Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ხატია ბუნიათიშვილი: ქართველი პიანისტი მსოფლიო სცენაზე

ხატია ბუნიათიშვილი: ქართველი პიანისტი მსოფლიო სცენაზე

საქართველოში, სულ რაღაც 4 მილიონიან ქვეყანაში, არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი გვყავს. ისინი საზღვრებს მიღმა განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებენ, და თავისებურად, ჩვენი ქვეყნის ელჩებს წარმოადგენენ. ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მათ რიცხვს უპირობოდ მიეკუთვნება. მისი ნიჭიერებით უამრავი ადამიანი მოხიბლულა. ამის თქმის საშუალებას პიანისტის განვლილი ცხოვრება გვაძლევს, რომელიც სავსეა წარმატებული მომენტებით.

ხატია 1987 წლის 21 ივნისს დაიბადა. მუსიკისადმი ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა. მისთვის კლავიშთან ურთიერთობას ერთგვარი თამაშის სახე ჰქონდა. სულ რაღაც ხუთი წლისა უკვე კარგად ფლობდა ნოტებს. ექვსი წლისამ კი კამერულ ორკესტრთან ერთად პირველად შეასრულა ნაწარმოები.

ხატია ბუნიათიშვილის წარმატებაში დიდი როლი ოჯახს მიუძღვის, რომელიც მუდამ მხარში ედგა. როიალსაც ოჯახის ნაწილად მიიჩნევს – „მუსიკა და განსაკუთრებით როიალი, ეს იყო ოჯახის ნაწილი, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური მომენტი“ – აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში პიანისტი. მას საუკეთესო ურთიერთობა აქვს მამასთან, დასთან და რა თქმა უნდა დედასთან. მიაჩნია, რომ დედამ მის ცხოვრებაში მთავარი როლი შეასრულა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავზე, როგორც ინდივიდზე დააფიქრა და ასწავლა შრომის მიმართ სიყვარული.

ამ სიყვარულმა კი შედეგი გამოიღო. დღეს ხატია ბუნიათიშვილის სახელი ყველასთვის ცნობილია – „კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავი“. პიანისტის გულშემატკივრებმა ცოტა ხნის წინ იხილეს ხატია ბუნიათიშვილის რიგით მეექვსე სოლო ალბომიც, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან, პიანისტმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დაუკრა.

თუმცა, სჯობს, ქართველი ვარსკვლავის კარიერის გზას ადრეული წლებიდან გადავავლოთ თვალი.

1999 წლიდან მას არაერთი კონცერტი გაუმართავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: ავსტრია, შვეიცარია, იტალია, გერმანია, ბელგია, აშშ, საფრანგეთი და კიდევ არაერთი ქვეყნის საპატიო სტუმარი ყოფილა. ქართველი პიანისტის კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში გამართულა, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა. მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ – (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ – (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ – (იტალია), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ – (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ – კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“ და სხვა.

მუსიკალური განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს მიღმა. მაგალითად, სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს გამხდარა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მიღებული აქვს სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელის სიმპათია“.

ვარსკვლავს ასევე უთანამშრომლია ისეთ ცნობილ ჯგუფთან, როგორიც “ქოლდფლეია”. სოლისტის, კრის მარტინის თხოვნით, ხატიამ ჯგუფის ერთ-ერთ ნაწარმოებზე იმუშავა. “ქოლდფლეის” ალბომში შესულია კომპოზიცია, სადაც ქართველი პიანისტი უკრავს. მეტიც, 2016 წელს, ხატია ბერლინის პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს “Echo Klassik”-ის მფლობელი გახდა ნომინაციაში – „წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერი“. მისი გამარჯვება კი “ქოლდფლეის” სოლისტმა, კრის მარტინმა წარადგინა, რა დროსაც ხატიას ამ სიტყვებით მიმართა – „ხატია, მიყვარხარ“. მარტინის წარდგენამ, და შემდეგ, დარბაზში ქართველი პიანისტის გამოჩენამ დიდი ოვაციები გამოიწვია.

ბუნებრივია, ასეთი წარმატების პარალელურად საზოგადოება ყოველთვის ინტერესდება პიანისტის პირადი ცხოვრებით, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი თავად ხატიას არ უყვარს. პაპარაცებმა ის რამდენჯერმე დააფიქსირეს მსახიობ ორლანდო ბლუმთან ერთად, თუმცა, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არცერთ მხარეს გაუკეთებია. დღეს, პიანისტი თავის რჩეულთან ერთად, ერთ შვილს, შარლოტას ზრდის, რომელზეც ასევე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში რამდენიმე საერთო ფოტო მაინც მოიძებნება.

ხატია ბუნიათიშვილი ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და კარიერის მწვერვალზე ყოფნას კვლავ აგრძელებს.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…