Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ერეკლე

მეფე ისტორიული ქარიშხლების ფონზე

ერეკლე

XVIII საუკუნის საქართველოს ისტორია სავსეა დაპირისპირებით, პოლიტიკური არასტაბილურობით, გარე მტრების შემოსევებითა და შიდა დაქსაქსულობით. ამ არეულ და წინააღმდეგობებით სავსე ეპოქაში ქართლ-კახეთის სამეფოს გამორჩეული მეფე ჰყავდა – ერეკლე II, რომელმაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, სამხედრო ნიჭი და დიპლომატიური გონიერება ღირსეულად გააერთიანა. მისი მეფობა ქართლ-კახეთის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო ცდილობდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და სახელმწიფო მმართველობის რეფორმირებასა და ქვეყნის გაძლიერებას. ამ დროს კი საქართველო ძლიერი მეზობელ იმპერიებს შორის იყო მოქცეული.

ერეკლე II-ს მცდელობებმა შეენარჩუნებინა ქართული სახელმწიფოებრიობა იმ დროს, როდესაც მის ირგვლივ ბევრი რეგიონი უცხო ძალების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, შექმნა საფუძველი ერთიანობისა და ბრძოლისუნარიანობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ საქართველო მაინც აღმოჩნდა რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ, ერეკლე II-ს მმართველობა დღემდე რჩება პატრიოტიზმისა და თავგანწირვის სიმბოლოდ.

ერეკლე II დაიბადა 1720 წელს თელავში. ის აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ერეკლე გამორჩეული იყო, როგორც პოლიტიკურად წინდახედული და სამხედრო თვალსაზრისით ნიჭიერი პიროვნება. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ირანში, იგი ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი პოლიტიკური მმართველი, რომელმაც კარგად აითვისა სპარსული და თურქული პოლიტიკის მექანიზმები.

მისი სახელის პოპულარობა და დიდება განსაკუთრებით გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც ის ირანთან და ოსმალეთთან ბრძოლებში საქართველოს დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბრძოლები 1744 წლის შემდეგ, როდესაც იგი კახეთის ტახტზე ავიდა და მალე ქართლის მეფის სტატუსიც მიიღო.

ერეკლე II-ის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ძლიერი, ცენტრალიზებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა. ამ მიზნის მისაღწევად მას არაერთ სირთულესთან უხდებოდა გამკლავება. მას უწევდა ბრძოლა, როგორც შიდა დაქუცმაცებულ თავადთა ინტერესებთან, ისე გარე საფრთხეებთან – ოსმალეთისა და ირანის იმპერიების გავლენასთან.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1762 წელს ქართლისა და კახეთის გაერთიანება. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური წარმატება იყო, არამედ მცდელობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნისა, რომელსაც შესწევდა უნარი, გამკლავებოდა რეგიონულ საფრთხეებს.

ერეკლე II-მ განახორციელა რიგი რეფორმები სახელმწიფო მმართველობაში, შეეცადა სამეფო ბიუროკრატიის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო სექტორების გაძლიერებას. ერეკლეს ასევე სურდა ევროპული გამოცდილების შემოტანა, რის გამოც იგი აგზავნიდა დესპანებს ევროპულ სახელმწიფოებში. განსაკუთრებით, რუსეთის იმპერიაში, რომ გაეძლიერებინა საგარეო ურთიერთობები.

მეფე ერეკლე II გამორჩეული მხედართმთავარიც იყო. ის არაერთ ბრძოლაში ხელმძღვანელობდა ქართულ ჯარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1750-იან წლებში ლეკებთან ომები და 1769 წლის ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავდროულად ტრაგიკული ბრძოლა იყო 1795 წლის კრწანისის ბრძოლა, როდესაც მეფე იძულებული გახდა გამკლავებოდა სპარსეთის მბრძანებელს – აღა მაჰმად ხანს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დასრულდა დამარცხებით და თბილისი მტერმა დაარბია, ერეკლე II-მ არ დატოვა ქვეყანა, არ შეურყევია მეფის ღირსება და კვლავ განაგრძობდა მმართველობას. ეს ბრძოლა ეროვნულ გმირობად იქცა და დაამტკიცა მეფის სამშობლოსადმი ურყევი ერთგულება.

XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს გარშემო არსებულმა ძალებმა, ირანის გაძლიერებამ, ოსმალეთის მუდმივმა ზეწოლამ და შიდა არასტაბილურობამ ერეკლე II აიძულა მოეძებნა ძლიერი მოკავშირე. სწორედ ამ კონტექსტში შედგა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიასთან, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატში შევიდა.

თავად მეფე ამ ნაბიჯს აღიქვამდა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას, ძლიერი და ქრისტიანული სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. თუმცა, ეს შეთანხმება ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ის დროებით უზრუნველჰყოფდა ირანული და ოსმალური ზეწოლისგან დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, საფუძველი გახდა საქართველოს მომავალი ანექსიისა.

1795 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის იმპერია აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს საქართველოს დახმარება არ გაუწია, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა.

ერეკლე II გარდაიცვალა 1798 წელს. ის თავისი ღირსეული მმართველობის, პატრიოტიზმისა და პოლიტიკური წინდახედულობის გამო ქართველ ხალხში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფე.

მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაიწყო ქართლ-კახეთის სამეფოს დეგრადაციის პროცესი, რაც საბოლოოდ 1801 წელს რუსეთის მიერ მისი ანექსიით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ერეკლე II-ს სახელით დღესაც ამაყობს ქართველი ერი. ის საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ბრძოლის სიმბოლო, იმედისა და სახელმწი ფოებრიობის შენარჩუნებისთვის თავდადებული მეფე.

ერეკლე II-ის მეფობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ის იყო მეფე, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა. სცადა მისი მოდერნიზაცია და საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოსთვის, თუმცა, მაინც აღმოჩნდა იმ ისტორიული ქარიშხლების მძევალი, რომლებმაც შეცვალეს საქართველოს ბედი. მისი სახელი დღესაც რჩება როგორც ეროვნული ერთიანობის, ძალის, წინდახედულობის და სიყვარულის სიმბოლო – მეფისა, რომელმაც ყველაფერი გაიღო სამშობლოსკეთილდღეობისთვის.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…