის სწორედ ეს არის სტუმარმასპინძლობა – ის, რაც გამოცდილებას მოგონებად აქცევს.












