Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ჩურჩხელა და ფელამუში

ტრადიციული ქართული ნუგბარი

ჩურჩხელა და ფელამუში

ჩურჩხელა და ფელამუში ქართული სამზარეულოს გამორჩეულად საყვარელი დესერტებია. ტრადიციული ქართული ნუგბარი, რეგიონის მდიდარ გემოებთან ერთად, საქართველოს კულტურულ შემოქმედებითობას და მემკვიდრეობას ასახავს. ჩურჩხელას და ფელამუშს ქართველების და უცხოელი სტუმრების გულებში განსაკუთრებული ადგილი უკავია და როგორც დღესასწაულების დროს, ისე ყოველდღიურ წასახემსებლადაც მიირთმევენ.

ჩურჩხელას ხშირად ქართულ „სნიკერსს“ უწოდებენ. ის უნიკალური ქართული ნუგბარია, თხილის ან ნიგვზის შიგთავსით, ძაფზე გადაბმული და შესქელებული ყურძნის წვენის ნარევში ამოვლებული. ყურძნის წვენი, რომელსაც ჩურჩხელის მოსამზადებლად იყენებენ, რთვლის დროს მზადდება. ტკბილი გემოს და მკვრივი მასის მისაღებად, ყურძნის წვენში ხარშვის დროს ფქვილს ამატებენ, გაგრილების შემდეგ კი მიღებულ მასას თხილეულთან ერთად კრავენ. სწორედ ამ პროცესის შედეგად მიიღება ჩურჩხელა, რომელიც სასიამოვნო ტექსტურის და გემოების ნაზავია.

გამორჩეული ტკბილეულის გარდა, ჩურჩხელა ერთობის და ტრადიციის სიმბოლოა. მისი მომზადების პროცესი, ხშირ შემთხვევაში, გუნდურია, სადაც ოჯახები და მეგობრები საყვარელი ნუგბარის მოსამზადებლად ერთად მონაწილეობენ. ბევრი ქართველისთვის ჩურჩხელის მომზადების პროცესი ამბების გაზიარებასთან, სიცილთან და მოგონებების შეგროვებასთან არის დაკავშირებული.

გამორჩეულად გემრიელი გემოვნური თვისებების გარდა, ჩურჩხელა მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. თხილეული ჯანსაღი ცხიმების და ცილების წყაროა, ხოლო ყურძნის წვენი ანტიოქსიდანტებით არის გაჯერებული. ჩურჩხელა არაჩვეულებრივი ხემსია ენერგიის სტიმულირებისათვის, რთველის, ყურძნის მოსავლის აღების დროს, გრძელი სამუშაო დღის განმავლობაში.

ფელამუში ერთ-ერთი ტრადიციული ქართული ნუგბარის სახეობაა, რომელიც პუდინგს ჩამოჰგავს. ის მოხარშული ყურძნის წვენის, ხორბლის და სიმინდის ფქვილისგან მზადდება. ხარშვის შედეგად მიღებულ სქელ და გლუვ მასას კი სერვირებისთვის ლამაზ ფორმას აძლევენ. ფელამუშს გაგრილების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, თხილეულით რთავენ და მიირთმევენ. ჩურჩხელის მსგავსად, ფელამუშის მომზადებაც ყურძნის მოსავლის აღების სეზონთან არის დაკავშირებული. ნუგბარს ძირითადად რთვლის დროს ამზადებენ და დღესასწაულის განმავლობაში მეგობრებს და ოჯახის წევრებს უზიარებენ. გამოყენებული ყურძნის ჯიშის მიხედვით განსხვავებულია ფელამუშის არომატი. ზოგიერთი სახეობა მოტკბო, ზოგი კი შედარებით მწარე გემოთი გამოირჩევა.

ბევრ ქართველში ფელამუში ნოსტალგიის განცდას აღძრავს. მისი მომზადების ტრადიცია თაობებს აკავშირებს, რადგან რეცეპტები ბებიების და ბაბუებისგან შვილიშვილებს გადაეცემა. შესაბამისად, ფელამუში ერთგვარი შეხსენებაა ოჯახური შეკრებების, აღნიშვნების და ერთობის, რაც საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოში, ყურძნის მოსავლის აღების სეზონზე, ჩურჩხელის და ფელამუშის დაგემოვნება ყველგან შესაძლებელია – ადგილობრივ ბაზრებში, ფესტივალებზე და გზებზე არსებულ სტენდებზე. ბევრი ადგილი სტუმრებს მასტერკლასებსაც სთავაზობს, სადაც მათ თავად აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ჩურჩხელის, ფელამუშის მომზადება და მათ კულინარიულ მოგზაურობას ახალი გამოცდილება შემატონ. ტურისტებისათვის აღნიშნული ქართული ნუგბარის დაგემოვნება საინტერესოა, რათა ქართული სტუმარ-მასპინძლობის და კულინარიული ტრადიციის ნამდვილი გემო გაიცნონ.

ტრადიციული ტკბილეულობა, ასევე, არაჩვეულებრივი საჩუქარიცაა. ლამაზად შეფუთული ჩურჩხელა და ფელამუში ქართული კულტურის ხასიათსა და არსს იდეალურად გამოხატავს, რაც სამშობლოში დაბრუნებული ტურისტებისთვის, მდიდარი ქართული კულინარიის შესახებ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან საუბრის დაწყების და ამბების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…