სვეტიცხოვლობა

საქართველოში ოქტომბრის თვე დღესასწაულებით დატვირთულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობაა. ის საეკლესიო დღესასწაულია და ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქმედ ეკლესიებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და აბიათარი მოიხსენიება. ამასთანავე, 14 ოქტომბერს არის მელქისედეკ კათალიკოსის ხსენების დღეც, რომლის დამსახურებით სვეტიცხოვლის საბოლოო სახეა მიღებული.
ისტორია ასეთია. გადმოცემის მიხედვით, იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა – ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა, თურმე, მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას და წამოუძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.
უფლის კვართი სასწაულებრივად ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად. მათ სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. სიდონიას იმდენად ძლიერ ჰქონდა კვართი გულში ჩაკრული, რომ ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს. მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, თუმცა, ერთი სვეტი ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული – აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული. სვეტი საუკუნეების განმავლობაში სასწაულებს ახდენდა. გადმოცემის თანახმად, მიახლოებისას სნეულნი იკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, დავრდომილნი კი სიარულს იწყებდნენ.
ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი ტაძარში საკლავითა და უსისხლო შესაწირით მიდიოდა. წირვის შემდეგ, მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული.
გასაკვირი არაა, რომ სვეტიცხოვლობას განსაკუთრებულად აღნიშნავს ქალაქი მცხეთა, სადაც მრევლი სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში იკრიბება და მთავარ საზეიმო წირვას ესწრება.
ადრე, თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან მლოცველები მცხეთაში იკრიბებოდნენ. ისინი სვეტიცხოველში ღამის გასათევად წინა დღით მიდიოდნენ. ასევე, იმართებოდა ბაზრობა, ცეკვათამაში, ჭიდაობა და ლხინი. ტრადიცია დღემდე ნარჩუნდება და სვეტიცხოვლობის აღსანიშნად მისულ სტუმრებს მცხეთა განსხვავებული ღონისძიებებით, ხალხური, ფოლკლორული მუსიკის კონცერტებით, ბაზრობითა და გამოფენებით მასპინძლობს.


