ველოტურიზმი და ლაშქრობა საქართველოში

საქართველო ის ადგილია, სადაც მოგზაურობა უბრალოდ გადაადგილება არ არის. ეს ემოციაა, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე განსხვავებულ ფერს და შეგრძნებას აღვიძებს. აქ ბუნებასთან სიახლოვე განსაკუთრებით იგრძნობა, რაც დროს ანელებს ხოლო ყოველი ბილიკი ახალ ისტორიას ჰყვება. ველოტურიზმი და ლაშქრობა საქართველოში ჯანსაღი, საინტერესო და სახალისო აქტივობის გარდა, თავისუფლების, ბუნებასთან განსაკუთრებული კავშირის შეგრძნების და საკუთარ თავთან სიახლოვის გამოცდილებაა. ბოლო წლების განმავლობაში ველოტურიზმი მეტად განვითარდა და დაიხვეწა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ველომოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნის ყველა რეგიონში, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქტიურად დაკავდნენ ველო სპორტით. ამ სტატიაში გვსურს იმ ადგილების შესახებ გიამბოთ, სადაც თავგადასავალი და სილამაზე ერთიანდება, რაც თქვენს მოგზაურობას დამატებით მოგონებებს შესძენს.
ᲙᲝᲯᲝᲠᲘ - ᲙᲣᲡ ᲢᲑᲐ
კოჯორი – კუს ტბის ბილიკი ერთ-ერთია საქართველოში, კერძოდ თბილისში არსებულ საშუალო სირთულის ველობილიკებს შორის. ეს მარშრუტი დამწყები ველომოყვარულებისთვის მარტივია, თუმცა ამით არც მისი მიმზიდველობა და არც ემოცია იკლებს. დაბა კოჯრის ტრასის სიგრძე 7 კილომეტრია. მისი ბილიკები უძოს მონასტრის ტერიტორიიდან იწყება და თბილისში კუს ტბამდე ეშვება. მარშრუტის დაფარვა, საშუალოდ, ერთ საათშია შესაძლებელი. ამ ერთი საათის განმავლობაში თრიალეთის ქედის ულამაზესი ბუნების ყურება განსხვავებულ ელფერს სძენს. ამ მარშრუტზე გირჩევთ, ველოსიპედი გააჩეროთ, კოჯრის ციხის და უძოს მონასტრის, საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლების სანახავად.
ᲥᲝᲠᲣᲚᲓᲘᲡ ᲢᲑᲔᲑᲘ
თუ თავისუფალი დაშვების მოყვარული ხართ და გსურთ ტბაში არეკლილი კავკასიონის მწვერვალი იხილოთ, ერთდროულად ისიამოვნოთ შხარის, თეთნულდის, უშბის, ულამაზესი მინდვრების ყურებით და მესტიის დაუვიწყარი ხედებით ველოტური ზემო სვანეთში, ქორულდის ტბებზე უნდა დაგეგმოთ და ზღვის დონიდან 2850 მეტრის სიმაღლეზე ახვიდეთ.
ᲝᲠᲔᲗᲘᲡ ᲢᲑᲐ ᲝᲠᲔᲗᲘᲡ ᲢᲑᲐ – მსოფლიოს ათი ურთულესი გზიდან ერთ-ერთი საქართველოში, კერძოდ თუშეთშია. ორეთის ტბის ველოტური რთული, თუმცა ამავდროულად საოცარი ტურია, რომლის გამოცდასაც გამოცდილ ველომოყვარულებს ვურჩევთ. 12 კილომეტრიანი ველობილიკის ტური ულამაზეს სოფელ ხისოდან იწყება, აღმოსავლეთის მიმართულებით ქედს მიუყვება და ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ორეთის ტბასთან სრულდება. ეს ულამაზესი მინდვრების, ტყეების და ალპური ზონის ერთობლიობაა, საიდანაც თითქმის მთელი თუშეთის სივრცე იშლება. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება შველი, ნიამორი, დათვი და მგელიც კი შენიშნოთ, რაც ამ მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს და დაუვიწყარს გახდის.
მიტარბის ხეობა – ბორჯომის ხეობაში დაუვიწყარი ველოთავგადასავალი გელით. მიტარბის ველობილიკები თავისი უნიკალური წიწვოვანი ბუნებით და სათავგადასავლო შინაარსით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია. ველოთავგადასავალი ბაკურიანიდან რამდენიმე კილომეტრში, ბორჯომის ხეობიდან იწყება. ულამაზეს წიწვოვან ტყეში მოგზაურობისას მდინარე გუჯარულას გადაკვეთის შემდეგ გზას ტიმოთეს უბნისკენ აუყვებით, სადაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მონახულებასაც შეძლებთ, საიდანაც გზას წაღვერამდე განაგრძობთ. 23 კილომეტრიანი მარშრუტი მარტივია, მისი 85% გრუნტის გზაა, 15% კი, ნაწილობრივ ასფალტის.
ᲨᲐᲢᲘᲚᲘ ᲨᲐᲢᲘᲚᲘ – სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლი, ციხე-სოფელი შატილია. გირჩევთ, საქართველო ისე არ დატოვოთ, რომ ეს ადგილი არ ნახოთ. მართალია, შატილის ველოტურიც რთულ კატეგორიაში შედის და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ ხევსურეთის დაუვიწყარი ბუნება, კლდოვან ფერდობზე შეფენილი, საოცრად ნაგები სახლები და ციხე-კოშკები ამ სირთულეს აუცილებლად დაგავიწყებთ.
მრავალფეროვანი ველობილიკების მსგავსად, საქართველო სავსეა უნიკალური სალაშქრო მარშრუტებით, სადაც ბუნება, კულტურა, საინტერესო გამოცდილება და თავგადასავალი იდეალურად ერთიანდება.
ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘ ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სალაშქრო მიმართულებაა. აქ თქვენ კავკასიონის მაღალ მწვერვალებს, შუასაუკუნეების კოშკებს და ისეთ თვალწარმტაც სოფლებს, როგორიცაა უშგული, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლება, შეხვდებით. მესტია – უშგულის გზა ყველაზე პოპულარული მარშრუტია, რომელიც რამდენიმედღიან ლაშქრობას მოიცავს და უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ.
ᲗᲣᲨᲔᲗᲘ ᲗᲣᲨᲔᲗᲘ – ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ველური და ნაკლებად ხელშეუხებელი ბუნება იზიდავს. აქ ლაშქრობას მეტად სათავგადასავლო შინაარსის ხასიათი აქვს. რთული გზების გავლის საპირწონედ, კი მოლაშქრეები დაუვიწყარ პეიზაჟებს, ტრადიციულ სოფლებს და ძველ ციხე-სიმაგრეებს ხვდებიან. განსაკუთრებით პოპულარულია, ომალოს და დართლოს მიმართულებები.
ᲑᲝᲠᲯᲝᲛ-ᲮᲐᲠᲐᲒᲐᲣᲚᲘᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘ – ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და იდეალურია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოლაშქრეებისთვის. აქ კარგად მონიშნული ბილიკები, ტყეები, ალპური მდელოები და სუფთა ჰაერი დაგხვდებათ. ადგილი ლაშქრობის მოყვარულებს როგორც ერთდღიან ისე მრავალდღიან ლაშქრობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მას განსაკუთრებით მოქნილ მიმართულებად აქცევს.
აღნიშნული სამი ადგილი სხვადასხვა შინაარსის გამოცდილებას გთავაზობთ ისტორიულს, ველურს და საბაზისოს. საქართველოს განსაკუთრებული ხიბლიც სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია.
ლაშქრობა და ველომოგზაურობა საქართველოში გზით არ სრულდება. ხშირად ჯადოსნური მომენტების სიღრმის აღსაქმელად გაჩერება, ნაბიჯების, პედლების შენელებაა საჭირო, რათა დავინახოთ როგორ ჩადის მზე მთებს შორის ან როგორ ნათდება ახალი მზის სხივით კავკასიონი.
ოქროსფერი მზის ჩასვლა და მშვიდი განთიადი ნებისმიერ მოგზაურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ იმ ადგილებსაც, სადაც საქართველოში თქვენი ექსტრემალური თავგადასავლების პარალელურად უნდა გაჩერდეთ, დაისვენოთ, უბრალოდ შეხედოთ და ამ შთამბეჭდავი სანახაობით დატკბეთ.
ყაზბეგი – გერგეტის სამება — აქ შთამბეჭდავი მზის ამოსვლა გელით. დილით, როცა ნისლი ნელა იფანტება და მზე მყინვარწვერის უკან ამოდის, გარემო ოქროსფერ შუქში იძირება. ეს ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება მათთვის, ვინც სიმშვიდესა და სიდიადეს თანაბრად ეძებს.
სვანეთი – სოფელი უშგული – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელი, მზის ჩასვლისას სრულიად იცვლება. კოშკებსა და მთებს შორის ჩასული მზე უნიკალურ ფერებს ქმნის, რაც მთელ გარემოს ზღაპრულ ფერებს სძენს.
თუშეთი – ომალოს ხედები – მზის ამოსვლა თუშეთში განსაკუთრებით ემოციურია. ღრუბლებში ჩაფლული ხეობები და განათებული მთები საოცარ ატმოსფეროს ქმნის. აქ ყოველი დილა თითქოს ახალი სამყაროს დასაწყისია.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი – თუ განსხვავებული პეიზაჟები გიზიდავთ, ეს მზის ჩასვლა განსაკუთრებით დაგამახსოვრდებათ. ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტზე ჩამავალი მზე თბილ, მიწისფერ ტონებს აძლიერებს და სრულიად სხვა საქართველოს გაჩვენებთ.
ბათუმი – მზის ჩასვლა შავი ზღვის ჰორიზონტზე კლასიკური, მაგრამ ყოველთვის შთამბეჭდავი სანახაობაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღის დასრულება ზღვის ხმაურის ფონზე, მაშინ როცა მზე წყალში „იძირება“.
დავით გარეჯი – დავით გარეჯი მზის ჩასვლისას განსაკუთრებით მისტიკურია. კლდეში ნაკვეთი მონასტრები და უდაბნოს ლანდშაფტი მზის ბოლო სხივებში მეტად დრამატულ სახეს იღებს. ეს ადგილები არა მხოლოდ ხედებით, არამედ იმ შეგრძნებებით გამოირჩევა, რომლებსაც მოგზაურობისას ყველაზე მეტად ვეძებთ სიმშვიდით, სილამაზით და იმ უნიკალური მომენტებით, რომლებიც მეხსიერებაში სამუდამოდ გვრჩება.










