Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

მსოფლიოში გამორჩეული 3 ადგილი, სადაც ზამთარში უნდა დაისვენო

მსოფლიოში გამორჩეული 3 ადგილი, სადაც ზამთარში უნდა დაისვენო

ზამთრის დადგომასთან ერთად, დამსვენებლები აქტიურად იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ სად შეიძლება გაატარონ შვებულება, ან უბრალოდ, უქმეები. ხშირ შემთხვევაში, უპირატესობას ისეთ კურორტებს ანიჭებენ, სადაც განწყობას თოვლის ფიფქები ქმნის.

მსოფლიოში უამრავი ზამთრის კურორტია, თუმცა, ახლა კურშეველის შესახებ გვინდა მოგიყვეთ. ადგილი, სადაც „გუჩის“ ბრენდის გონდოლები, კერძო აეროდრომი და მთელ ალპებში ყველაზე მეტი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებია. კურორტი საფრანგეთის ალპებში, Les Trois Vallées-ზე მდებარეობს, რომელიც მსოფლიოში უდიდეს სათხილამურო ზონას წარმოადგენს და მასში სამი კურორტია გაერთიანებული: კურშეველი, მერიბელი და ვალ თორენსი. კურშეველი აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს და აერთიანებს 52 საბაგიროსა და 150 კილომეტრზე მეტი სიგრძის სათხილამურო ტრასას. არსებობს კურშეველი 1300, 1500, 1650 და 1850. თითოეული მათგანი კურორტის მდებარეობის ზღვის დონიდან ათვლილ სიმაღლეს აღნიშნავს. მათგან კურშეველი 1300 შედარებით ხელმისაწვდომია, კურშეველი 1850 კი არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული კურორტია. აქ ხშირად ისვენებენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, რობი უილიამსი და ელტონ ჯონი. ჟურნალ “Daily Mail”-ის ცნობით, 2016 წელს კურშეველში უქმეებს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც ატარებდნენ. აქ გაგიჭირდებათ იპოვოთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე დაბალი დონის დასასვენებელი ადგილები. სწორედ აქ შეხვდებით სასტუმრო Les Airelles Courchevel-ს, რომელიც “Forbes”ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური სასტუმროა მსოფლიოში. აქ, საშუალოდ, ნომრის ღირებულება 3000$-ია ღამეში. ასევე, კურშეველ 1850-ს აქვს მრავალი ლუქს შალე. იმ დამსვენებლებისთვის, რომლებსაც სრიალი არ უყვართ, კურშეველში არაერთი სხვა გასართობი აქტივობაა. მაგალითად, პარაპლანით ფრენა, ყინულის მოედანი ან სპა პროცედურები. ასევე, აქ შეხვდებით 40-მდე მსოფლიოს წამყვანი ბრენდის მაღაზიებს, როგორებიცაა: „ფენდი“, „ლუი ვიტონი“ და „გუჩი“. რა თქმა უნდა, კურორტზე ღამის გართობით სიამოვნების შესაძლებლობაცაა. მიმდინარე ზამთრის სეზონზე კურშეველში დამსვენებლისთვის კარი ღიაა 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 21 აპრილამდე.

ალპების მწვერვალებით გარშემორტყმულია სენტმორიცი შვეიცარიაში, რომელიც მსოფლიოს ერთერთი ცნობილი ზამთრის კურორტია. კურორტი დამსვენებელს ერთ-ერთ უგრძელეს სათხილამურო ტრასას სთავაზობს. ის 350 კილომეტრს შეადგენს. საკურორტო დასახლება გრაუბიუნდენის კანტონში მდებარეობს, ამავე სახელწოდების ტბის ნაპირას. სენტ-მორიცს უმასპინძლია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, როგორიც ზამთრის ოლიმპიური თამაშები და სპორტში მსოფლიო ჩემპიონატია. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სენტ-მორიცი, თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და კარგი ამინდით, მდიდრებისა და ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი კურორტია. აღსანიშნავია, რომ ის თავდაპირველად ზაფხულის კურორტი იყო, დღესდღეობით კი სენტ-მორიცი ზამთრის სპორტის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. დამსვენებლებს, რომლებსაც სრიალი არ უყვართ, შეუძლიათ სხვადასხვა სპორტით დაკავდნენ, ეს იქნება გოლფი, ჰოკეი, თუ ცხენზე ჯირითი. ეს ყველაფერი კი გაყინულ ტბაზე ხდება, რაც ტურისტებისთვის ერთერთი მიმზიდველი შესაძლებლობაა. რაც შეეხება მოსახლეობას, აქ უმეტესად, გერმანულენოვანი მოსახლეობაა, თუმცა, იტალიის საზღვართან სიახლოვის გამო, ცხოვრობენ იტალიელებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი მაღალი დონის კურორტია, აქ დასვენება შედარებით ბიუჯეტურადაც შესაძლებელია.

ხოლო, თუ გსურთ ზამთრის ცივ დღეებს თავი სიცხეში შეაფაროთ, მაშინ ეგზოტიკურ ქვეყნებს უნდა მიაშუროთ, მაგალითად როგორიცაა ზანზიბარი. ტანზანიის რესპუბლიკის ნახევრად ავტონომიური ნაწილი, რომელიც ფრედი მერკურის სამშობლოა, ისეთ პეიზაჟებს გთავაზობთ, როგორიც შესაძლოა აქამდე მხოლოდ ფილმებში გქონდეთ ნანახი. ზანზიბარი მართლაც არის აფრიკის მარგალიტი, რომელიც ყველა მხრიდან თბილი ინდოეთის ოკეანითაა გარშემორტყმული. მისი დედაქალაქი იგივე სახელწოდებას ატარებს. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები და წარმოუდგენლად ფირუზისფერი წყალია. ზანზიბარი ერთნაირად მიმზიდველია, როგორც თავგადასავლების მაძიებლებისთვის, ისე პასიური დასვენების მოყვარულთათვის. აქ შეგიძლიათ იცურაოთ გიგანტურ კუებთან, დელფინებთან, ახლოდან ნახოთ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ვეფხვი, ლომი, სპილოების ოჯახი, ჟირაფი, ზებრა და მრავალი სხვა. თუ აქაური კულტურისა და გაცნობის სურვილი გექნებათ ზანზიბარში თავისუფლადაა შესაძლებელი მოინახულოთ მასაის ტომის სოფლები, გაეცნოთ მათი ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურობას, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებულია. სთოუნთაუნში კი ფრედი მერკურის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. სწორედ ზანზიბარში გაატარა ლეგენდამ თავისი ცხოვრების ადრეული წლები. აქ ცხოვრება ძალიან იაფია, საკვები კი უგემრიელესი. ზანზიბარის სამზარეულო აერთიანებს რამდენიმე კულინარიულ ტრადიციას: აფრიკულ, არაბულ და სპარსულს. მათი მთავარი კერძებია ხორცი და თევზი, გარნირად კი ბრინჯი, პარკოსნები და კარტოფილი. ინდოეთის ოკეანეში დაჭერილი ზღვის პროდუქტების გემო საოცარია, ასევე, მრავალფეროვანია ტროპიკული ხილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მომღიმარი მოსახლეობა გხვდება, რომლებიც ერთ ჯადოსნურ ფრაზას გეუბნებიან „აკუნა მატატა“ და გახსენებენ, რომ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია. ზანზიბარზე ნებისმიერი ტიპის დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ სასტუმროს კატეგორიას.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…