ჯიღაურა

საქართველოში ვაზის კულტურა „ღვთაებრივ მცენარედ“ მიიჩნეოდა და მას სიცოცხლის ხეს უწოდებდნენ. გამორჩეული ლანდშაფტური, კლიმატური და ნიადაგური პირობების და ჩვენი წინაპრების დამსახურებით, ხალხური სელექციით საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში ჩამოყალიბდა და გავრცელდა კულტურული (v.vinifera L.sativa) ვაზის 525 ადგილობრივი ჯიში: კახეთი – 80, ქართლი – 72, მესხეთ-ჯავახეთი – 26, იმერეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი – 50, სამეგრელო – 60, გურია – 53, აჭარა – 53, აფხაზეთი – 51.
საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის ველური (v.vinifera L. silvestris) ვაზის 400-ზე მეტი ფორმა, რომელთა უმრავლესობა კულტურული ვაზის ადგილობრივ ჯიშებთან ერთად დაცული იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებულ სახელმწიფო საკოლექციო ნარგაობაში.
საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა მძიმე ზეგავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგზე, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე. განადგურდა ცნობილი კოლექციები (დიღომი, ვაშლიჯვარი, მუხრანი, თელავი, ზესტაფონი, სკრა, მარტვილი, გუდაუთა, ვაშლიჯვარი და სხვ.), სადაც თავმოყრილი იყო ჩვენი წინაპრების მიერ ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად გამორჩეული და რუდუნებით თავმოყრილი ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების და ველური ფორმების მდიდარი გენოფონდი.
განადგურებული და მივიწყებული ჯიშების აღდგენის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურაში 2007 წელს შეიქმნა „ვაზისა და ხეხილის წარმოების ეროვნული ცენტრი“. პროექტის უმთავრეს მიზანს ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოძიება, იდენტიფიცირება, სარგავი მასალის წარმოება და მათი საკოლექციო ნარგაობაში დამაგრება წარმოადგენდა, რომელსაც ეტაპობრივად მიჰყვებოდა ფართო მასშტაბიანი საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ვაზის ჯიშების მოძიების ექსპედიციური სამუშაოები მოიცავდა საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს, ასევე, ტაო-კლარჯეთს, შავშეთს, ჰერეთს, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს: უკრაინა, მოლდოვა, შუა აზიის რესპუბლიკები, აზერბაიჯანი, საფრანგეთი და კიდევ სხვა მრავალს. წლების განმავლობაში, თანდათანობით შეგროვდა ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშები და ველური ვაზის ფორმები.
ლევან უჯმაჯურიძე – სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი
როგორი იყო ჯიღაურას საკოლექციო ბაზის საწყისი, რამდენი ჯიშის ვაზი დაირგა პირველ წელიწადს და როგორ გაიზარდა ის დღემდე? ვინაიდან იმ პერიოდში საქართველოში სანერგე მეურნეობა ფაქტობრივად არ არსებობდა, დავიწყეთ სანერგისათვის შესაფერისი ადგილმდებარეობის შერჩევა და მოძიებული ქართული ვაზის ჯიშების სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება; დასამყნობად საჭირო ფილოქსერაგამძლე ვაზის სერტიფიცირებული საძირე რქები შემოვიტანეთ საფრანგეთიდან; ქართული ვაზის ჯიშების საკვირტე მასალების ვირუსულ დაავადებებზე ტესტირება განვახორციელეთ გერმანიის გეიზენჰეიმის მევენახეობის ინსტიტუტის შესაბამის ლაბორატორიაში; ვაზის სანერგე მოვაწყვეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურაში 2008 წელს, სადაც დაირგო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მიერ მოძიებული ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშების ნამყენები.
ამავე წელს, ჯიღაურაში გაშენდა წამყვანი საერთაშორისო საღვინე და სასუფრო ვაზის ჯიშები, ასევე, ფილოქსერაგამძლე ვაზის სადედე ნარგაობა, რომელთა საბაზისო სარგავი მასალა შემოვიტანეთ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2009 წელს კი ჩვენ მიერ გამოყვანილი ნამყენი ნერგებით, ჯიღაურაში გაშენდა პირველი საკოლექციო ნარგაობა, 300-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშით, ექსპედიციური სამუშაოები დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ინტენსიურად მიმდინარეობს ვაზის უძველესი ჯიშების მოძიება. ყოველი ასეთი ჯიშის მიგნება უდიდესი მონაპოვარია, რომ არაფერი ვთქვათ იმ ემოციურ დატვირთვაზე, რასაც მათი „დაგვიანებული“ პოვნისათვის განვიცდით. მიმდინარე წელს, ვაზის უძველესი ჯიში ხევარდული ვიპოვეთ, რომელიც მესხეთში, საზღვრისპირას, ექსპედიციის შედეგად მოვიკვლიეთ. საძიებელი ჯიშები ბევრია და პროცესები მომავალშიც გაგრძელდება.
რამდენი სახეობის ჯიშია წარმოდგენილი ჯიღაურას საკოლექციო ბაზაზე და რითაა ის უნიკალური? ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ნარგაობა საკმაოდ ფართო ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დღესდღეობით, აქ ვაზის ადგილობრივი კულტურული ჯიშების 1000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, ასევე, ველურად მოზარდი ვაზის 140-ზე მეტი ფორმა. აქვეა 550-ზე მეტი საღვინე და სასუფრო უცხოური კულტურული ვაზის ჯიშები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, აზიიდან, აშშ-დან და სხვა. მნიშვნელოვანია, ასევე, ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიშ-კლონები, რომლებიც ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების უმთავრესი წინაპირობაა; ყურადსაღებია შემოტანილი ამერიკული და აზიური უმთავრესი სახეობები, რომლებიც ვაზის სელექციური სამუშაოებისათვისაა გამიზნული.
გარდა ვაზის ჯიშების და სახეობების საკოლექციო ნარგაობებისა, აქვეა წარმოდგენილი წამყვანი ქართული ვაზის ჯიშების კლონები, რომელთა ადგილი და მნიშვნელობა მეტად საყურადღებოა ახალი თანამედროვე ტიპის ვენახების გასაშენებლად.
როგორია პროცესი ენდემური ჯიშების მოძიების და გამრავლების? ჯიღაურას ეროვნული კოლექცია ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობისაა. მას მინიჭებული აქვს გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) კოდი GEO038. აქ ხორციელდება მრავალი საერთაშორისო (FAO, Cost Action, IPGRI, ECPGR, „ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ და სხვ.) პროექტი, რომელიც სელექციურ სამუშაოებს, ჯიშების ამპელოგრაფიულ და ენოლოგიური მახასიათებლების კვლევას ეხება. აღსანიშნავია ესპანელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე პროექტი, რომელიც ვაზის ჯიშების სრულ სეკვენირებას, მოლეკულურ გენეტიკურ კვლევას ეხება; ამჟამად იდენტიფიცირებულია ქართული ვაზის ჯიშების 750-მდე ნიმუში, სამუშაოები კვლავ გრძელდებ რა როლს ასრულებს ჯიღაურას მეურნეობა ჩვენი ქვეყნისთვის?** უმნიშვნელოვანესია უძველესი, მოძიებული და აღდგენილი ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშებისადმი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ცნობადობის ამაღლება. ამის ნათელი მაგალითია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 33-ე მსოფლიო კონგრესი, რომელიც 2010 წელს საქართველოში ჩატარდა. კონგრესს ჯიღაურამ უმასპინძლა და მსოფლიოს 65 ქვეყნის წარმომადგენლები ადგილზე, დეტალურად გაეცნენ ქართული ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებას.
ასევე, უდიდესი დატვირთვა აქვს ჩვენ მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათში ახალგაზრდობის ჩართულობას, რომელიც აღდგენილი ვაზის ჯიშების ორგანოლეპტიკური და ენოლოგიური მახასიათებლების შესწავლას ეხება. ასე გამოიკვეთა რეგიონულ ჭრილში ის უნიკალური ჯიშები, რომლებმაც უმეტეს შემთხვევაში უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ცნობილი სტანდარტული ვაზის ჯიშების: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, საფერავი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, წულუკიძის თეთრა, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, საწური, კაჭიჭი, ავასირხვა, ამლახუ და სხვ. გვერდით. საკმაოდ ფართოა მათი ჩამონათვალი ეთნოგრაფიული კუთხეების მიხედვით, მაგალითად: კახეთი – მხარგრძელი, უბაკლური, გრძელმტევანა, მცვივანი კახური, ტაბიძისეული, სიმონასეული, ახმეტის წითელი; ქართლი – ჯვარი, შავკაპიტო, ბუზა, დანახარული; მესხეთი – მესხური მწვანე, შავი ასპინძურა, თამარის ვაზი, სამარიობო; იმერეთი – კუნძა, თეთრი კაპისტონი, ადანასური, მგალობლიშვილი; რაჭა-ლეჩხუმი – ქუდურაული, არაბეული თეთრი და შავი, რაჭული მწვანე; გურია – საკმიელა, თეთრი მაური, ჯანი, ბადაგი, ჭუმუტა; სამეგრელო – ჭვიტილური, ჩერგვალი, მაჭყვადინა, გოდაათური; აჭარა – ბროლა, პოვნილი, ბათომურა; აფხაზეთი – აჩკიკიჯ, ლაკოიაჟ და სხვ.
ვაზის ჯიშების გარდა, ჯიღაურას საკოლექციო ბაზაზე არის უნიკალური ხილის ბაღებიც, მოგვიყევით ამის შესახებ.
დიახ, ჩვენ ძირითადად ვაზის ჯიშებზე ვსაუბრობთ, თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელსაც მეხილეობის მიმართულებით ვახორციელებთ.
2009 წლიდან, ვაზის ჯიშების მოძიების პარალელურად დაიწყო საქართველოში გავრცელებული ხეხილოვანი კულტურების: თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი, კენკროვანი და სხვა ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების საკოლექციო და სადედე ნაკვეთების გაშენება.
ცალ-ცალკე სექტორებადაა წარმოდგენილი თითოეული მათგანი სადემონსტრაციო ნაკვეთის ჩათვლით და ჯიშური რაოდენობა 400-ზე მეტია. ისევე, როგორც ვაზში, აქაც ყოველწლიურად ემატება საკოლექციო ნარგაობებს, როგორც ძველი ქართული, ისე ახალი უცხოური, საქართველოს პირობებისათვის ადაპტირებული სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურების ჯიშები.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უახლოეს პერიოდში, ჯიღაურაში ექსპლუატაციაში შევა ახალი ადმინისტრაციული შენობა, სადაც სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებთან ერთად, განთავსებული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების, მეღვინეობის კვლევითი ექსპერიმენტული სივრცე, სადეგუსტაციო დარბაზი, ენოთეკა და უმთავრესი – „ვაზისა და ღვინის მუზეუმი“, წარმოდგენილი ვაზისა და ღვინის გზით ნეოლითური პერიოდიდან დღემდე, უმნიშვნელოვანესი უძველესი ექსპონატებით და თანამედროვე მიმართულებებით.





