დავით კაკაბაძის შემოქმედება როცა ხანჯალი ხელოვნებად იქცა

ქართველი კაცისთვის იარაღი ოდითგანვე არ ყოფილა მხოლოდ ბრძოლის იარაღი. ხანჯალი პატივის, ღირსებისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლო იყო. განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა საპარადო იარაღი, რომლის ქარქაშსა და ვადაზე შესრულებული ჩუქურთმები თუ მინანქარი მფლობელის სტატუსსა და ქართული ოქრომჭედლობის სიმაღლეს უსვამდა ხაზს.
ქართული ოქრომჭედლობა საუკუნეების განმავლობაში ინახავდა იმ საიდუმლოს, რომელმაც შუა საუკუნეებში საქართველოს სახელი შორს გაუთქვა. ტიხრული მინანქარი – ლითონისა და მინის სინთეზი – არ არის უბრალოდ ხელოსნობა; ეს არის მოთმინების, სიზუსტისა და ოსტატობის უმაღლესი გამოვლენა. ამ უძველესი ტრადიციის თანამედროვე მემკვიდრეთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვანი დავით კაკაბაძე. დიდი მხატვრის, დავით კაკაბაძის შთამომავალი, საკუთარ შემოქმედებაში აერთიანებს გენეტიკურ მხატვრულ ხედვასა და ძველი ქართული ჭედურობისა თუ მინანქრის ტექნიკას.
დავით კაკაბაძის შემოქმედება ერთგვარი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მისი ნამუშევრები აცოცხლებს როგორც საეკლესიო სიწმინდეებს, ისე ეროვნულ, საბრძოლო თუ ისტორიულ მოტივებს.
დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ცივი იარაღის მოჭედილობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ოსტატის ხელში ფოლადი, ოქრო, ვერცხლი და ფერადი მინანქარი ერთიან, ჰარმონიულ სტრუქტურად ყალიბდება.
ოსტატის დამზადებული ხმლებისა და ხანჯლების ქარქაშები ხშირად შემკულია რთული ორნამენტული ტიხრე ბით. მინანქრით შესრულებული ეროვნული მოტივები, ვაზის ლერწამი, ასომთავრული წარწერები თუ გეომეტრიული ფიგურები იარაღს უნიკალურ იერსახეს ანიჭებს.
საპარადო ხანჯლებზე მინანქრის გამოყენება განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. დამუქრებულ ვერცხლსა თუ ოქროს ბზინვარებასთან კონტრასტში შეყვანილი ღრმა ლურჯი, მეფური მეწამული და ზურმუხტისფერი მინანქარი ხანჯალს სამზეო ნივთად აქცევს. იარაღზე მუშაობისას ოსტატი ითვალისწინებს ნივთის არქიტექტონიკას – მინანქრის ტიხრები და ფირფიტები ისეა ინტეგრირებული ლითონში, რომ არ ირღვევა ხანჯალის წონასწორობა, ერგონომიკა და ბუნებრივი ფორმა.
დავით კაკაბაძის სახელოსნოში შექმნილი თითოეული საპარადო ხანჯალი ექსკლუზიურია. ოსტატის ნამუშევრებში ერთმანეთს ავსებს ფილიგრანის, ტიხრული მინანქრისა და ლითონის მხატვრული დამუშავების ტექნიკა.
ქარქაშის დეტალების დაწვნა წვრილი მავთულით, რაც იარაღს ჰაეროვნებასა და ფაქიზ ფაქტურას ანიჭებს.
ხანჯალის ვადაზე განთავსებული უმცირესი მინანქრის მედალიონები, სადაც მიკროსკოპული სიზუსტით არის გამოყვანილი ეროვნული სიმბოლიკა.
მინანქრის გვერდით ხშირად გამოიყენება ბუნებრივი ძვირფასი ქვები, რაც ძველი ქართული სამეფო იარაღის სტილს აცოცხლებს.
„როდესაც ხანჯალის მოჭედილობაზე მუშაობ, პასუხისმგებლობა ორმაგია. ეს არ არის უბრალოდ სამკაული – ეს არის იარაღი, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი, სიმტკიცე და სული. მინანქარმა ეს სიმტკიცე კი არ უნდა დაჩრდილოს, არამედ მის დიდებულებას გაუსვას ხაზი.“ დავით კაკაბაძის მიერ შექმნილი ხმლები მხოლოდ დეკორატიული ნივთები როდია; ისინი ქართული საბრძოლო სულისკვეთებისა და ოქრომჭედლობის უწყვეტობის მატერიალური დასტურია.
– დავით კაკაბაძე



