ლანგეს ბრილიანტი
ალბას თეთრი ტრიუფელის სეზონი – ნადირობა, გორაკები, სად დავრჩეთ, სად ვივახშმოთ და როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა. დასასრულს კი ერთი ამბავი თბილისის შემოგარენის ტყეებიდან.

ᲘᲥ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲨᲔᲛᲝᲓᲒᲝᲛᲐ ᲝᲥᲠᲝᲡᲤᲔᲠᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ
დღის ერთ განსაკუთრებულ მონაკვეთში, როდესაც ვენახებში სამუშაო უკვე დასრულებულია, რესტორნებში კი პირველი შუქები ინთება, ლანგეში შემოდგომის სურნელი განსაკუთრებით იგრძნობა – ნესტიანი მიწის, შეშის კვამლისა და კიდევ რაღაც სრულიად განსხვავებულის. სწორედ ეს უკანასკნელი იზიდავს უკვე თითქმის საუკუნეა მყიდველებს, შეფ-მზარეულებსა და უბრალოდ ცნობისმოყვარე მოგზაურებს პიემონტის ამ კუთხეში.
ყოველ ოქტომბერს ტურინის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაჭიმული გორაკები განსაკუთრებული მოლოდინით ივსება. ტემპერატურა იკლებს, ღამით მდინარის ხეობებს ნისლი ეფინება, სადღაც მუხის, ალვის ან ტირიფის ფესვებთან კი ღია თიხისფერი სოკო თავისი ხანმოკლე და იდუმალი სიცოცხლის დასასრულს უახ ლოვდება. ეს Tuber magnatum Pico – ალბას თეთრი ტრიუფელია, რომელიც წელიწადში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში პიემონტის პატარა ქალაქს მსოფლიო გასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად აქცევს.
შავი ტრიუფელისგან განსხვავებით, თეთრი ტრიუფელის მოყვანა დღემდე ვერ შეძლეს. ის მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ ადგილებში, ლანგეს, როეროსა და მონფერატოს კირქვიან-თიხოვან ნიადაგში იზრდება. ეს ლანდშაფტი დღეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი – როგორც თავისი ვენახების, ისე მიწისქვეშ დამალული სიმდიდრის გამო. ამბობენ, რომ კომპოზიტორმა ჯოაკინო როსინიმ თეთრ ტრიუფელს „სოკოების მოცარტი“ უწოდა. 1788 წელს კი ტურინელმა ექიმმა ვიტორიო პიკომ მას ლათინური სახელი მიანიჭა და სიტყვა magnatus გამოიყენა, რომელიც დიდგვაროვან და გავლენიან ადამიანს აღნიშნავდა. ორივე შედარება დღემდე შესაფერისად ჟღერს: ერთი ტრიუფელის ფასი შეიძლება ასობით ევროს აღწევდეს, განსაკუთრებული ნიმუშები კი ყოველწლიურ აუქციონებზე გაცილებით ძვირად იყიდება.
ალბას თეთრი ტრიუფელის საერთაშორისო გამოფენა – Fiera Internazionale del Tartufo Bianco d’Alba – ოქტომბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე, შემოდგომის შაბათ-კვირებზე იმართება და მოგზაურობის ამ პერიოდზე დაგეგმვა ნამდვილად ღირს. ალბას შუასაუკუნეების ცენტრი ბაზრებით, ტრიუფელის აუქციონებით, კულინარიული დემონსტრაციებითა და დროდადრო კოსტიუმირებული მსვლელობებით ივსება. ამ ღონისძიებისა და თავად ტრიუფელის მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებაში უდიდესი როლი ადგილობრივმა სასტუმროს მფლობელმა ჯაკომო მორამ შეასრულა. XX საუკუნის შუა წლებში მან თეთრი ტრიუფელები უინსტონ ჩერჩილს, მერილინ მონროს, ალფრედ ჰიჩკოკსა და პაპ პავლე VI-საც კი გაუგზავნა. ეს მარკეტინგული ალღო დღემდე იგრძნობა იმაში, თუ როგორ აცნობს ალბა საკუთარ თავს მსოფლიოს. მისი მაღაზია, Tartufi Morra, ქალაქში 1930 წლიდან საქმიანობს.
ᲢᲠᲘᲣᲤᲔᲚᲖᲔ ᲜᲐᲓᲘᲠᲝᲑᲐ
ᲙᲐᲠᲒᲘ ᲡᲐᲜᲐᲓᲘᲠᲝ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ ᲝᲯᲐᲮᲣᲠ ᲠᲔᲪᲔᲞᲢᲡ ᲰᲒᲐᲕᲡ, ᲗᲐᲝᲑᲘᲓᲐᲜ ᲗᲐᲝᲑᲐᲡ ᲩᲣᲛᲐᲓ ᲒᲐᲓᲐᲔᲪᲔᲛᲐ ᲓᲐ ᲘᲨᲕᲘᲐᲗᲐᲓ ᲘᲬᲔᲠᲔᲑᲐ.
პიემონტურ დიალექტზე ტრიუფელზე მონადირეებს trifulau-ს, იტალიურად კი tartufai-ს უწოდებენ და ამ საქმიანობას დღემდე გარკვეული ფოლკლორული ხიბლი ახლავს. ტრადიციულად მონადირეები ღამით ან გამთენიისას გადიოდნენ ტყეში. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ გრილ და უქარო ამინდში ძაღლი ტრიუფელის სუნს უკეთ გრძნობს, მეორე კი – საუკეთესო ადგილების კონკურენტებისგან დამალვა. საუკუნეების განმავლობაში ამ საქმეში ღორებს იყენებდნენ, თუმცა დიდი ხანია ისინი ძაღლებმა, უმეტესად ხუჭუჭბეწვიანმა ლაგოტო რომანიოლომ, ჩაანაცვლეს. ძაღლები არა მხოლოდ უფრო ზუსტები არიან, არამედ ნაპოვნი ტრიუფელის შეჭმის სურვილიც გაცილებით ნაკლებად აქვთ.
ტრიუფელის მოპოვებას რეგიონული კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს: საჭიროა შესაბამისი ლიცენზია და თითოეული სახეობისთვის განსაზღვრულია სეზონი. თეთრი ტრიუფელის პერიოდი დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან იანვრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო შავი და ზაფხულის სახეობებისთვის სხვა კალენდარი მოქმედებს. რადგან საუკეთესო ადგილები ოჯახურ საიდუმლოდ ინახება, ტურისტებისთვის შეთავაზებული ბევრი „ტრიუფელზე ნადირობა“ რეალური ძიების უფრო საჩვენებელი ვერსიაა. თუმცა ადგილობრივი ოპერატორების ნაწილი, განსაკუთრებით თავად ლანგეში, ნამდვილ ნადირობასაც აწყობს. შემოდგომაზე ასეთი გამოცდილების დაჯავშნა უმჯობესია წინასწარ მოხდეს.
ᲚᲐᲜᲒᲔᲡ ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ
ალბა რეგიონის ბუნებრივი ცენტრია – პატარა, თაღოვანი გალერეებით შემოსაზღვრული ძველი ქალაქი, რომლის გული Piazza Risorgimento და Cattedrale di San Lorenzo-ა. ტრიუფელის გამოფენის დღეებში ბაზარი Via Vittorio Emanuele-ს გასწვრივ იშლება. თუმცა ლანგეს უკეთ გასაცნობად მთავარი გზიდან გადახვევაც ღირს.
ლა მორა, რომელიც ვენახების თავზე, მაღალ ქედზე მდებარეობს, ლანგეს ერთ-ერთ საუკეთესო ხედს გვთავაზობს – ჰორიზონტამდე გადაჭიმულ ვენახებს, რომლებიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლისას. სოფელი ბაროლო გაცილებით პატარაა, ვიდრე მისი სახელის მსოფლიო პოპულარობა შეიძლება გვაფიქრებინებდეს. მის ცენტრში დგას Castello Falletti, სადაც დღეს WiMu – ღვინის საინტერესო მუზეუმია განთავსებული. იქვეა Marchesi di Barolo-ს ისტორიული მარნები, სადაც დაახლოებით ორი საუკუნის წინ თანამედროვე ბაროლოს სტილის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი და სადაც აბონას ოჯახი ღვინოს დღემდე იმავე თაღოვან სარდაფებში აძველებს.
მონფორტე დ’ალბა ქვის ვიწრო ქუჩებით ამფითეატრივითაა გაშენებული. აქ ზაფხულობით ცნობილი ჯაზფესტივალი იმართება და რეგიონის არაერთი გამორჩეული რესტორანიც მდებარეობს. გრინცანე კავურის თხრილით გარშემორტყმული ციხესიმაგრე, სადაც ოდესღაც სახელმწიფო მოღვაწე კამილო კავური ცხოვრობდა, დღეს რეგიონული ენოთეკაცაა – ერთ სივრცეში პიემონტის ასობით ღვინის ეტიკეტითა და საკუთარი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნით.
უფრო აღმოსავლეთით ბარბარესკო და ნეივე ნებიოლოს ყურძენზე დაფუძნებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მეღვინეობის ზონას ქმნიან. ბარბარესკოს შუასაუკუნეების კოშკიდან გადაშლილი ხედი ლა მორას პანორამას არაფრით ჩამოუვარდება. სერალუნგა დ’ალბას წვრი ლი, მაღალი ციხესიმაგრე შორიდანვე ჩანს, მის ირგვლივ კი რეგიონის არაერთი ცნობილი რესტორანია თავმოყრილი. ჩრდილოეთით მდებარე როეროს უფრო ქვიშიან და ველურ გორაკებს ეროზიით წარმოქმნილი კლდეები – le Rocche – კვეთს. აქ ძველი ტყის საფარი უკეთ არის შემორჩენილი, ვიდრე ვენახებით მჭიდროდ დაფარულ ლანგეში, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გამოცდილი ტრიუფელის მონადირეები ამ ადგილებს დღემდე განსაკუთრებულად აფასებენ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲮᲕᲓᲔᲗ ᲘᲥ ᲓᲐ ᲠᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ
Georgian Airways-ის მგზავრებისთვის ამ მოგზაურობის დასაწყებად რომიც და მილანიც მოსახერხებელი მიმართულებაა. ამ შემოდგომაზე კი ტრიუფელის მხარემდე თავად მგზავრობაც შეიძლება ცალკე გამოცდილებად იქცეს.
რომსა და ალბას ახალი მარშრუტი Espresso Langhe Monferrato აკავშირებს. ეს ვინტაჟური სტილის ღამის მატარებელია, რომელიც ოქტომბერში FS Treni Turistici Italiani-ს ტურისტული სარკინიგზო მარშრუტების პროგრამას უერთდება. საღამოს რომში მატარებელში ჩასხდებით, განახლებულ, XX საუკუნის შუა პერიოდის სტილში მოწყობილ კუპეში განთავსდებით და გზაში გურმანული ვახშმით ისიამოვნებთ. ღამით კი მატარებელი იტალიის ქალაქგარეთ, ჩრდილოეთისკენ მიემართება და მისი მშვიდი რწევა ძილს მოგგვრით. FS-ის Espresso-ს ღამის მარშრუტებზე ორმხრივი მგზავრობა საერთო კუპეში დაახლოებით €200-€400 ღირს, კერძო კუპეში კი €300-€500, სეზონისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით.
დილით უკვე ტრიუფელის მხარეში იღვიძებთ. მატარებლის განრიგი ალბას თეთრი ტრიუფელის გამოფენის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ სადგურიდან გამოსვლისთანავე შეიძლება თითქმის პირდაპირ ბაზრებში, კულინარიულ დემონსტრაციებსა და ტრიუფელზე ნადირობის ტურებში აღმოჩნდეთ, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის დასაწყისამდე ქალაქის შუასაუკუნეების ცენტრს ყოველ შაბათ-კვირას აცოცხლებენ. ეს უფრო ნელი და რომანტიკული გზაა, ვიდრე გადაჯდომით ფრენა და ავტომობილის დაქირავება და თავად მგზავრობას მოგზაურობის პირველ თავად აქცევს.
თუ ალბაში რჩებით და ტრიუფელზე ნადირობისა თუ ღვინის მარნებში ვიზიტებისთვის მძღოლს ან ტურ-ოპერატორს ქირაობთ, ავტომობილი აუცილებელი არ არის. თუმცა საკუთარი მანქანა პატარა სოფლების მონახულებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და საუკეთესო საშუალებაა, თუ ერთ მოგზაურობაში ლანგეს, როეროსა და ბარბარესკოს რამდენიმე დღიანი მარშრუტის გაერთიანება გსურთ. თუ ალბაში ღამის მატარებლით ჩადიხართ, სადგურში ტრანსფერის წინასწარ ორგანიზებაც კარგი იდეაა.
მილანის გავლით ჩასულ მგზავრებს მსგავსი შესაძლებლობა აქვთ. რომის ღამის მატარებლის ოპერატორმა FS Treni Turistici Italiani-მ ტრიუფელის სეზონისთვის მილანი–ალბას ისტორიული დღის მარშრუტიც აღადგინა. მატარებელი შემოდგომის რამდენიმე შერჩეულ კვირა დღეს, 1970-იანი წლების აღდგენილი Gran Confort-ის ვაგონებით მოძრაობს. Milano Centrale-დან ის დილის 9:05 საათზე გადის, პავიას, ალესანდრიასა და ასტის გაივლის და ალბაში 12:35-ზე ჩადის. გზაში მგზავრებს ნებიოლოს დეგუსტაციები და ადგილობრივ ტრადიციებზე საუბრები ელოდებათ. უკან მატარებელი ალბიდან 18:20-ზე გამოდის და მილანში 22:00 საათისთვის ბრუნდება. ორმხრივი ბილეთის ფასი ზრდასრულებისთვის €92-ია, 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი – €46. ღამის მარშრუტისგან განსხვავებით, ეს ლანგეში ერთდღიანი მოგზაურობაა და განსაკუთრებით მოსახერხებელია მოკლე ვიზიტისთვის ან რეგიონის პირველად გასაცნობად.
რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს: თუ ოქტომბერსა და ნოემბერში, განსაკუთრებით შაბათ-კვირას მოგზაურობთ, ყველაფერი წინასწარ დაჯავშნეთ – ღამის მატარებელი, სასტუმროები, ტრიუფელზე ნადირობა და განსაკუთრებით რესტორნები. ამ პერიოდში გამოფენა სტუმრებს მთელი იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან იზიდავს. სამუშაო დღეები და სეზონის ბოლო, დეკემბერ ში, შედარებით მშვიდი და ხშირად უფრო ბიუჯეტურიცაა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სწორედ მაშინ, როცა ხალხმრავლობა იკლებს, ტრიუფელი საუკეთესოა. მოემზადეთ გრილი, ნესტიანი ამინდისა და ტალახიანი ბილიკებისთვის, როგორი პროგნოზიც არ უნდა იყოს და გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველაფერი საკუთარ, აუჩქარებელ რიტმს მიჰყვება – ჯავშანს სერიოზულად ეკიდებიან, მაგრამ ხანგრძლივ სადილსაც არანაკლებ.
ᲡᲐᲓ ᲓᲐᲕᲠᲩᲔᲗ
ლანგეს საუკეთესო სასტუმროები, როგორც წესი, პატარა, ინდივიდუალური დიზაინის მქონე ადგილებია და არა დიდი, უსახური სასტუმროები. ბევრი მათგანი ყოფილ ფერმერულ სახლებში, მონასტრებსა თუ ციხესიმაგრეებშია განთავსებული.
• Casa di Langa (ჩერეტო ლანგე) – 5 ვარსკვლავი, დაახლოებით €380–€430 ღამეში. თანამედროვე ქალაქგარე კურორტი საკუთარი სპა-ცენტრით, ბოსტნითა და რესტორნით, ალბიდან მცირე მანძილზე.
• Relais San Maurizio (სანტო სტეფანო ბელბო) – 5 ვარსკვლავი, დაახლოებით €350–€490 ღამეში. XVIII საუკუნის ყოფილი მონასტერი, რომელიც სპასასტუმროდ გადაკეთდა და რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ მიიჩნევა.
• Hotel Villa Beccaris (მონფორტე დ’ალბა) – 4 ვარსკვლავი, დაახლოებით €245–€300 ღამეში. XVIII საუკუნის არისტოკრატიული ვილა, რომელიც ბუტიკ-სასტუმროდ გადაკეთდა და ვენახების ხედით აუზის ტერასა აქვს.
• Hotel Castello di Sinio (სინიო) – 4 ვარსკვლავი, დაახლოებით €245–€335 ღამეში. XII საუკუნის აღდგენილი ციხესიმაგრე ბაროლოსა და ბარბარესკოს მეღვინეობის ზონებს შორის.
• Villa d’Amelia (ბენეველო) – 4 ვარსკვლავი, დაახლოებით €180–€270 ღამეში. XIX საუკუნის ფერმერული სახლი, რომელიც ქალაქგარე სასტუმროდ გადაკეთდა და მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანიც აქვს.
• Il Boscareto Resort (სერალუნგა დ’ალბა) – 5 ვარსკვლავი, დაახლოებით €410–€525 ღამეში. სპაკურორტი სოფლის ცნობილი ციხესიმაგრის ძირში, საკუთარი ვარსკვლავიანი რესტორნით – La Rei.
მითითებული ფასები მაღალი სეზონის პერიოდში ორადგილიანი ნომრის საშუალო საორიენტაციო ღირებულებაა
და
თარიღებისა მოთხოვნის მიხედვით იცვლება. დაჯავშნამდე ფასების უშუალოდ სასტუმროსთან გადამოწმება რეკომენდებულია.
ᲡᲐᲓ ᲛᲘᲕᲘᲠᲗᲕᲐᲗ
რესტორნების ხარისხისა და რაოდენობის თვალსაზრისით, ლანგე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გასტრონომიული რეგიონია, ტრიუფელის სეზონზე კი ადგილობრივი სამზარეულო თავის საუკეთესო სახეს აჩვენებს.
ალბაში მდებარე Piazza Duomo, შეფ ენრიკო კრიპას ხელმძღვანელობით, მიშლენის სამ ვარსკვლავს ფლობს და ყოველ შემოდგომაზე თეთრი ტრიუფელის სპეციალურ სადეგუსტაციო მენიუს სთავაზობს სტუმრებს. მაგიდა რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშნეთ. იმავე შენობაში, ერთი სართულით ქვემოთ, მისი პარტნიორი რესტორანი La Piola უფრო თავისუფალ, ოსტერიის ტიპის გარემოში tajarin al tartufo-სა და უმი საქონლის ხორცის battuta-ს გთავაზობთ. ტრეიზოში La Ciau del Tornavento მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანსა და ვენახების ხედს დაახლოებით 60 000 ბოთლისგან შემდგარ ღვინის მარანს უთავსებს. Guido Ristorante, რომელიც სერალუნგა დ’ალბაში, Fontanafredda-ს მამულში მდებარეობს და მარკ ლანტერის რესტორანი გრინცანე კავურის ციხესიმაგრეში, კერძებთან ერთად გარემოსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ უფრო მშვიდ გარემოს ეძებთ, Trattoria della Posta მონფორტე დ’ალბაში და Lalibera ალბაში ლანგეს კლასიკურ სამზარეულოს გთავაზობენ – ტაიარინი (tajarin), ანიოლოტი (agnolotti), ფასონეს ჯიშის საქონლის ხორცი და ბანია კაუდა (bagna cauda) – სადეგუსტაციო მენიუს ზედმეტი ფორმალობის გარეშე. რომელ რესტორანსაც უნდა ესტუმროთ, შემოდგომაზე არჩევანი მარტივია: შეუკვეთეთ ისეთი კერძი, რომლის სიმარტივეც ახლად დაჭრილ თეთრ ტრიუფელს მთავარ როლს დაუთმობს.
Casa di Langa-ში მდებარე Faula Ristorante ახალ ეტაპს იწყებს ახლად დანიშნული აღმასრულებელი შეფის, ფრანჩესკო კლერიკოს ხელმძღვანელობით. კლერი კო თავად ლანგედანაა და ახლომდებარე მონფორტე დ’ალბაში დაიბადა. მისი მოსვლა ემთხვევა რეგიონში Slow Food-ის მოძრაობის დაარსებიდან 40 წლის აღნიშვნას. მოძრაობა 1986 წელს იქვე, ბრაში შეიქმნა, როგორც ადგილობრივი საკვებისა და სწრაფი კვების კულტურის ალტერნატივა და დღეს უკვე გლობალური ქსელია, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს წევრები. შესაბამისად, კლერიკოს მენიუშიც კიდევ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ადგილზე მოყვანილ პროდუქტებსა და რეგიონის ბიომრავალფეროვნებას.
ᲝᲗᲮᲓᲦᲘᲐᲜᲘ ᲛᲐᲠᲨᲠᲣᲢᲘ ᲢᲠᲘᲣᲤᲔᲚᲘᲡ ᲡᲔᲖᲝᲜᲖᲔ
ეს რეგიონი ავტომობილით მშვიდი, აუჩქარებელი მოგზაურობისთვისაა შექმნილი – ერთი მნიშვნელოვანი ადგილიდან მეორემდე მგზავრობა, როგორც წესი, 40 წუთს არ აღემატება. ოთხდღიანი მარშრუტი შეიძლება ასე დაგეგმოთ:
ᲓᲦᲔ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ – ᲐᲚᲑᲐ
ჩასვლის შემდეგ არ იჩქაროთ და ძველი ქალაქი ფეხით მოიარეთ. თუ გამოფენის პერიოდში შაბათ-კვირას ხართ ალბაში, დილა Via Vittorio Emanuele-ზე მდებარე ტრიუფელის ბაზარში გაატარეთ და დააკვირდით, როგორ ამოწმებს ხარისხის კომისია პროდუქტს გაყიდვამდე. შეიარეთ Tartufi Morra-ში, საიდანაც სახლში ტრიუფელის კარაქისა და ზეთის წაღება შეგიძლიათ, საღამოს კი რესტორანში tajarin al tartufo bianco დააგემოვნეთ.
Casa di Langa (ჩერეტო ლანგე) – იხილეთ ზემოთ, „სად დავრჩეთ“.
ᲓᲦᲔ ᲛᲔᲝᲠᲔ – ᲢᲧᲔᲨᲘ, ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘ ᲑᲐᲠᲝᲚᲝᲨᲘ
დილა ადრე დაიწყეთ და trifulau-სა და მის ძაღლთან ერთად ლანგეს ტყეში ტრიუფელის საძებნელად გაემართეთ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ტალახიანი ბილიკებისთვის მზად იყავით.
შუადღის შემდეგ ბაროლოს ეწვიეთ. Castello Falletti-ში მდებარე WiMu-ს ღვინის მუზეუმის მონახულების შემდეგ Marchesi di Barolo-ს მარანში ტური და დეგუსტაცია დაგეგმეთ. მისი ისტორიული თაღოვანი სარდაფები იმავე მოედნის სიახლოვესაა და ბაროლოს მეღვინეობის ორასწლოვან ისტორიას გაგაცნობთ. ეს გამოცდილება კარგად ერწყმის WiMu-ს უფრო მსუბუქ და ინტერაქტიულ ხედვას იმავე ისტორიაზე. დღე ლა მორაში დაასრულეთ, როცა ჩამავალი მზის შუქზე ვენახები ოქროსფრად იფერება.
Hotel Villa Beccaris (მონფორტე დ’ალბა) – იხილეთ ზემოთ, „სად დავრჩეთ“.
ᲓᲦᲔ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ – ᲒᲠᲘᲜᲪᲐᲜᲔ, ᲑᲐᲠᲑᲐᲠᲔᲡᲙᲝ ᲓᲐ ᲜᲔᲘᲕᲔ დილა გრინცანე კავურის ციხესიმაგრესა და რეგიონულ ენოთეკაში გაატარეთ. შემდეგ აღმოსავლეთით, ბარბარესკოსკენ გაემართეთ, მოინახულეთ მისი კოშკი და ერთ-ერთი მარანი, შემდეგ კი უფრო მშვიდ, თუმცა არანაკლებ მომხიბვლელ სოფელ ნეივეში გადაინაცვლეთ. საღამო სწორედ იმ სადეგუსტაციო მენიუსთვის შემოინახეთ, რომლის გამოც მთელი დღის განმავლობაში მადას უფრთხილდებოდით.
Relais San Maurizio (სანტო სტეფანო ბელბო) – იხილეთ ზემოთ, „სად დავრჩეთ“.
ᲓᲦᲔ ᲛᲔᲝᲗᲮᲔ – ᲠᲝᲔᲠᲝ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲐ
რომისკენ და შემდეგ უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გამგზავრებამდე, დილა Rocche del Roero-ს ერთ-ერთ მონაკვეთზე სეირნობას დაუთმეთ. მდინარის ჩრდილოეთით მდებარე ქვიშიანი, ეროზიით ჩამოყალიბებული კლდეები სრულიად განსხვავებულ, უფრო ველურ ლანდშაფტს ქმნის, ვიდრე წინა დღეებში ნანახი ვენახებით დაფარული გორაკები. მოგზაურობის დასასრულებლად კი ბოლო, ტრიუფელის არომატით გაჯერებული ბრანჩი სრულიად შესაფერისი დამშვიდობება იქნება.
SAVINI – ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲢᲠᲘᲣᲤᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝᲨᲘ
ტრიუფელის ბიზნესზე საუბრისას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ახსენებენ Savini-ს სახელს. სავინის ოჯახი ტოსკანაში უკვე ოთხი თაობაა, 1920-იანი წლებიდან, ტრიუფელის მოძიებითა და ვაჭრობითაა დაკავებული და ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სანდო შემფასებლად და მყიდველად ითვლება, მათ შორის ალბას თეთრი ტრიუფელის შემთხვევაშიც. 2007 წელს ოჯახმა ასევე შუამავლობა გაუწია რეკორდულ გარიგებას, რომლის დროსაც ტრიუფელი დაახლოებით €300 000-ად გაიყიდა. ᲤᲝᲢᲝᲔᲑᲘ: © ALEXANDER ZOLTAI
ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲡ – ᲐᲛᲑᲐᲕᲘ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲘᲓᲐᲜ
ტრიუფელზე წერისას ადვილია, მისი ძიების ტრადიცია მხოლოდ იტალიურ მემკვიდრეობად წარმოვიდგინოთ – ნისლი, ძაღლები და თაობების განმავლობაში დაცული ოჯახური საიდუმლოებები. თუმცა დაახლოებით ათი წლის წინ, თბილისის მახლობლად, წავკნეთის ტყეში, ქართველმა ალექსანდრე სიამაშვილმა მიწის ქვეშ მოულოდნელი რამ აღმოაჩინა – საქართველოში დოკუმენტურად დაფიქსირებული პირველი შავი ტრიუფელი. მას შემდეგ ეს აღმოჩენა მისთვის პროფესიულ საქმიანობად იქცა. დღეს ის თავადაც აწყობს ტრიუფელზე ნადირობას ლაგოტო რომანიოლოს ჯიშის ძაღლთან ერთად თბილისის შემოგარენის ტყეებში, სწორედ იმავე ჯიშთან, რომელსაც ლანგეშიც იყენებენ.
მას შემდეგ ქართული შავი ტრიუფელი თბილისის რამდენიმე თანამედროვე რესტორნის მენიუშიც გამოჩნდა – ხინკალში, სოუსებსა და გოჭის ხორცთან ერთად. რამდენიმე გასტრონომიული ტურიც უკვე სთავაზობს სტუმრებს ზამთარში საქართველოს ტყეებში ტრიუფელის ძებნის გამოცდილებას, სწორედ იმ ცივ და ნესტიან კვირებში, როდესაც პიემონტის გორაკებსაც ნისლი ფარავს. საქართველოს ტრიუფელის ისტორია ჯერ კიდევ იწერება. ის ალბას ისტორიაზე დაახლოებით ერთი საუკუნით ახალგაზრდაა და აქ ჯერ არ გამოჩენილა ჯაკომო მორა, რომელიც ტრიუფელს რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს გაუგზავნიდა. თუმცა მთავარი განცდა ორივეგან ერთია – ადამიანის, ძაღლისა და იმ იშვიათი ბუნებრივი საგანძურის მიმართ მოთმინებით მოპოვებული ნდობა, რომელიც დღემდე არ ემორჩილება ხელოვნურად მოყვანას და როგორც ჩანს, ეს კავშირი მხოლოდ ერთ კონკრეტულ გორაკს არ ეკუთვნის.







