გიორგი გაგნიძე მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი

როგორ შემოვიდა მუსიკა და კონკრეტულად, საოპერო მიმართულება თქვენს ცხოვრებაში? თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს ოჯახში ქართული ჰანგები ყოველთვის ისმოდა. კლასიკური მუსიკა და თეატრი ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა. ამ ამბავთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება. უფროსი და მყავს, როდესაც დედასთან ერთად მუსიკის გაკვეთილიდან მის გამოსაყვანად მივდიოდი, მის გამოსვლამდე ბახის, ბეთჰოვენის მოსმენით ვტკბებოდი. გარდატეხის ასაკში, ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე მოვხვდი, სადაც გიტარაზე დავუკარი და თემურ წიკლაურის სიმღერა შევასრულე. სტუმრებს შორის, ერთ-ერთი ქართველი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას მეგობარი იყო, რომელსაც ჩემი ხმა მოეწონა და შემომთავაზა, თუ პროფესიულ არჩევანს მუსიკის მიმართულებით გავაკეთებდი, მიმართულების განსაზღვრაში დამეხმარებოდა. შემდეგ, ყველაფერი თავისთავად განვითარდა, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ ჩავაბარე და სწავლა დავიწყ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?**
90-იანი წლების დასაწყისში „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ ჩავაბარე. მეორე კურსიდან თბილისის საოპერო თეატრში მიმიწვიეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის საოპერო დასის სოლისტი გავხდი, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო წინსვლა გამეგრძელებინა. ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში საერთაშორისო კონკურსების ეტაპი დაიწყო. პირველი საერთაშორისო კონკურსი სტამბულში, მსოფლიო მნიშვნელობის სოპრანოს, იმდროინდელი ლა სკალას პედაგოგის, ლეილა გენჯერის მიერ ჩატარებული კონკურსი გახლდათ, სადაც გავიმარჯვე და საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური ბარიტონის პრიზი მოვიპოვე. კონკურსს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, საოპერო სფეროში მოღვაწე გამოჩენილი მომღერლები და ადამიანები ესწრებოდნენ, მათ შორის, ლა სკალადანაც. ამ კონკურსის შემდეგ, მონტეკარლოდან პირველი მოწვევა მივიღე, ჩაიკოვსკის ოპერაში „იოლანტა“. ვფიქრობ, კონკურსები საუკეთესო საშუალებაა, პროფესიული განვითარებისათვის და ახალი კონტაქტებისთვის.
რომელ მნიშვნელოვან ეპიზოდებს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან? მას შემდეგ, რაც პროფესიად ოპერის მომღერლობა ავირჩიე, პროფესიული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ჩვენთვის საოპერო მომღერლებისთვის გემის კაპიტანი ტენორია, ბარიტონი, ბანი, სოპრანო, მეცო-სოპრანო შემდეგ მოდის. როცა ტენორი ხარ, ეს თავისთავად სახელია და რეპერტუარიც მეტ შესაძლებლობებს გთავაზობს. ბარიტონის შემთხვევაში, აღიარების მოპოვება ბევრად რთულია და მეტ შრომას საჭიროებს, როგორც სამსახიობო, ისე სცენური კუთხით. ბარიტონები მსახიობი მომღერლები არიან, რომლებმაც გამორჩეული სამსახიობო უნარებით, ოსტატობით და სწორი მიდგომით მსმენელის გული უნდა დაიპყრონ.
ჩემი კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე, ისეთ პროფესიონალ მომღერლებთან, დირიჟორებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობით, როგორებიც: პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, გუსტავო დუდამელი, ზუბინ მეჰთა, ჯეიმს ლივაინი, ფრანკო ძეფირელი, ლუკ ბონდი და მრავალი სხვა მსოფლიო დონის არტისტია. 2005 წელს, იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში ჯუზეპე ვერდის სახელობის კონკურსში პირველი ადგილის აღების შემდეგ, ჩემმა კარიერამ ტრამპლინი განიცადა. დარბაზში პირველი ადგილის ჯილდო თავად ხოსე კარერასმა გადმომცა, რომელიც კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ.
პლასიდო დომინგომ, რომელიც მაშინ ლოს-ანჯელესის თეატრის და ვაშინგტონის ოპერის ხელმძღვანელი იყო, თავად მიმიწვია ჯუზეპე ვერდის ოპერაში „რიგოლეტო“, ლა სკალას სცენაზე მთავარი როლის სათამაშოდ. ოპერას ძალიან ცნობილი დირიჟორი გუსტავო დუდამელი დირიჟორობდა. წილად მხვდა ბედნიერება, ჩემთვის ედირიჟორა სამთა ტენორის, პავაროტის, პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის დირიჟორს ზუბინ მეჰთას. 2009 წელს, ჯეიმს ლივაინმა, რომელიც 40 წელი მეტროპოლიტენის ოპერის მთავარი დირიჟორი გახლდათ, „ტოსკაზე“ მიდირიჟორა. ჩემს მოსასმენად მეტროპოლიტენის ოპერიდან თავად მოვიდნენ სპექტაკლზე.
გამორჩეული ეპიზოდია 2018 წელი, ფრანკო ძეფირელის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, სადაც ვიმღერე. მომღერლების სია ფრანკო ძეფირელმა თავად შეადგინა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპექტაკლს ნიუ იორკიდან ტელეხიდით ესწრებოდა.
განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის, 2022 წელს, თბილისის ოპერის წინ ჩემი ვარსკვლავის გახსნა.
ასევე, მიხარია, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი და ჩემს ცოდნას, გამოცდილებას ახალ თაობას ვუზიარებ.
როლი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ...
ყველა როლთან ჩემი ემოციები და მოგონებები მაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ვერდის „რიგოლეტოს“. ზოგადად, რიგოლეტოს არია ძალიან რთული შესასრულებელია. იტალიაში გამართულ კონკურსზე, სწორედ, მისი შესრულება გადავწყვიტე, რაც საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო. ახლაც მახსოვს მაყურებლების ცოცხალი რეაქციები დარბაზიდან და ხოსე კარერასის შეძახილი „ბრავო“.
როლი, რომელიც თქვენს რეალურ პიროვნებას, ხასიათს და თვისებებს ყველაზე მეტად ჰგავს...
ჯუზეპე ვერდის სიმონ ბოკანეგრა. ეს როლი ჩემი პიროვნების, შინაგანი სამყაროს და სურვილების ამოძახილია. სიმონ ბოკანეგრას პერსონაჟი რეალურია. იგი მე-14-ე საუკუნეში, იტალიაში ჯენოას რესპუბლიკის მმართველი გახლდათ. სხვა მმართველებისგან განსხვავებით, ის იმდროინდელი დანაწევრებული იტალიის სენატში ცრემლიანი თვალებით, როგორც პლებეებს, ისე პატრიციებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა.
საუკეთესო პროფესიული რჩევა, რომელიც მიგიღიათ და სულ გახსოვთ...
ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე, ჩემს გვერდით, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ, ისეთი ადამიანები მხვდებოდნენ, რომლებთან ურთიერთობასაც ჩემს კარიერულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ვფიქრობ, დასაწყისი და შენი ფესვების არ დავიწყება უმნიშვნელოვანესია. ჩემს არტისტად ჩამოყალიბებაში დიდი შრომა „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ ჩემმა პედაგოგმა, თამაზ ლაფერაშვილმა ჩადო. ბატონი თამაზი იმდროინდელი „თბილისის საოპერო თეატრის“ წამყვანი ბანი გახლდათ და მე კამერულ მუსიკას და სიმღერას მასწავლიდა. ასევე, პირველი მაესტრო ჯანსუღ კახიძე. 1995 წელს, როცა „თბილისის საოპერო თეატრის“ სოლისტი გავხდი, მითხრა: „სცენაზე დიდი როლების შესრულება ყოველთვის შეგიძლია, პატარა როლების თამაშის დროსაც. ეს ყოველივე შენ გაგზრდის დაგაოსტატებს და დიდი როლებისთვის მოგამზადებსო“.
მიღწევა, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ...
ვამაყობ, რომ იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში ვერდის კონკურსში, როგორც ქართველმა ბარიტონმა, პირველი ადგილი მოვიპოვე. ვითამაშე და განვაგრძობ თამაშს მსოფლიოს მეგა თეატრებში, როგორებიც: ლა სკალა, კოვენტ გარდენი და მეტროპოლიტენია, სადაც წამყვან როლში, უკვე, 150ზე მეტი სპექტაკლით წარვდექი.
მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...
ჩემთვის ოჯახი და მათი სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა, როგორც საქმეში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი მეუღლე, მაია გოგოლაძე პროფესიით ექიმი-თერაპევტი და ჩემი პირველი გულშემატკივარია. რაც შეეხება ჩემს შვილებს, გოგონამ, მარიამ გაგნიძემ, პროფესიად ოპერის მომღერლობა აირჩია. მას არაჩვეულებრივი მონაცემები, ნიჭი, მონდომება და სასცენო გარეგნობა აქვს. ამჟამად, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ სწავლობს და ვიმედოვნებ, ყველა დასახულ პროფესიული მიზანს მიაღწევს. ჩემი ვაჟი, დავით გაგნიძე, წელს სტუდენტი გახდა და ამჟამად, გერმანიაში, ბერლინში ბიზნესის მიმართულებით სწავლობს. ჩვენი მხრივ, მე და ჩემი მეუღლე, მისი პირველი წარმატებული დამოუკიდებელი ნაბიჯებით ძალიან ვამაყობთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? მომდევნო 3 წლის განრიგი სრულად გაწერილი მაქვს. მივემგზავრები ვაშინგტონში. შემდეგ, პარიზში, სადაც „რიგოლეტო“ უნდა ვითამაშო, ჯამში 10 სპექტაკლი. შემდეგ, ვენაში რიხარდ ვაგნერის ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი“, სადაც ჰოლანდიელის როლს შევასრულებ. ამ როლს მეორედ ვთამაშობ და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი როლია. ამის შემდეგ, გადავინაცვლებ იტალიაში, ქალაქ ტორინოში, ჯანჩოტოს როლში. შემდეგ, ბერლინში. შემდეგ კი ნიუ იორკის მეტროპოლიტენში „ტოსკას“ წარვადგენ. ასევე, 2026-2027 წლებში დაგეგმილია „აიდა“ და „ტოსკა“.






