Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ ქვეყნის სიყვარულს, ადამიანებისადმი მზრუნველობასა და ერთიანობის შეგრძნებას.

ილია II – ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი – დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში. გარემო, სადაც სარწმუნოება და ტრადიცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, დიდწილად განსაზღვრავდა მის მომავალ გზას. თუმცა თავად მოგვიანებით სულ სხვაგვარად იხსენებდა თავის ბავშვურ ოცნებებს.

მას სურდა, უბრალო ცხოვრებით ეცხოვრა. პატარაობიდანვე განსაკუთრებით იტაცებდა ხატვა და უზომოდ უყვარდა მუსიკა. ეს ბავშვური გატაცებები, წლების შემდეგ მის სულიერ მსახურებასთან გაერთიანდა. ილია II-ის მიერ შექმნილი საგალობლები და ხატები დღეს ერის საგანძურია. უფლის ნება კი სხვაგვარი აღმოჩნდა, უბრალო ცხოვრების ნაცვლად უმძიმესი და საპასუხისმგებლო გზა ერგო წილად. სასულიერო აკადემიის დასრულებისა და 1957 წელს ბერად აღკვეცის შემდეგ, მისი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირდა ეკლესიას, რაც 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი აღსაყდრებით დაგვირგვინდა.

მისი სულიერი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმ ცვლილებებში, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხორციელდა მისი პატრიარქობის პერიოდში. მისი ძალისხმევით მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიების რაოდენობა, აღდგა და აშენდა მრავალი ტაძარი და მონასტერი, ხოლო ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში საგრძნობლად გაძლიერდა. ამ პროცესებს თან ახლდა მრევლის რაოდენობის ზრდაც, ეკლესიამ კვლავ დაიბრუნა მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც სულიერი საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ცვლილებებს იმ ისტორიულ ფონზე, რომელშიც ქვეყანას უწევდა არსებობა. საბჭოთა პერიოდის სულიერი შეზ ღუდვების შემდეგ, საზოგადოებას სჭირდებოდა ძალა, რომელიც რწმენასა და იმედს აღადგენდა. სწორედ ამ დროს იქცა ილია II ერთ-ერთ მთავარ ფიგურად, რომელმაც შეძლო ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოება.

მისი როლი მკაფიოდ გამოიკვეთა ქვეყნისთვის უმძიმეს მომენტებშიც, მათ შორის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც საზოგადოებას სულიერი მხარდაჭერა და გამამხნევებელი სიტყვა სჭირდებოდა. ასევე აღსანიშნავია მისი ძალისხმევა კონფლიქტების დროს, პატრიარქი არაერთხელ მოუწოდებდა მშვიდობისკენ და თავადაც აქტიურად მონაწილეობდა დაპირისპირების განმუხტვის პროცესში. მისი ჩარევით შესაძლებელი გახდა ომში მყოფი და ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველების დაბრუნება.

ილია II-ის მოღვაწეობა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, რომელთა სრულად აღწერა ერთ სტატიაში თითქმის შეუძლებელია. მისი კურთხევითა და ძალისხმევით დამკვიდრდა ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლობა, რომელმაც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სოციალური მნიშვნელობაც შეიძინა და გარკვეულწილად ხელი შეუწყო ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მისივე ინიციატივით გაძლიერდა ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აღდგა სულიერი განათლების ტრადიცია, და მრავალი ადამიანი დაუბრუნდა რწმენას. პატრიარქი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდებს, ოჯახების განმტკიცებასა და ეროვნულ ფასეულობებს, რაც მის მოღვაწეობას კიდევ უფრო ფართო და მრავალმხრივ მნიშვნელობას ანიჭებს.

გარდა ისტორიული და საზოგადოებრივი საქმიანობისა, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნიან მისი პირადი ურთიერთობები. მრავალი ადამიანი იხსენებს მის სიმშვიდეს, სითბოსა და განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეული ადამიანის მიმართ.უამრავი მოგონება არსებობს პატრიარქის სიკეთეზე, მზრუნველობასა და ადამიანებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, ერთ-ერთი ასეთი მოგონება ეკუთვნის მამა შალვა კეკელიას, რომელიც იხსენებს პატრიარქის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ქვეყნისადმი. 2012 წელს მისი უწმინდესობის კურთხევით უნდა მომხდარიყო სრულიად საქართველოს დალოცვა. მამა შალვა იხსენებს როგორ დაავალა თხოვნა Georgian Airways-ის კომპანიას, გამოეყო თვითმფრინავი და ისე შემოევლოთ საქართველოსთვის. ციდან წარმოთქმული ლოცვა იქცა იმედის, რწმენისა და ერთიანობის სიმბოლოდ.

მისი ხედვა ხელოვნებაში ყოველთვის სულიერ სიმაღლეზე იყო ორიენტირებული, რაც ადამიანების გულებში ღვთიური შთაბეჭდილების შექმნას უზრუნველყოფდა. თითოეული აღდგენილი ტაძარი, ხატი ან საგალობელი გახდა ადგილი, სადაც ადამიანებს რწმენა, სულიერი სიმშვიდე და კულტურული სიმდიდრე ერთდროულად მოევლინებოდა.

ილია II-ის მოღვაწეობა იმდენად დიდია, რომ მისი სრულად გადმოცემა ერთი სტატიით, ალბათ, შეუძლებელია. მისი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე უსაზღვროა — დაწყებული ტაძრების აღდგენითა და ავტოკეფალიის აღიარებით, დამთავრებული იმ სულიერი სიმშვიდით, რომელსაც მისი ყოველი სიტყვა თუ საგალობელი ასხივებდა. შეუძლებელია ფურცელზე დაეტიოს ის 49-წლიანი თავდადება, რომელიც მან საქართველოს ყოველ კუთხესა და თითოეული ადამიანის გულში დატოვა.

“ჩემი პატრიარქობის პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მზიანი ღამე“. ერთის მხრივ წყვდიადი და მწუხარება, მეორეს მხრივ, უფლის მადლი.“ მისი სიტყვები და მაგალითი მრავალი ადამიანისთვის დარჩა გზა, რწმენა და სულიერი შუქურა, რომელიც დღემდე აძლევს იმედს ქართველ ხალხს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა.

მისი ანდერძის თანახმად, ილია II დაკრძალეს მის საყვარელ სიონის ტაძარში, ადგილზე, რომელიც წლების განმავლობაში მის სულიერ გზას და მსახურებას უკავშირდებოდა.

სწორედ აქ, ლოცვითა და სიჩუმით გარემოცულ სივრცეში, დასრულდა მისი მიწიერი გზა, თუმცა მისი სულიერი მემკვიდრეობა კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ადამიანთა გულებში.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

ხევსურეთი
მოგზაურობა

ხევსურეთი

ხევსურეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა,რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მდებარეობს. კავკასიის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად პირიქითა ხევსურეთი – მიღმახევი, შატილი და არხოტის ხეობები,პირაქეთი ხევსურეთი-არაგვის ხეობა.