მოგზაურობა კორსიკაზე - დაუმორჩილებელ და დაუვიწყარ კუნძულზე, რომელსაც საკუთარი სული აქვს

ზოგჯერ მოგზაურობა კონკრეტული გეგმით იწყება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად ვითარდება. ჩვენი მოგზაურობაც ერთი კონკრეტული მიზნით დაიწყო: გვინდოდა, ქორწილისთვის ისეთი ადგილი გვეპოვა, რომელიც ყველასთვის ნაცნობი და სოციალურ ქსელებში ათასჯერ ნანახი არ იქნებოდა. ვეძებდით ადგილს ველური ბუნებითა და განსაკუთრებული სულისკვეთებით. კორსიკაზე წლებია ვფიქრობდი, თუმცა იქ ჩასვლა აქამდე ვერ მოვახერხე. ამჯერად გადავწყვიტე, უბრალოდ კი არ მომენახულებინა კუნძული, არამედ თავიდან ბოლომდე მომევლო და კარგად გამეცნო – ზღვისპირეთიდან მთებამდე, პოპულარული ადგილებიდან იმ კუთხეებამდე, რომლებზეც თითქმის არავინ საუბრობს. მთელი მოგზაურობა სულ რაღაც ორ კვირაში დავგეგმეთ, მაგრამ ის, რაც აღმოვაჩინეთ, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ქორწილისთვის შესაფერისი ადგილი. აღმოვაჩინეთ კუნძული იმდენად გამორჩეული ხასიათითა და თვითმყოფადობით, რომ არაერთხელ დამავიწყდა კიდეც, ფორმალურად ჯერ კიდევ საფრანგეთში რომ ვიმყოფებოდი.
კორსიკამდე ჩასვლაც თავისებური პატარა თავგადასავალი იყო. თბილისიდან Georgian Airways-ის პირდაპირი რეისით ნიცაში ჩავფრინდით, იქიდან კი უფრო ნელი და რომანტიკული გზა ავირჩიეთ: ტულონიდან ღამის ბორნით გავემგზავრეთ და ნაქირავები მანქანაც თან წავიყვანეთ. გემბანიდან მზის ჩასვლას ვუყურეთ, ღამე ბორანზე გავატარეთ, დილით კი აჟაქსიოს პორტში გავიღვიძეთ – ნაპოლეონის მშობლიურ ქალაქში, სადაც ქუჩები და მოედნები დღემდე მის და მისი მეუღლის, ჟოზეფინას სახელებს ატარებს. გზის გაგრძელებამდე ნამდვილად ღირს ნაპოლეონის ბავშვობის სახლის მონახულება, სადაც დღეს მუზეუმია განთავსებული.
ჩასვლისთანავე ყველაზე მეტად არა რომელიმე ხედმა, არამედ სურნელმა გამაოცა: ველური ბალახების, ზღვის ნიავის, მზით გამთბარი მიწისა და კიდევ რაღაც ამოუცნობი არომატის ნაზავმა. კორსიკა ხუთი სიტყვით რომ დამეხასიათებინა, ვიტყოდი: ველური, ავთენტური, სულით სავსე, ძლიერი ხასიათის და საოცრად გემრიელი.
ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗᲘᲡᲙᲔᲜ, ᲡᲐᲜᲐᲞᲘᲠᲝᲡ ᲒᲐᲡᲬᲕᲠᲘᲕ
აჟაქსიოდან კალვიმდე მიმავალი გზა ერთ-ერთი ულამაზესია მათ შორის, სადაც ოდესმე მიმოგზაურია. გზა პიანას კლდოვან ყურეებს (Calanques de Piana) მიუყვება, სადაც შთამბეჭდავი ვარდისფერი და წითელი კლდეები პირდაპირ ზღვაში ეშვება. ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სრულიად დამსახურებულადაა შეტანილი, ფოტოები მის ნამდვილ მასშტაბებს ვერ გადმოსცემს.
ავტორი: ელენე დუმბაძე / by Ellen Dumbadze
თავად კალვი ულამაზესი სანაპიროთი, მომხიბვლელი პორტითა და ძველი ციტადელით გამოირჩევა, რომლის ქუჩებში სეირნობას თავისუფლად შეიძლება მთელი შუადღე დაუთმო. ახლომდებარე მთის წვერზე შეფენილი სოფლები, სანტ-ანტონინო და პინია, კორსიკული ტრადიციული ხელოსნობის ნიმუშებით გამოირჩევა. აქ ნამდვილად ღირს შეჩერება, თუ კორსიკიდან რაიმე განსაკუთრებულისა და ავთენტურის წამოღება გსურთ.
ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗᲘᲡᲙᲔᲜ – ᲞᲝᲠᲢᲝ-ᲕᲔᲙᲘᲝ ᲓᲐ MURTOLI ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, პორტო-ვეკიოში გავემგზავრეთ, სადაც მეგობრებს შევხვდით. ვახშამი გვიან საღამომდე გაგრძელდა, ისე, როგორც მხოლოდ პატარა, მომხიბვლელ ქალაქებში ხდება ხოლმე.
თუმცა მეორე დღეს ისეთ ადგილას აღმოვჩნდით, რომელმაც, უკან რომ ვიხედები, მთელი მოგზაურობის მთავარი შთაბეჭდილება განსაზღვრა. ეს იყო Domaine de Murtoli. აქ ორი ღამის გატარება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს დრო სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა. Murtoli იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც თითქოს მთელი კორსიკის სულია თავმოყრილი: 2500 ჰექტარზე გადაჭიმული ველური ბუჩქნარი, ზეთისხილის ბაღები და კერძო სანაპირო ზოლი. აქ მწყემსების ძველი ქვის სახლები ისეთი სიფრთხილითა და ყურადღებითაა აღდგენილი, რომ არა განახლებულის, არამედ ხელუხლებლის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. Murtoli, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, გაცილებით მეტია, ვიდრე სასტუმრო. ეს არის განცდა და ცხოვრების წესი – მშვიდი, აუჩქარებელი და გააზრებული, ისეთი, როგორიც იშვიათად შემხვედრია მოგზაურობისას. ამ სასტუმრო-კომპლექსის ამბავს ამ ნომრის სხვა სტატიაში უფრო ვრცლად მოგიყვებით, რადგან ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ᲛᲗᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ
ალბათ ყველაზე მეტად კორსიკის შიდა ნაწილმა გამაოცა. Murtoli-დან კუნძულის მთიან შუაგულში, ზონზასკენ გავემგზავრეთ, სადაც ზღვისპირა ხედებს მთლიანად ტყეები და ტბები ცვლის, სალაშქრო მარშრუტები კი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც ხმელთაშუაზღვისპირეთში მინახავს. კორსიკაზე შეიძლება მხოლოდ სანაპიროების გამო ჩახვიდე და ვერც კი მიხვდე, რომ სინამდვილეში ეს კუნძული ზღვიდან ამოზრდილი უზარმაზარი მთაა. ზოგჯერ საკმარისია, სანაპიროდან ერთი საათით, კონკრეტული გეგმის გარეშე, კუნძულის სიღრმეში გაემგზავრო, რომ სრულიად სხვა კორსიკა აღმოაჩინო, ისეთი, რომლის წარმოდგენაც ზღვისპირეთიდან შეუძლებელია.
სწორედ აქ ვიგრძენი განსაკუთრებით მძაფრად კორსიკის მსგავსება საქართველოსთან. კორსიკელების სიამაყე და ძლიერი ხასიათი, მთები, შინაურული, გემრიელი კერძები – ყველაფერი საოცრად ნაცნობი იყო. ერთ სა ღამოს, ბონიფაჩოში, შუა საუკუნეების ეკლესიაში გამართულ კონცერტზე აღმოვჩნდით. იქ ისეთი მრავალხმიანი სიმღერა მოვისმინეთ, რომელიც იმდენად ჰგავდა ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას, რომ ერთი წამით მართლა მეგონა, ქართულად მღეროდნენ. ქართველების მსგავსად, კორსიკელებიც განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ოჯახს, მიწასა და ტრადიციებს. ეს ყველაფერში იგრძნობა – მათ სამზარეულოშიც და იმაშიც, თუ როგორ ხვდებიან უცხო სტუმარს. მიუხედავად იმისა, რომ კორსიკა პოლიტიკურად საფრანგეთის ნაწილია, იქ ყოფნისას ერთხელაც არ მიგრძნია თავი საფრანგეთში. კუნძულს თავისი ენა, კორსიკული (Corsu), თავისი ცხოვრების რიტმი და სრულიად გამორჩეული სული აქვს.
ᲙᲝᲠᲡᲘᲙᲘᲡ ᲒᲔᲛᲝ
თუ ერთი კერძითა და ერთი ვახშმით უნდა გამეხსენებინა კორსიკა, ეს აუცილებლად იქნებოდა Ferme-Auberge A Pignata – მთებში მდებარე საოჯახო რესტორანი, რომელსაც მენიუც კი არ აქვს. უბრალოდ მიირთმევ იმას, რაც იმ დღეს მოამზადეს. აქ ყველაფერი თბილი და უშუალოა, ზედმეტი ფორმალობების გარეშე. კერძების გემოს სიტყვებით ბოლომდე ვერ აღწერ – თითქოს რესტორანში კი არა, ვიღაცის სახლში ხარ სტუმრად. კორსიკულ სუფრაზე ხშირად შეხვდებით გარეული ღორის ხორცსაც, რომლის გასინჯვასაც აუცილებლად გირჩევთ, სადაც კი შესაძლებლობა მოგეცემათ.
მოულოდნელად, მოგზაურობის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენად ღვინოც იქცა. გაგვიმართლა და კორსიკის ერთ-ერთი უიშვიათესი წითელი ღვინო, Tarra d’Orasi, გავსინჯეთ. მას კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ფიგარიში მდებარე მეღვინეობა Clos Canarelli აწარმოებს. ვენახი დაახლოებით 140 წლისაა. ვაზი ქვიშიან ნიადაგზეა გაშენებული და დღემდე საკუთარ ფესვებზე იზრდება. სწორედ ასე გადაურჩა ის ფილოქსერის ეპიდემიას, რომელმაც XIX საუკუნეში ევროპის ვენახების უდიდესი ნაწილი გაანადგურა. ღვინო ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება კორსიკული ვაზის უძველესი ჯიშებისგან, ძირითადად Sciaccarellu-სა და Minustellu-სგან, Cinsault-ს მცირე დამატებით. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჭიქაში მოქცეული კორსიკის ისტორიაა.
ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘ – ᲑᲝᲜᲘᲤᲐᲩᲝ
ჩვენი ბოლო გაჩერება ბონიფაჩო იყო, კორსიკის ყველაზე სამხრეთ წერტილში, კლდეებზე შთამბეჭდავად შეფენილი ქალაქი, რომლის მოპირდაპირედ, ზღვის გაღმა, სარდინია მდებარეობს. პორტის გასწვრივ უამრავი რესტორანია, ძველი ციტადელი კი საკუთარი, ცოცხალი რიტმით ცხოვრობს. პატარა მაღაზიები, ბარები და მოსეირნე ადამიანებით სავსე ქუჩები გვიან საღამომდე არ ცარიელდება. თუ ბონიფაჩოში მოხვდებით, აუცილებლად შეუკვეთეთ ლაზანია La Caravelle-ში. სანამ თავად არ გასინჯავთ, ვერც წარმოიდგენთ, რამდენად გემრიელია.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲠᲩᲔᲕᲐ
კორსიკაზე დაახლოებით 355,500 მუდმივი მცხოვრებია. ოფიციალურ ფრანგულ ენასთან ერთად აქ კორსიკულადაც (Corsu) საუბრობენ. კუნძულზე სხვადასხვა ეროვნების ტურისტებს შეხვდებით, განსაკუთრებით კი კონტინენტური საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ადგილობრივ გარემოს ბუნებრივად ერწყმიან. კორსიკა თითქმის ყველასთვის შესაფერისი მიმართულებაა – ოჯახებისთვის, წყვილებისთვის, მეგობრების ჯგუფებისთვის თუ მათთვის, ვისაც მარტო მოგზაურობა უყვარს და ერთნაირად იზიდავს ბუნება და კულტურა. ჩვენ ზაფხულში ვიმოგზაურეთ და ეს პერიოდი თითქმის იდეალური აღმოჩნდა. თუმცა ვფიქრობ, შემოდგომაც არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება, როცა მთები ფერებს იცვლის. ბარგის ჩალაგებაც საოცრად მარტივია: კორსიკა ის კუნძულია, სადაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და განსაკუთრებულად გამოწყობის სურვილი უმჯობესია სახლში დატოვოთ.
დავბრუნდებოდი თუ არა? დაუფიქრებლად. ჯერ კიდევ აღმოსაჩენი მაქვს კუნძულის ჩრდილოეთი კიდე და სანაპიროს გასწვრივ მდებარე ადგილები, რომელთა მონახულებაც ნავით ამჯერად ვერ მოვახერხე. ზოგ ადგილს ცხოვრებაში ერთხელ სტუმრობ. კორსიკა კი, მგონია, იმ ადგილთაგანია, სადაც დაბრუნება ისევ და ისევ მოგინდება.
ᲔᲚᲔᲜᲔᲡ ᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ ᲙᲝᲠᲡᲘᲙᲐᲖᲔ
საყვარელი სასტუმროები
საყვარელი რესტორნები
• საკვირაო ბრანჩი Murtoli-ს სანაპირო რესტორანში
• ვახშამი La Table de la Grotte-ში, Murtoli-ში – გამოქვაბულში მოწყობილ რესტორანში, სადაც Tarra d’Orasi-ს გასინჯვაც შეგიძლიათ






