Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

მასაჟი სხეულის გაჯანსაღების უალტერნატივო საშუალება

მასაჟი სხეულის გაჯანსაღების უალტერნატივო საშუალება

პროფესიით ექიმი, „საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტი“ და „აურა პლიუსის“ დირექტორი რუსუდან მერმანიშვილი წლებია ამ მიმართულებით საქართველოში საქმიანობს და კოლეგებთან ერთად, საზოგადოებაში, სფეროს წარმომადგენლებში, ხარისხის სტანდარტის განვითარებასა და ამაღლებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ამბავს, მასაჟის ხელოვნების, მთავარი უპირატესობებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულების განვითარებისთვის ტარდება, უფრო ვრცლად თავად გვიამბობს.

მასაჟი გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოგვიყევით უფრო ვრცლად პროცედურის და მასაჟის იმ სახეობების შესახებ, რომლებიც „აურა პლიუსში“ ტარდება. მასაჟი მედიცინის უალტერნატივო მიმართულებას წარმოადგენს. პროცედურის დროს, სპეციალისტის ხელების მოძრაობის სხვადასხვა ტექნიკით, სისხლძარღვების გაფართოების პროცესი იწყება, კაპილარებში და პრეკაპილარებში სტაზირებული სისხლის მობილიზაცია ხდება, რაც ეტაპობრივად მიკროცირკულაციის აღდგენას უზრუნველყოფს.

„აურა პლიუსში“ 30-მდე სახეობის მასაჟი ტარდება. ზოგადად თითოეული სახეობის მასაჟს თავისი უპირატესობა და მიზნობრიობა აქვს. მასაჟის სახეობების გარკვეული ჯგუფის ძლიერი მხარე ზედმეტი სითხის გამოდევნაა, მეორე ჯგუფის – ცხიმოვან ქსოვილზე ზემოქმედება, მესამე ჯგუფის – პილინგი, მეოთხე ჯგუფის – კუნთოვან, სახსროვან და ნერვულ სისტემებზე დადებითი ზემოქმედება. შესაბამისად, როდესაც ერთი პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა კუთხის ზემოქმედებას ვიყენებთ, საუკეთესო შედეგს ვიღებთ.

ბუნებრივია, ჩვენთან ანტიცელულიტური მასაჟების ნაირსახეობები ტარდება, ასევე, ორი ტიპის ლიმფოდრენაჟული მასაჟი. პირველი – მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციების შემდგომ, პაციენტებში ლიმფოსტაზის პრევენციისათვის. მეორე მიმართულება კი ანტიცელულიტური მიზნით. პირველი და მეორე ხარისხის ცელულიტის დროს ლიმფოდრენაჟი საუკეთესო პროცედურაა, თუმცა, ის აუცილებლად სწორი ტექნიკით უნდა იყოს ჩატარებული, რასაც აუცილებლად პროფესიონალი სჭირდება. ჩვენთან ტარდება მრავალფეროვანი სამკურნალო მასაჟი, როგორც ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების, ისე სხვადასხვა ტიპის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებთან დაკავშირებული დაავადებების, ბავშვთა რეაბილიტაციის, აღნაგობის და ტანდეგობის გამოსწორების მიზნით. ფეხმძიმეების მასაჟი, რომელიც პრევენციის მიზნით ტარდება და ძირითადად რამდენიმე დანიშნულება აქვს. პირველ რიგში, ორსულისთვის ხერხემალზე დატვირთვის მოხსნა, მეორე – ლიმფოსტაზის პრევენცია, მესამე – ცელულიტის და სტრიების პრევენცია და მეოთხე – ნერვული სედაცია, რაც ორსულის დამშვიდებას და კარგ განწყობას უწყობს ხელს. ორსულისათვის მასაჟის დაწყება მეორე ტრიმესტრიდან მშობიარობის ბოლომდეა შესაძლებელი. ცალკე მიმართულებაა ტაი-იოგა მასაჟი, რომლის დროსაც ძვალ-სახსროვანი სისტემის საფუძვლიანი დამუშავება და ორგანიზმის გააქტიურება ხდება. მასაჟი იდეალურია მათთვის, ვინც დარბაზში სიარულს და ვარჯიშს ვერ ახერხებს. აღსანიშნავია, სხვადასხვა სახეობის სარელაქსაციო მასაჟებიც, რომლებიც საქართველოში ადრე ნაკლებად პოპულარული იყო. ზოგადად, გარკვეული პერიოდი არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ მასაჟი კარგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია თუ პაციენტს ის ეტკინება. მიხარია რომ დღეს, ეს მოცემულობა შეიცვალა და ჩვენი შრომით ადამიანებში მასაჟის მიმართ ცნობიერება ავამაღლეთ. ადამიანის ჯანმრთელობისათვის რელაქსაცია ძალიან მნიშვნელოვანია და თუ პაციენტი სრული მოდუნების მდგომარეობის მიღწევას შეძლებს, პროცედურას შესაძლებლობა აქვს ადამიანი სტრესისგან და დაგროვილი ტრავმებისგან გაათავისუფლოს. ჩვენთან სარელაქსაციო მასაჟის რამდენიმე სახეობა ტარდება. ცხელი ქვების მასაჟი, სინქრონული მასაჟი 4 ხელში, რა დროსაც სინქრონში მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მასაჟის დროს ერთეულ ფართობზე სამასაჟე მოძრაობები გაორმაგებულია, მოდუნების მდგომარეობაც შედარებით მალე მიიღწევა, რადგან მასაჟისტის ხელი პაციენტის სხეულთან მუდმივ კონტაქტშია და წყვეტა არ ხდება. სარელაქსაციო მასაჟის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა ქირომასაჟი. ასიმეტრიული მოძრაობა მასაჟისტის ხელებით, რა დროსაც სპეციალისტი ერთი ხელით, მაგალითად, თავის და კისრის ზონას გარკვეული ილეთით, სიძლიერით, სიღრმით და სიჩქარით ამუშავებს, ხოლო მეორე ხელით აბსოლიტურად განსხვავებული ილეთების სიღრმის და სიჩქარის გამოყენებით ტერფი მუშავდება. ამ დროს პაციენტი ჯერ ერთ ხელზე აჩერებს კონცენტრაციას, შემდეგ მეორეზე და თანდათანობით ისე ეშვება, რომ ღრმა მოდუნების მდგომარეობას აღწევს. აგრეთვე აღსანიშნავია, თავის მასაჟი, ტერფის და მტევნების მასაჟი, რომელიც რეფლექსოგენურ ზონებს და ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს ააქტიურებს და ყველა ორგანოს ფუნქციონირებას აუმჯობესებს, რაც მთლიან ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას ახდენს. მინდა გამოვყო უაღრესად სასარგებლო და უამრავი ეფექტის მქონე ვაკუუმ-მასაჟი, ანუ მასაჟი სამედიცინო ქილებით, რომელიც შეუცვლელია, როგორც სამკურნალო, ისე საკორექციო ეფექტის მისაღებად.

ცალკე ჯგუფი გვაქვს პილინგ მასაჟების მიმართულებით. დაახლოებით 28 დღეში ერთხელ ადამიანის კანის განახლების პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში კანი მკვდარი ეპიდერმისით იფარება. თუ გარკვეული სიხშირით მკვდარი ეპიდერმისი კანს არ მოცილდა, შრეების ფენა იზრდება, რაც ფორებს ხურავს და უჯრედში ჟანგბადი ვეღარ აღწევს, ამიტომ, პილინგ მასაჟის ჩატარება თვეში ერთხელ ჯანმრთელობისათვის აუცილებელია.

ჩვენს ცენტრში აგრეთვე ტარდება სახის მასაჟის ნაირსახეობები, როგორიცაა: კლასიკური, წერტილოვანი, ლიმფოდრენაჟი, ლიფტინგი და ბუკალური.

თქვენ „საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის“ პრეზიდენტი ხართ, მოგვიყევით ასოციაციის, მისი მიზნების, მიღწევების და აქტივობების შესახებ.

2014 წელს, მე და ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან, ვერტებროლოგმა, რეაბილიტოლოგმა ლია ავალიანმა და აკუპუნქტურისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა ურუშაძემ „საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაცია“ დავაარსეთ. ასოციაციის დაარსების მიზანი საქართველოში მასაჟის მიმართ ცნობადობის ამაღლება, პროფესიონალური დონის სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალობის რეგულირების პროცესის დაწყება იყო, რადგან ეს სფერო ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და ხარვეზების არსებობა, როგორც სპეციალისტების პროფესიონალური დონის, ისე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების თვალსაზრისით დაუშვებელია. დღეს, ასოციაციის დაარსებიდან 10 წლის თავზე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ წინაშე დასახული მიზნები წარმატებით სრულდება და იხვეწება. პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად შეიქმნა პროფესიის „მასაჟის თერაპია“ სტანდარტი და საგანმანათლებლო სტანდარტი. სტანდარტების დამტკიცებამ ასოციაცია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და დღესდღეობით მომუშავე მასაჟისტების რეგულაციის პროცესის შემუშავება და საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების აუცილებლობის საკითხი დააყენა. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პედაგოგიკის უფლების კრიტერიუმების სრულყოფა და ამ დარგში მასწავლებელთა მომზადება მთელს მსოფლიოში აპრობირებული TOT (Training of trainers) სტანდარტებით. ამ აქტივობების განსახორციელებლად, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. გარდა აღნიშნულისა, ასოციაცია მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებს, რაც გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლებას, ასოციაციის წევრების მიერ მოთხოვნადი სემინარების ორგანიზებას უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, სპეციალური პროგრამების შემუშავებას (2017 წელს ჩვენი ასოციაციის მიერ მომზადდა და ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია მოიპოვა მსოფლიოში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებულმა პროგრამამ: „შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია და ლიმფის მანუალური დრენაჟი“), მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნას და ჩემპიონატების ორგანიზებას. წელს, ოქტომბერში, თბილისში მასაჟის ტექნოლოგიებში 3 დღიანი ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. ჩემპიონატი საქართველოში სამკურნალო მასაჟის და მანუალური თერაპიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ღვაწლმოსილი მეცნიერის ბატონი ნიკოლოზ ავალიანის ხსოვნას მიეძღვნა. აღნიშნული ჩემპიონატი მასაჟის ხელოვნების ზეიმი იყო, სადაც ნაჩვენები გახლდათ როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სპეციალისტების საკმაოდ მაღალი დონე. აღსანიშნავია, რომ ასოციაციამ ჩვენს მასაჟისტებს საერთაშორისო არენაზე გზა გაუკვალა, საიდანაც ყოველ წელს გამარჯვებულები ბრუნდებიან. ჩვენი ასოციაცია 2016 წლიდან ევრაზიის მასაჟის კონფედერაციის წევრია, რაც ძალიან საამაყო მიღწევაა. მიხარია და ამაყი ვარ, რომ ეს პროფესია, ჩვენი ასოციაციის ძალისხმევით ახალ მწვერვალებს იპყრობს.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…