ჯორჯ ბალანჩინი – ცეკვად ნათარგმნი მუსიკა

„როდესაც უყურებთ ყვავილების ბაღს, მათგან მნიშვნელობას არ მოითხოვთ, არ ეკითხებით რას გულისხმობენ. მოცეკვავეებიც ყვავილები არიან და ყვავილები კონკრეტული მნიშვნელობის გარეშე იზრდებიან. ისინი, უბრალოდ, მშვენიერები არიან. ჩვენც ყვავილებს ვგავართ.“ – ასე უპასუხებდა ჯორჯ ბალანჩინი იმ მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც მის აბსტრაქტულ დადგმებში ღრმა ფილოსოფიურ აზრს ეძებდნენ. მოძრაობის სიმკვეთრე, მუსიკის ჟღერადობა, სხვადასხვა სცენის სიმეტრია, დაშლა, შეერთება, ვარიაცია – ეს ბალანჩინის მემკვიდრეობაა, რომელიც 400-ზე მეტ დადგმას, კლასიკური ბალეტის ქორეოგრაფიის, სასცენო ესთეტიკის და ბალეტის მოცეკვავის სახის მთლიანად გარდაქმნის ელემენტებს მოიცავს.
ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე მთელ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ქორეოგრაფია. ქართველი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტანა და განავითარა.
გიორგი ბალანჩივაძე ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი გახლდათ. იგი 1904 წლის 22 იანვარს, იმდროინდელ პეტროგრადში დაიბადა. მოგვიანებით, 1918 წლის რევოლუციურ პეტროგრადში ცხოვრება საკმაოდ სარისკო გახდა, რის გამოც მელიტონ ბალანჩივაძემ ოჯახის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გიორგის უმცროსი ძმა, ანდრია, ოჯახთან ერთად მშობლიურ ქუთაისში გაემგზავრა, ხოლო გიორგი რუსეთში დარჩა. ამ დღის მერე, ძმები ერთმანეთს 45 წლის შემდეგ შეხვდნენ.
გიორგი ბალანჩივაძე საიმპერატორო თეატრალური სკოლის წარჩინებული მოსწავლე გახლდათ. სასწავლებლის დასრულებისთანავე „პეტერბურგის მარიინსკის თეატრის“ კორდებალეტში ჩაირიცხა. 20 წლის გიორგი, საბალეტო დასთან ერთად, გასტროლებით გერმანიას ესტუმრა, რის შემდეგაც საბჭოთა რუსეთში აღარასოდეს დაბრუნებულა. მოგვიანებით, გიორგი ბალანჩივაძე პარიზში გაემგზავრა და იმ დროისთვის ცნობილი იმპრესარიოს, სერგეი დიაგილევის რუსული საბალეტო დასის მთავარი ბალეტმაისტერი გახდა. დიაგილევის რჩევით, გიორგი ბალანჩივაძემ სახელი და გვარი ჯორჯ ბალანჩინად გადაიკეთა, რათა მისი ვინაობა აფიშებზე ევროპელთათვის უკეთ აღსაქმელი ყოფილიყო. ამ ცვლილების მიუხედავად, კავშირი მასსა და მის გენეტიკურ ფესვებს შორის არასდროს გაწყვეტილა. კოლეგების წინაშე ხშირად იმეორებდა: „მე ქართველი ვარ, ვიცოცხლებ 100 წლამდე“.
გიორგი თავისი წარმომავლობით ამაყობდა, ინახავდა ხატებს, ჩოხას და აღდგომის დღესასწაულს მის მიერ შეღებილი წითელი კვერცხებითა და პასკით ხვდებოდა. წლების განმავლობაში, ჯორჯმა რუსულ დასთან ერთად 9 სპექტაკლი დადგა და სერგეის გარდაცვალებამდე ერთგულად იყო მის სამსახურში. ჯორჯი ფრანგული საბალეტო დასების „ბალერიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე 1933ის“ ბალეტმაისტერი გახლდათ. 1929 წელს ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც პროფესიულ ბალეტთან გამომშვიდობება მოუწია და მისი კარიერა ქორეოგრაფიული მიმართულებით განაგრძო. სწორედ ამ დროიდან იწყება ჯორჯ ბალანჩინის ზღაპრული ამერიკული ვოიაჟი, ამერიკელი იმპრესარიოს, ლინკოლნ კირსტეინის შემოთავაზებით და აშშ-ში საბალეტო დასის დაარსების ისტორია.
1930-იან წლებში, ამერიკაში პროფესიული საბალეტო სკოლა არ არსებობდა. ბალანჩინიმ კირსტეინთან ერთად ამერიკული საბალეტო სკოლა შექმნა. 1948 წელს კი ამ სკოლის ბაზაზე საბალეტო დასი „ნიუ იორკ სითი ბალე“ ჩამოაყალიბა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
„მუსიკას უნდა ხედავდე, ცეკვას ისმენდე...“ – ეს ბალანჩინის სიტყვებია. მისმა მახვილმა თვალმა არაერთი ნიჭიერი მოცეკვავე აღმოაჩინა და ბევრ მათგანს საბალეტო ასპარეზზე გზა წარმატებით გაუკვალა. ბალანჩინი მთელ მსოფლიოში თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად არის აღიარებული. თავდაპირველად, ქორეოგრაფი სიუჟეტიან, ხოლო შემდგომ, უსიუჟეტო ე.წ აბსტრაქტულ ბალეტებს დგამდა. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპი მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი და რთული მოძრაობების ერთობლიობით მუსიკის ხილულ მოვლენად ქცევა იყო. ბალანჩინის ხელოვნებამ ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას შეუწყო ხელი. მან სრულიად ახალი, თანამედროვე საბალეტო ენა შექმნა – უკუღმა ამოტრიალებული კლასიკური ბალეტი. ათწლეულების განმავლობაში ჯორჯ ბალანჩინმა უამრავი საბალეტო სპექტაკლი დადგა. მათ შორის ყველაზე დიდი მოწონება ჩაიკოვსკის „მაკნატუნამ“ დაიმსახურა, რომლის შესრულებაც იმ დროის ამერიკაში საშობაო ტრადიციად დამკვიდრდა. როგორც ქორეოგრაფები და ცეკვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, ჯორჯ ბალანჩინმა ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ ქართული ელემენტები დაუმატა და ნაციონალური მოძრაობებით გაამდიდრა, რაც საბალეტო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. მსოფლიო ბალეტის მოვლენა ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე ამერიკელებმა გააღმერთეს. მისი ღვაწლი კლასიკური ამერიკული ბალეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეუფასებელია. მისი სახელის უკვდავსაყოფად, ბროდვეიზე ლინკოლნ ცენტრამდე არსებულ პატარა ქუჩას, სადაც „ნიუ იორკ სითი ბალე“ მდებარეობს, ბალანჩინის გზა ჰქვია.
მეოცე საუკუნის მთავარი ქორეოგრაფი და ამერიკული ბალეტის დამფუძნებელი ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში პირველად 1962 წელს ჩამოვიდა. ეს ჩამოსვლა განსაკუთრებით ემოციური ძმებისთვის იყო, რომლებსაც ერთმანეთი 45 წელი არ ჰყავდათ ნანახი. ანდრია ბალანჩივაძე ძმას აეროპორტში ელოდა, როგორც კი ბალანჩინი კიბეზე გამოჩნდა, ჯორჯმა მას მაშინვე დაუყვირა – „ანდრიუშა ძმაო“. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი 45 წელი არ ენახათ, ბევრ ხალხში ძმებმა ერთმანეთი მაშინვე იცნეს.
ჯორჯ ბალანჩინი 1983 წლის 30 აპრილს, ნიუ-იორკში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ნიუ იორკის ოკლენდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას არ ჰყოლია შვილები და ანდერძის თანახმად, მთელი ქონება „ნიუ იორკ სითი ბალეს“ საბალეტო დასს გაუნაწილდა.




