Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

LONGEVITY – ტრენდი თუ მედიცინის მომავალი?

LONGEVITY – ტრენდი თუ მედიცინის მომავალი?

ბოლო რამდენიმე წელია სიტყვა longevity სულ უფრო ხშირად გვხვდება – სამედიცინო კონგრესებზე, სამეცნიერო პუბლიკაციებში, ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ერთი შეხედვით, შეიძლება მორიგ მოდურ მიმართულებად მოგვეჩვენოს, თუმცა longevity medicine-ის მთავარი მიზანი მხოლოდ სიცოცხლის წლების დამატება კი არა, ჯანმრთელად გატარებული წლების გახანგრძლივებაა.

რას ნიშნავს longevity მედიცინა პრაქტიკაში, რამდენად შეუძლია თანამედროვე მედიცინას დაბერების პროცესებზე გავლენა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზედმეტ დაპირებებს შორის – ამ თემებზე ვესაუბრებით ექიმ ნინო გაფრინდაშვილს – ოფთალმოლოგს, ესთეტიკური მედიცინის ექიმსა და ლაზერულ ქირურგს, კლინიკა FEMINA-ს დამფუძნებელსა და მთავარ ექიმს, American Academy of Aesthetic Medicine-ის (AAAM) წევრს და Galderma-ს საერთაშორისო ტრენერს.

– დავიწყოთ ყველაზე მარტივი კითხვით: რას ნიშნავს longevity medicine?

– ჩემთვის longevity medicine პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის თანამედროვე ფორმაა. მისი მიზანი არ არის უკვდავება ან დაბერების სრულად შეჩერება. მთავარი კითხვაა: როგორ დარჩეს ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი, ფუნქციური, ენერგიული და დამოუკიდებელი?

აქ მნიშვნელოვანია ორი ცნება – lifespan და healthspan. პირველი ნიშნავს, რამდენ ხანს ვცხოვრობთ, მეორე კი – ამ წლებიდან რამდენს ვატარებთ ჯანმრთელად. longevity-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მათ შორის სხვაობის შემცირებაა.

– ანუ საუბარი უფრო დაავადებების პრევენციაზეა, ვიდრე უშუალოდ დაბერების შეჩერებაზე?

– დღეს – დიახ. თუმცა მიდგომა კლასიკურ პრევენციაზე უფრო ფართოა. ტრადიციულად მედიცინა ხშირად მაშინ ერთვება, როდესაც დაავადება უკვე გამოვლენილია. longevity medicine კი ცდილობს რისკები გაცილებით ადრე დაინახოს.

არ დაველოდოთ დიაბეტის განვითარებას და მანამდე შევაფასოთ მეტაბოლური ჯანმრთელობა; არ დაველოდოთ მოტეხილობას და წინასწარ ვიცოდეთ ძვლის სიმკვრივე და კუნთოვანი მასა; გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველი გამოვლინება არ უნდა გახდეს ინფარქტი.

ეს მედიცინის ფილოსოფიის ცვლილებაა – რეაქტიულიდან პროაქტიულ მედიცინამდე.

– რა უნდა ვიცოდეთ საკუთარ ორგანიზმზე, რომ ასეთი მიდგომა რეალურად მუშაობდეს?

– ერთი ანალიზი ან ერთი „longevity test“ საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სრული სურათი – სხეულის კომპოზიცია, ვისცერული ცხიმი, კუნთოვანი და ძვლოვანი მასა, არტერიული წნევა, ლიპიდური და გლუ კოზის მეტაბოლიზმი, კარდიორესპირატორული შესაძლებლობები, ფიზიკური ძალა, ძილი, კვება და ყოველდღიური აქტივობა.

ამას ემატება ასაკი, სქესი, გენეტიკური და ოჯახური ისტორია, მენოპაუზა და სხვა ჰორმონული ცვლილებები. ამიტომ longevity ერთი კონკრეტული პროცედურა ან პრეპარატი კი არა, მონაცემებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგიაა.

– ხშირად გვესმის „ბიოლოგიური ასაკის“ შესახებ. რამდენად რეალური ცნებაა ეს?

– ერთი და იმავე ქრონოლოგიური ასაკის ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიოლოგიური რესურსი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

ამ განსხვავების აღწერას ცდილობს ბიოლოგიური ასაკის კონცეფცია. არსებობს სხვადასხვა ალგორითმი, ეპიგენეტიკური საათები და ბიომარკერების კომბინაციები, თუმცა ჯერ არ გვაქვს ერთი უნივერსალური ტესტი, რომელიც ზუსტად გვეტყვის: „თქვენი ორგანიზმი ამდენი წლისაა“.

– რა არის დღეს ყველაზე ძლიერი „anti-aging“ საშუალება?

– ალბათ ყველაზე ნაკლებად ეგზოტიკური პასუხი: მოძრაობა.

ფიზიკური აქტივობა – განსაკუთრებით ძალოვანი და აერობული დატვირთვის კომბინაცია – კუნთოვანი მასის შენარჩუნება, ჯანსაღი კვება, მეტაბოლური ჯანმრთელობა, ხარისხიანი ძილი და თამბაქოსგან თავის არიდება ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების საფუძვლად რჩება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთი. ასაკთან ერთად კუნთოვანი მასისა და ძალის დაკარგვა გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, ძვლებზე, მოძრაობასა და დამოუკიდებლობაზე. ამიტომ longevity მედიცინაში muscle health სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

– სად ჯდება ამ სურათში თანამედროვე მედიკამენტები, მაგალითად GLP-1 ჯგუფი?

– GLP-1-ზე დაფუძნებულმა თერაპიებმა სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის მართვა მნიშვნელოვნად შეცვალა და გარკვეულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა რისკის შემცირების მონაცემებიც გვაქვს.

მაგრამ longevity-ის კონტექსტში მხოლოდ ნაკლები წონა მიზანი არ არის. აუცილებელია კუნთოვანი მასის შენარჩუნება, ადეკვატური კვება, ცილის მიღება და ძალოვანი ვარჯიში. სხვაგვარად ადამიანი შეიძლება სასწორზე მსუბუქი გახდეს, მაგრამ ფუნქციურად უკეთესი შედეგი ვერ მივიღოთ.

– ქალებისთვის longevity medicine განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს?

– აუცილებლად. პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში იცვლება სხეულის კომპოზიცია, ძვლის მეტაბოლიზმი, კუნთოვანი მასა, ძილი, ლიპიდური პროფილი და გულ-სისხლძარღვთა რისკები.

ამიტომ ქალის longevity პროგრამა არ შეიძლება იყოს უბრალოდ მამაკაცისთვის შექმნილი მოდელის ადაპტაცია. ვფიქრობ, ქალთა ჯანმრთელობა ამ სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდება – განსაკუთრებით მენოპაუზის, მეტაბოლური ჯანმრთელობის, კუნთისა და ძვლის დაცვის ერთიანი მიდგომით.

– ხელოვნური ინტელექტი და თან სატარებელი ტექნოლოგიები რამდენად შეცვლის ამ სფეროს?

– ძალიან მნიშვნელოვნად. დღეს უკვე შეგვიძლია მუდმივად მივიღოთ ინფორმაცია გულისცემის, ძილისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ. მომავალში ეს მონაცემები უფრო მეტად გაერთიანდება ლაბორატორიულ, გენეტიკურ და კლინიკურ ინფორმაციასთან.

AI-ის ღირებულება დიდი მოცულობის მონაცემებში ისეთი ცვლილებების აღმოჩენაში შეიძლება იყოს, რომლებიც სხვაგვარად გამოგვრჩებოდა. თუმცა ტექნოლოგიამ ექიმი არ უნდა ჩაანაცვლოს – ის ექიმს უფრო სრულყოფილი სურათის შექმნაში უნდა დაეხმაროს.

– და რეგენერაციული მედიცინა? შესაძლებელია მომავალში უკვე დაზიანებული ქსოვილების არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ რეალური გაახალგაზრდავებაც?

– სწორედ აქ არის longevity-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამომავლო მიმართულება. უჯრედული თერაპიები, ქსოვილების რეგენერაცია და უჯრედული დაბერების – senescence-ის – ბიოლოგია სწრაფად ვითარდება.

თუმცა მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და მარკეტინგის გამიჯვნა. ყველაფერი, რასაც დღეს „regenerative“ ან „anti-aging“ ეწოდება, ერთნაირი ხარისხის მტკიცებულებას არ ეფუძნება. მიუხედავად ამისა, სწორედ აქ შეიძლება მომდევნო ათწლეულებში ვიხილოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვაც მტკიცებულებებსა და უსაფრთხოებას უნდა დაეფუძნოს.

– საბოლოოდ, longevity დღეს უფრო ტრენდია თუ მედიცინის მომავალი?

– სწრაფად მზარდი სფეროების გარშემო ყოველთვის ჩნდება მარკეტინგი და ზედმეტი დაპირებებიც. მაგრამ თუ ამ ხმაურს გვერდზე გადავდებთ, longevity-ის ძირითადი იდეა სრულიად ლოგიკურია: დაავადებების ადრეული აღმოჩენა, რისკების ინდივიდუალური შეფასება, მეტაბოლური და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის დაცვა, კუნთისა და ძვლის შენარჩუნება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ ადამიანი უფრო დიდხანს დარჩეს ჯანმრთელი.

ამიტომ longevity-ს მხოლოდ ტრენდად ვერ განვიხილავ. მედიცინა თანდათან გადადის დაავადების მკურნალობიდან ჯანმრთელობის აქტიურ მართვაზე.

ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა ჯერ კიდევ მეცნიერების ერთ-ერთი ურთულესი კითხვაა. მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების პერიოდის გახანგრძლივება ბევრად უფრო რეალური მიზანია – და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დღეს ჩვენს ხელშია.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.