Tata-naka

ქართველ ნიჭიერ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აღმოაჩენთ. მათ რიგებში არიან ლონდონში მოღვაწე დები – თამარ და ნატაშა სურგულაძეები, რომელთაც საკუთარი ბრენდი “Tata-Naka” აქვთ შექმნილი. თამარი და ნატაშა ტყუპები არიან. დიზაინერები თბილისში 1978 წელს დაიბადნენ და ბავშვობაც სამშობლოში გაატარეს.
დები 1991 წლის ბოლოს ამერიკაში გაემგზავრნენ, სადაც ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. შემდეგ იყო სამწლიანი ცხოვრება შვეიცარიაში. საბოლოოდ კი, 1995 წელს ლონდონში ჩავიდნენ და კოლეჯში სწავლა დაიწყეს. დები ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ ლონდონში ჩასვლა ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.
ტყუპმა დიზაინერებმა ექვსი წლიდან დაიწყეს ხატვა. სწორედ ამ პერიოდიდანვე ოცნებობდნენ დიზაინერობაზე. ცალ-ცალკე მუშაობა არც წარმოედგინათ. მეტიც, ბავშვობიდან იცოდნენ, რომ მათ ბრენდს “Tata Naka”-ს დაარქმევდნენ.
საბოლოოდ ბრენდიც ჩამოაყალიბეს. მათი სამოსი არაერთხელ გამოჩნდა პოპულარულ სერიალში
„სექსი დიდ ქალაქში“. სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ბევრი ადამიანისთვის ე.წ. მოდის აიქონ ქერი ბრედშოუს, იგივე სარა ჯესიკა პარკერს, არაერთხელ სცმია “Tata Naka”-ს მიერ შექმნილი სამოსი. მათ სამოსშია გამოწყობილი მსახიობი წიგნის ოფიციალურ ყდაზეც.
წლების წინ ვოგი იტალია ბრენდის შესახებ წერდა: „მათი უნიკალური ფორმები ქმნიან ერთგვარ ტილოს, რომელზეც დიზაინერები საკუთარ ფანტაზიებს აცოცხლებენ – უსწორმასწორო, ზიგზაგური ფიგურებით, ღილებითა თუ კონტრასტული პრინტებით. ქსოვილზე გადატანილი ცისარტყელას ფერები, ანტიკური გრაფიკული ელემენტები და აბსტრაქტული დეკორაციები საოცარ ენერგიასა და პოზიტივს ასხივებენ.“ ტყუპი დების მიერ შექმნილი ბრენდი ვინტაჟური სილუეტებითაა ინსპირირებული, რომელსაც გამორჩეული პრინტები ამშვენებს. დიზაინერების თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სტილის შექმნაა. მათი ყველა კოლექცია იწყება თემით. თემის მიხედვით ქმნიან პრინტებსაც, რომელსაც საკუთარი ხელით ხატავენ, ნახატი იქმნება ფაილად, შემდეგ კი ქსოვილზე იბეჭდება. ნახატების გარდა, თავადვე ქმნიან კოლაჟებს და იღებენ ფოტოებს, რომლებსაც ასევე პრინტად აწყობენ.
რაც შეეხება ფერებს, დიზაინერები აღნიშნავენ, რომ კოლექციებში გამოყენებული ფერები ბავშვობის მხიარულ, ფერად და ბედნიერ გარემოს გამოხატავს. მათი კოლექციებისთვის ინსპირაცია ხშირად არის საქართველო და ის გარემო, რომელშიც გაიზარდნენ.
მათ სამოსს უპირატესობას ანიჭებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კამერონ დიასი, ჯულიანა მური, რიზ უიზერსპუნი და სხვები. ბრენდი ორი ხაზისგან შედგება: “Tata Naka”, რომელიც ინოვაციურ და თანამედროვე ფორმებს მოიცავს და “Stolen Memories”, რომელიც დიზაინის უცნაურ, სახალისო ასპექტებსა და ციფრულ პრინტებზეა კონცეტრირებული.
მათი ბრენდი აერთიანებს, როგორც ქალის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს, ისე მინიატიურულ კოლექციებს ბავშვებისთვის და Tata Naka interiors-ს, რომელიც სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებითაა დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ დებ თამარ და ნატაშა სურგულაძეებს ლონდონის მოდის კვირეულზე ზედიზედ სამჯერ გადასცეს ახალი თაობის ჯილდო. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი პრინციპია, არასოდეს დაკარგონ ინდივიდუალურობა. მთავარ მიღწევად კი ამ რთულ სფეროში და წარმოუდგენლად დიდ კონკურენციაში მათი ბიზნესის შენარჩუნება და პოპულარობა მიაჩნიათ.







