ზამთრის კურორტები საქართველოში

ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი და ამავდროულად თავგადასავლებით სავსე სეზონია. საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ვიზიტორებს, ამ პატარა ქვეყანაში რამდენიმე სამთოსათხილამურო კურორტი მოინახულონ. რამდენად ხშირად გაგიგონიათ სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომ შეგიძლია მხოლოდ 3 საათის სამანქანო გზის სავალზე ჯერ ზღვის სანაპიროზე დაისვენო, შემდეგ კი მთაში. აი, საქართველოში ეს ნამდვილად შესაძლებელია. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ზამთრის კურორტების მრავალფეროვნებას.
პირველ რიგში გეტყვით, რომ ზამთრის მოყვარულებისთვის საქართველოში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტები რამდენიმე მიზეზითაა მიმზიდველი – მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, გასართობი ადგილები, თოვლის მაღალი ხარისხი და საუცხოო პეიზაჟები.
გუდაური ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტია საქართველოში, მას შეიძლება ქართული ალპური მარგალიტიც ვუწოდოთ. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ნებისმიერი დონის მოთხილამურისთვის შეირჩევა სასრიალო ტრასა. სრიალის დროს კავკასიონის მთების თვალწარმტაცი პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობაც გეძლევათ. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გუდაურს აქვს, მისი ადგილმდებარეობაა. ის დედაქალაქიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში მდებარეობს და იქ მოსახვედრად საშუალოდ 2 საათია საჭირო. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება. გუდაურში არსებული ბუნებრივი პირობები აღმოჩნდა მთავარი პირობა იმისა, რომ აქ სამთო სათხილამურო კურორტი გაეშენებინათ. პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა. დღეისათვის კი 4 სხვადასხვა სახის სირთულის გზაა: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი. ასევე, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს გუდაურს სხვა კურორტებისგან გახლავთ ის, რომ ეს ადგილი გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.
გუდაურში ჰავა მშრალია, ხოლო თოვლის საფარი 1-2 მეტრს აღწევს. ტურისტებისთვის კიდევ ერთ კომფორტს სასტუმროების ადგილმდებარეობა ქმნის. ზოგიერთ შემთხვევაში, საბაგირო გზა პირდაპირ სასტუმროს წინ მდებარეობს. ასევე, გზებს შორის მოწყობილია არაერთი კაფე, სადაც კომფორტულად შესვენება და გემრიელი კერძების მირთმევაა შესაძლებელი. კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7 კმ-ზე მეტი მანძილის საბაგირო გზაა, რომელსაც საათში 2800 მგზავრი გადაჰყავს. შესაბამისად, გუდაურთან ახლოს მდებარე ტურისტებისთვის მიმზიდველ ყაზბეგში მოხვედრა ამ საბაგირო გზითაა შესაძლებელი, თანაც ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდეა შესაძლებელი.
ბაკურიანი ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ვინც ეძებს მშვიდ გარემოს, ბავშვებზე ადაპტირებულ ადგილს, უამრავი გასართობითა და პატარებისთვის ზამთრის სპორტში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაკურიანი სწორედ მათთვისაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბაკურიანში ზრდასრული ადამიანებიც კარგ დროს გაატარებენ. ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ის მთლიანად შემოსილია წიწვოვანი ტყით და გარდა მაღალი სტანდარტის სასრიალო გზებისა, ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. აქ სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავი ჰავაა. ბაკურიანში იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში თოვლის რაოდენობა და ხარისხი საუკეთესოა. რაც შეეხება სასრიალო გზებს, აქ პირველი სათხილამურო ბაზა 1932 წელს გაიხსნა. დღეისთვის კი ფუნქციონირებს: კოხტას, მიტარბის, დიდველის, ტატრისა და ე.წ. 25-იანების ტრასები. ასევე, რამდენიმე სასრიალო გზას ბაკურიანში არსებულ სხვადასხვა გასართობ პარკშიც შეხვდებით. კურორტი ცნობილია თავისი ფერდობებითა და ზამთრის სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის, ციგებით, ცხენებით გასეირნებით, ყინულის მოედნებითა და თოვლის სკუტერებით. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ხშირად დამსვენებლები ბორჯომიდან ბაკურიანში
„კუკუშკით“ გადაადგილდებიან, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ეგზოტიკურს ხდის. თოვლით დაფარული წიწვოვანი ხეები ამ შემთხვევაში საუკეთესო განწყობას ქმნის.
კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელსაც საქართველოში შეხვდებით, მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტი გოდერძია. გოდერძი ზღვის დონიდან 2025 მეტრზეა გაშლილი. მისი მაქსიმალური სიმაღლე 2350 მეტრს აღწევს. ბაკურიანისგან და გუდაურისგან განსხვავებით გოდერძი დედაქალაქიდან საკმაოდ დაშორებულია – თბილისიდან ახალციხის გავლით 252 კილომეტრში მდებარეობს, ბათუმიდან კი 109 კილომეტრში. ხშირ შემთხვევაში, დამსვენებელს მაღალმთიან აჭარაში სტუმრობისთვის ბათუმის გავლა უწევს. ამ შემთხვევაში მგზავრობის დრო დაახლოებით 10 საათია. მიზეზი გზის საფარია – ნამქრის გამო, რომელიც ხშირად 6-7 მეტრს აღწევს, ზამთარში ზარზმის გზა იკეტება და მისი გავლა მხოლოდ თოვლის სატკეპნი მანქანით არის შესაძლებელი.
შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის გოდერძიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თუმცა, ის საქართველოში არსებული სხვა კურორტებისგან განსხვავებით სასრიალო ტრასების სიმრავლით არ გამოირჩევა. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე აქ 8 კილომეტრს შეადგენს, დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია, როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებისთვის განკუთვნილია მცირე ზომის 150 მეტრიანი ტრასა (ბორანო). გოდერძი შედარებით ახალი კურორტია, ის 2015 წლის დეკემბრის თვიდან ფუნქციონირებს და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ნაკლები არჩევანია სასტუმროების კუთხითაც. თუმცა, აქ ზამთრის სეზონი საკმაოდ დიდხანს გრძელდება – დეკემბრიდან აპრილამდე. თანაც, თავისუფალი სრიალის მოყვარულთათვის ალპური ფერდობები და წიწვოვანი ტყეები შთამბეჭდავია. ხშირად, დამსვენებელი თოვლში ჩაფლულ სახლების შორის სრიალებს.
ფაფუკი თოვლი, ხის სახლები, გადათეთრებული მთები და ნაძვნარი – ეს ბახმაროა. მსოფლიოში უნიკალური ადგილი. ბახმარო უთოვლობას არასდროს უჩივის. გვახსოვს გასული წლები, როცა ევროპის წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლის სიმცირე იყო. ამ დროსაც კი აქ ფრისტაილის მოყვარულები დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გაუკვალავში სრიალისთვის. ბახმაროს ეგზოტიკურობას აქ არსებული მწირი ინფრასტრუქტურაც სძენს. გურიის მთებში საბაგიროს ვერსად შეხვდებით. აქ ჩასულ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს სიმაღლეზე ასვლა მხოლოდ თოვლმავლით შეუძლიათ. მაღალმთიანი კლიმატური კურორტის უნიკალურობა მის სამკურნალო თვისებებშიც გამოიხატება. 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. სოჭითა და ნაძვით მდიდარი ეს გამორჩეული ადგილი ყველა სეზონზე შთამბეჭდავია. მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის უნიკალური შემადგენლობა სისხლის ფორმულას 21 დღეში ცვლის და განსაკუთრებით აკაჟებს მოზარდებს, რომლებიც სუსტი იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობენ. აქ ზამთარში მოსული ფაფუკი თოვლი და გადათეთრებული მთები გულგრილს ვერავის ტოვებს. ამის თქმის საშუალებას, ის ქართველი საერთაშორისო სამთო გამყოლები გვაძლევენ, რომლებიც ყოველ წელს უცხოელ სტუმრებს მასპინძლობენ და ბახმაროს მთებში საუკეთესო თავგადასავალს ვიზიტორებთან ერთად გადიან. ამ მთებში თავისუფლება, ალბათ, ყველაზე მეტად იგრძნობა და დადებითი ემოციებით იმდენად იმუხტები, რომ მინუს ტემპერატურასაც კი ვეღარ გრძნობ და გაბედნიერებს ის, რომ ამ მისტიკურ მხარეში მოხვედრის შესაძლებლობა მოგეცა.







