ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.
ქალაქის დღევანდელი მრავალფეროვანი კლუბური სცენა მე-20 საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ქალაქში უამრავი დამტვრეული ქარხანა, საწყობი და სარდაფი დარჩა. ახალგაზრდებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინიდან კი დაიწყეს ამ სივრცეების ღონისძიებებისთვის გამოყენება. აქ მუსიკა მხოლოდ გართობის ფორმა კი არა, ცხოვრების სტილი გახდა.
სწორედ ამ პერიოდში, 1991 წელს გაიხსნა კლუბი „ტრეზორი“, ყოფილი სააქციო მაღაზიის Wertheim-ის სარდაფში. სწრაფადვე „ტრეზორი“ ბერლინის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა. კლუბმა სხვადასხვა დროს გაიფართოვა და განაახლა სივრცე, მოეწყო ღია ეზო და მეორე სართული – Globus. სარდაფში მდებარე „ტრეზორის“ სართული სპეციალურად ჰარდ-ტექნო, ინდუსტრიული და ასიდ-მუსიკისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო Globus ძირითადად უფრო რბილ ჰაუს სეტებს მასპინძლობდა. კლუბი 2005 წელს რამდენიმე წლით დაიხურა, ხოლო 2007 წლიდან ახალ ლოკაციაზე გაიხსნა.
დღეს ბერლინის ღამის ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანია და ქალაქი ასობით კლუბს, ბარსა და ღონისძიებისთვის გასამართ სივრცეს აერთიანებს. ყველაზე ცნობილი მათ შორის ასევე არის კლუბი „ბერგჰაინი“, რომელიც ყოფილ თბოელექტროსადგურში მდებარეობს. ბერგჰაინის მთავარ დარბაზს 18-მეტრიანი ჭერი, მასიური ბეტონის კონსტრუქცია და ინდუსტრიული ესთეტიკა გამოარჩევს. კლუბის მთავარი დარბაზი ტექნო მუსიკაზეა ორიენტირებული, ხოლო ზემოთ მდებარე პატარა სივრცე – პანორამა ბარი ჰაუს მუსიკას მასპინძლობს. გაზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში იხსნება ღია ეზო, სადაც დღის განმავლობაში დიჯეის სეტები ტარდება.
შეუძლებელია არ ვახსენოთ ისტორიული კლუბი „კიტ კეტი“, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და სამჯერ გადავიდა სხვადასხვა ლოკაციაზე. კლუბი თავდაპირველად ფსიქოდელიური ტრანსით გამოირჩეოდა, თუმცა წლების განმავლობაში მუსიკალური სპექტრი გაფართოვდა და ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
ბერლინის ღამის ცხოვრების უდიდესი ღირსება მისი ინკლუზიურობაა. ქალაქი ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე ღია და უსაფრთხო სივრცე სხვადას ხვა იდენტობის, სტილისა და ცხოვრებისეული არჩევანის მქონე ადამიანებისთვის. კლუბებში ხშირად მოქმედებს „no photo policy“, რაც სტუმრებს სკანდალური ფოტოებისა და სოციალური ქსელების წნეხისგან ათავისუფლებს. აქ მთავარი არის მუსიკა და ატმოსფერო. არავინ აფასებს ვიზუალს, ჩაცმულობას ან სტატუსს. ასეთმა მიდგომამ ბერლინი ნამდვილ თავშესაფრად აქცია მათთვის, ვინც თავისუფლებას ეძებს.
ქალაქი ასევე იზიდავს ელექტრონული მუსიკის ენთუზიასტებს, დიჯეებსა და პროდიუსერებს, რომლებიც ბერლინში საკუთარ სტუდიებს ხსნიან. აქ ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელი ლეიბლების კულტურა, ხოლო ექსპერიმენტული მუსიკის მსოფლიო დონის პლატფორმებია ფესტივალები: CTM, Berlin Atonal და სხვა. ეს ყველაფერი ბერლინს საშუალებას აძლევს კლუბური სცენა არასოდეს ჩამორჩეს თანამედროვეობას.








