Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

გზა საბჭოთა თბილისიდან საერთაშორისო ხელოვნების სცენამდე

მხატვარი ეთერი ჭკადუა

გზა საბჭოთა თბილისიდან საერთაშორისო ხელოვნების სცენამდე

ხელოვნებაში ხშირად არის ისტორიები, რომლებიც არა მხოლოდ მხატვრის ინდივიდუალურ გზას, არამედ ეპოქასაც ჰყვება. სწორედ ასეთია ქართველი მხატვრის ეთერი ჭკადუას ცხოვრება და შემოქმედება – გზა, რომელიც საბჭოთა თბილისის სტუდენტური სახელოსნოდან იწყება და საბოლოოდ საერთაშორისო გალერეებსა და მუზეუმებში გრძელდება.

1965 წელს თბილისში დაბადებული მხატვარი მოგვიანებით აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში საქმიანობით იქცა ერთ-ერთ იმ ქართველ არტისტად, რომელმაც საკუთარი კულტურისა და გამოცდილების შესახებ საერთაშორისო აუდიტორიას მოუთხრო.

ქართველი მხატვრის ფერწერა გამოირჩევა დეტალური, რეალისტური ტექნიკით შესრულებული ნახატებით, სადაც ავტობიოგრაფიული გამოცდილება, ქართული კულტურა, სოციალური თემები და ირონიული სიმბოლიზმი ერთიანდება. მის ტილოებზე ადამიანები ცენტრალური ფიგურები არიან: მათი სახის გამომეტყველება, ჟესტები და ემოციები ქმნის ნარატივს, რომელიც ერთდროულად პირადიც არის და უნივერსალურიც.

თუმცა ამ საერთაშორისო წარმატების მიღმა დგას ისტორია, რომელიც ბავშვობაში იწყება. საბჭოთა პერიოდის „შავ ბაზარზე“ ნაყიდი ზეთის საღებავებით შესრულებულმა პირველმა პეიზაჟებმა, ეთერი ჭკადუა უკვე თინეიჯერობის ასაკში, გამოფენამდე მიიყვანა. სწორედ იმ დროიდან გახდა ფერწერა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების გარდაუვალი გზა.

ამ ინტერვიუში ეთერი ჭკადუა საკუთარ შემოქმედებით გზაზე, სტილის ევოლუციაზე, საერთაშორისო კარიერის დასაწყისსა და იმ თემებზე გვიყვება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მის ხელოვნებას აყალიბებს.

როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელოვნებაში და რა იყო პირველი მომენტი, როცა მიხვდით, რომ მხატვრობა თქვენი მთავარი გზა იქნებოდა? დედაჩემი პატარაობიდან გვაქეზებდა ხატვისკენ მე და ჩემს ძმას გოჩას.

ᲛᲖᲘᲗᲕᲘ / DOWRY

საბჭოთა კავშირის დროს, არალეგალურ, ე.წ “შავ ბაზარზე” მამაჩემმა ზეთის საღებავები და ბევრი ფუნჯები მიყიდა. ზეთში შესრულებული ჩემი პირველი ნახატები პეიზაჟები იყო. 14 წლის ასაკში ამ ნამუშევრების გამოფენა მომიწყეს, მაშინ, როცა პირველ სკოლაში ვწავლობდი. გახსნას მხატვარი უჩა ჯაფარიძე დაესწრო და მან თქვა, რომ მე აუცილებლად სამხატრო აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა. დედაჩემს სამედიცინოზე უნდოდა რომ ჩამებარებინა, მაგრამ გადაიფიქრა და 16 წლის ასაკში აკადემიაში ჩავაბარე. იმ დროიდან ჩემში მხატვრობა გახდა გარდაუვალი.

როგორ აღწერდით თქვენს მხატვრულ სტილს და როგორ შეიცვალა ის წლების განმავლობაში? აკადემიაში სტუდენტობის დროს, ჩვენი მასწავლებლები გვიბიძგებნდენ, რომ იმპრესიონისტული სტილით, თავისუფალი შტრიხებით გვეხატა. მათ არ უნდოდათ, რომ რეალისტური ნახატები შეგვექმნა, რადგან სსრკში ვალდებული „სოცრეალიზმის“ მიმართულებას არ ავყოლოდით. მაშინ მოდელიანის პორტრეტების მსგავს პორტრეტებს ვხატავდი და ძალიან ჩქარა, 1-2 დღეში ვამთავრებდი.

თუმცა, აკადემიის ბოლო წელს, დიპლომის ნამუშევრად, ჩემი პედაგოგებისთვის მოულოდნელად დავხატე ძალიან დეტალური, მრავალფიგურიანი რეალისტური ფერწერა „მონადირეები“. ეს ფერწერა ჩემთვის ექსპერიმენტი იყო, 6 თვე ვხატავდი. საკუთარ ხელებს ვასწავლიდი ჩემთვის უცნობ ზეთის ტექნიკას. მისი სირთულის გამო ჩემი ინტერესი რეალისტური სტილის მიმართ გაიზარდა. თუმცა იმ დროს ჩვენ შუასაკუნეების შედევრების ნახვის შანსი არ გვქონდა, რადგან სსრკ -დან გასვლა შეუძლებელი იყო. ხელოვნების ისტორიის იმ დროს არსებულ წიგნებში მათ მხოლოდ პატარა შავ-თეთრი ნახატების ფოტოებით ვიცნობდი.

სწორედ დიპლომის ნამუშევარმა “მონადირეები” ჩემი დღემდე შესრულებული ნახატების ტექნიკა და სტილი განსაზღვრა. რადგან არ მიყვარდა მონადირეობა - ცხოველების მოკვლა, ტექნიკა, ფიგურების დეტალები და გამომეტყველებები სარკარზმის გამოსახატად გამოვიყენე.

თითქმის ყოველ 10 წელში, ფერები და თემები იცვლება. ვფიქრობ, გარშემო სიტუაციები და სხვადახვა ქვეყნებში ცხოვრება ცვლის ჩემს ხედვას.

როდის და როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე? რა იყო ის პირველი შესაძლებ

ლობა ან გამოფენა, რომელმაც უცხოეთში გზა გაგიხსნათ? სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, 1988 წელს ჩიკაგოში წავედი, რადგან დავქორწინდი ამერიკელ ლინგვისტ ქევინ თუითზე Kevin Tuite. მას ქართული ანბანი უნახავს ჩიკაგოს უნივერსიტეტში და მისით ისე მოიხიბლა, ბიო – ქიმიკოსობას თავი დაანება და 1985 ში თბილისში ჩამოვიდა ქართული ენის შესასწავლად. ჩიკაგოში ჩასვლისთანავე, მალე ქევინი ტოკიოს უნივერსიტეტში მიიწვიეს. მე იქ, პატარა ოთახში, მის მოლოდიში ვხატავდი პატარა ნახატებს.

1989 წლის ბოლოს, იაპონიიდან ამერიკაში დავბრუნდი, რამდენიმე თვით, ძალიან იაფად ოთახი დავიქირავე 3 სართულიან ძველ შენობაში, ჩიკაგოს სამხრეთ უბანში, რომელიც მაშინ “საშიშ” უბნად ითვლებოდა. იქ “ხიპები” ცხოვრობდნენ. იმ შენობის კარები არასოდეს იყო დაკეტილი. შემოსასვლელში ჩემი ნახატი “მონადირეები” კედელზე ეკიდა.

ერთხელ, როცა მე იქ არ ვიყავი, მოსულა ამ უბნის სახლებით დაინტერესებული უძრავი ქონების ბროკერი კედელზე “მონადირეები” დაუნახავს და უკითხავს ჩემზე. 2 თვის მერე გადასული ვიყავი სხვა უბანში და იქ ამ კაცმა ერთ-ერთი ჩემი ყოფილი თანამცხოვრები ხიპის ინფორმაციით მომაგნო. მან მითხრა რომ მისი ნაცნობი ქალი გალერეას ხსნიდა და ძალიან მალე მოიყვანა მაია პოლსკი (Maia Polsky) - რუსი ებრაელი უკრაინიდან, დიდი ხნის წინ ამერიკაში გადმოსახლებული. (როცა ებრაელებს მისცეს სსრკ საზღვრიდან გასვლის უფლება). მაია პოლსკი დაიტერესებული იყო იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მხატვრების ჩვენებით, რაც არასოდეს არ ყოფილა გამოფენილი იმ დროს ამერიკაში. პირველი ჩემი გამოფენა მალე, 1990 წელს მოეწყო. გახსნის დღეს ყველა ნახატი გაიყიდა საკმაოდ დიდ ფასებში უცნობი მხატვრისთვის. ჩიკაგოს გაზეთებ ში და ჟურნალებში ყველგან დაიწერა გამოფენის შესახებ და რომ ნახატები შუასაუკუნეების შედევრებთან ასოცირდებოდა. მაშინ ჩემი ინტერვიუ ტელევიზიითაც გადაიცა. ამ პირველი გამოფენის წარმატებამ დიდი თვითრწმენა გააჩინა ჩემში.

მაგრამ ოჯახს ვეღარ დავუბრუნდი. აღარ მინდოდა იაპონიაში ცხოვრება და დავტოვე ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარდა. (ნახატი “მოღალატე ცოლი” აქედან შეიქმნა)

როგორ იბადება თქვენი ნამუშევრების იდეა - უფრო სპონტანურად თუ წინასწარ დაგეგმილი პროცესით? ნამუშევრების იდეები, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემს გარშემო სიტუაციის, ახლობლების, პირადი პრობლემების, ემოციების, სამშობლოზე ნოსტალგიის შედეგად ჩნდება ჩემს გონებაში. როცა ჯაზ ბარში მუსიკოსების კონცერტებს ვესწრები ან ვცეკვავ, ხანდახან შეიძლება გამიჩნდეს იდეა ახალი ნახატისთვი როგორია თქვენი სამუშაო პროცესი - როგორ იწყება და როგორ სრულდება ერთი ნახატი?** სანამ ტილოზე დავიწყებ ხატვას, ყოველთვის ფანქარში რამდენიმე ჩანახატს ვაკეთებ, რასაც ხანდახან 1 -2 თვე ვუნდები, სანამ შექმნილ კომპოზიციაში დავრწმუნდები.

ᲝᲢᲝ ᲑᲐᲘᲐ, ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲣᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ

რა თემები ან ემოციები გიბიძგებთ ყველაზე ხშირად ხატვისკენ? ყოველთვის ადამიანებს ვხატავ და მათი სახის გამომეტყველებაზე ბევრ დროს ვხარჯავ. გამომეტყველებით და ჟესტებით მინდა მნახველი შევიდეს ნახატის თემის სიღრმეში და ჩემი სათქმელი გავუზიარო. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემები მაინტერესებდა.

ჩემი პირველი გამოფენის შემდეგ, ნიუ ორკში გადავსახლდი. ჯამაიკური რეგეე (მუსიკა) ძალიან შემიყვარდა და დავდიოდი საცეკვაოდ ბარებში. როცა სახლში ვბრუნდებოდი მახსოვრობიდან ვხატავდი იქ მყოფ რასტაფარელებს. ისინი მარიხუანას ეწეოდნენ და ყიდდნენ ხოლმე. ამიტომ მათ კრიმინალებად იხსენებდნენ. თუმცა ისინი ჩემთვის ყველაზე წმინდა ადამიანები არიან: ისინი ვეგეტარიანელები არიან, ცხოველებს არ ჭამენ და ალკოჰოლს არ სვამენ. 3 წელი გაუჩერებლად მათ ვხატავდი, მინდოდა მათი შინაგანი სულიერება მეჩვენებინა მათი სახის გამომეტყველებაში.

1996 წლებიდან ჩემი იმ დროინდელი შეყვარებულის მძიმე ნარკოტიკების გამოყენების არშეწყვეტის გამო იმედგაცრუებული, დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი და პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს ემოციები უნებურად აისახა ჩემს ნახატებში, ჩემი ავტოპორტრეტების გამოყენებით.

2005 წლიდან ჯამაიკაში გადავედი საცხოვრებლად და იქ დიდ სახელოსნოში დავიწყე დიდი ნახატების ხატვა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მინდოდა ყველას გაეგო ჩვენი ქვეყნის შესახებ და მის გეოპოლიტიკურ პრობლემებზე მეზობელ ქვეყანასთან.

2016 წლიდან კი მამაჩემის სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა მან მახსოვრობა დაკარგა, ვხატავდი მის თვალწინ ჩემი და ჩემი ძმის ბავშვობის პორტრეტებს, ჩემს ძმასთან კოლაბორაციული ინსტალიაციების გამოსახულების ფონზე. თითქოს მამაჩემს ვახსენებდი ჩვენს თავს. უნებლიედ, ძალიან ფერადი და მკაფიო ფერების ხმარება დავიწყე ჩემი ცხოვრების ამ რთულ პერიოდში.

რა ადგილი უკავია ქართულ კულტურას და ტრადიციებს თქვენს შემოქმედებაში? რადგან საქართველოს არსებობა უმეტესად არსად იცოდნენ (ის რუსეთის ნაწილი ეგონათ) უცხოელებს ყოველთვის ქართულ ანბანზე და ენის უნიკალურობაზე, სტუმარათმოყვარეობაზე და ჩვენს გრძელ სადღეგრძელოების ტრადიციებზე ვუყვებოდი. ქართულმა ტრადიციებმა, რასაც ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების დროს კიდევ უფრო დამაფიქრა. მომინდა მათი ასახვა ისე, რომ საინტერესო და მიმზიდველი ყოფილიყო უცხოელი მნახველისთვის და ამავე დროს ქართველი მნახველისთვის შეკითხვები გაეჩინა მოძველებული ტრადიციები მიმართ, რასაც ხშირად ტრაგედიებიც მოყვებოდა.

როცა ნიუ ორკში გადმოვსახლდი, იქ მეუბნებოდნენ რომ ფიგურატიული, რეალისტური ნახატები არ იყო მოდაში და თუ მინდოდა წარმატება ხელოვნებაში, ინტერესი გადამეტანა აბსტრაქციის, მინიმალიზმისა და ინსტალაციისკენ.

თუმცა, რჩევების საწინააღდეგოდ, გავარგძელე დეტალური ფიგურატიული ნახატების შექმნა, რომ ჩემი თემების ვიზუალური ენა ადვილად ყოფილიყო აღსაქმელი სხვადასხვა თაობის და აზროვნების მაყურებლისთვის.

სხვადახვა გამოფენის დროს ჩემს ნახატებზე დაწერილ სტატიებში ისინი აღწერეს როგორც ჯადოსნური რეალიზმი, Magic Realism, ჯადოსნური ფემინიზმი Magic Feminism და ჰალუცინაციური რეალიზმი Hallucinatory Realism.

თქვენი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი მაგალითად ამერიკასა და იტალიაში. რომელ საერთაშორისო გამოფენებს ან პროექტებს გამოარჩევდით განსაკუთრებით და რატომ? პირველად, ამერიკაში მუზეუმის გამოფენაში “the Nude“ Aldredge Contemporary Art Museum-ში ძალიან ცნობილ მხატვრებთან გამოფინეს ჩემი ნახატი. აგრეთვე, ნიუ ორკში “Sperone Westwater” გალერეაში. გამოფენაში შუასაუკუნეების შედევერებთან ერთად იყო ჩემი ნამუშევარი გამოფენილი.

ასევე „მოღალატე ცოლი“ გამოფინეს ძალიან საინტერესო ჯგუფურ გამოფენაში – Gender Check, MuMok, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვენაში, ავსტრიაში, აგრეთვე ჩემი პერსონალური გამოფენა მოაწყვეს შვეიცარიის მუზეუმში Luna Kulturhus Konsthallen,

Sodertalje, (სადაც როგორც მისმა დირექტორმა მითხრა, ამდენი დამსწრე არასოდეს ყოლიათ.)

ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა ნახატებში ის თემები იპყრობენ ყურადღებას, რისი დანახვაც ხშირად რეალობაში არ უნდათ: რასტაფარელებზე შექმნილი ფერწერების გამოფენა არავის სურდა და როცა ბრუკლინში არტისტის გარი სიმონის (Garry Simmon) მიერ დაარსებულ “Corridor” გალერეაში გამოიფინა, მნახველები ძალიან პოზიტიურად, დიდხანს აკვირდებიდნენ ნახატებს. ისინიც კი ვინც ადრე სულ მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა დამეკარგა დრო რეგეე ბარებში და რასტაფარელების ხატვაში.

აგრეთვე ჩემი უსახლკარობის სერია, რომელზეც 2 წელი ვმუშაობდი, გამოიფინა მდიდარი ადამიანების ქალაქში Southampton Art center ში. უმდიდრესი ადამიანები დიდხანს ჩაფიქრებულები ათვალიერებდნენ ნახატებში გამოსახულ უსახლკარო ადამიანების მდგომარეობას.

ასევე, სტამბული. “Istanbul Modern” მუზეუმში იყო გამოფენა “მეზობლები “, თურქეთის მეზობელი ქვეყნების არტისტების ნამუშევრებით. გამოფენის სათაური და კონცეფცია საინტერესო იყო, რადგან საუკუნეების განმავლობაში დღემდე, მეზობელი ქვეყნები ომობენ ან იპყრობდნენ ერთმანეთს. იქ ჩემი “მყვინთავი “ და “შავში” გამოიფინა.

გარდა ამისა, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში გამოიფინა ნახატები.

2 დიდი ფერწერა, აფხაზეთის ოკუპირებურებულ ტერიტორიების თემაზე, გამოიფინა Benetton foundation’s-ის მიერ მუზეუმად გადაკეთებულ ყოფილი ციხის სივრცეში – Imago Mundi-ში

2010 წლიდან ვმუშოაბ ძმასთან გოჩასთან ერთად (მისი ხელით გაკეთებული) გადასაგდები პლასტმასის ბოთლების გამოყენებით Alien Bloom სკულპტურულ ინსტალიაციებზე. მათი გამოფენა ბრუკლინში Five Myles გალერეაში იყო. თითოეული სკულპტურის განზრახულად შექმნილი ვიზუალური მომხიბლელობა მაყურებელს, ბავშვების ჩათვლით, საოცრად იზიდავდა და უკვირდათ, როცა გებულობენ, რომ ის პლასტმასის ნაგვისგან არის შექმნილი. ასე ვცდილობთ მაყურებელს ყურადღება გავუმახვილოთ პლასტმასის ბუნების მიმართ ზიანზე იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი გამოყენების შეზღუდვა მოხდეს როგორმე.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას? მე თვითონ არასოდეს სხვის რჩევებს არ ვუსმენდი. ყოველთვის რჩევების საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი და საკუთარ ინტუიციას ვენდობოდი, რამაც შეიძლება ბევრი რამე შეაფერხა ჩემს კარიერაში.

ხელოვნებაში სტანდარტები არ არსებობს. ამიტომ არ მაქვს რჩევები.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…