Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ხევსურეთის სამზარეულო

ხევსურეთის სამზარეულო

ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მაღალმთიანი კუთხეა, სადაც მკაცრი ბუნება, კლიმატი და ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს მათ კულინარიაზე.

ხევსურეთის სამზარეულო გამოირჩევა, სიმარტივით, სიჯანსაღით, ნოყიერი და ნატურალური პროდუქტით. კერძები ძირითადად მზადდება ადგილობრივი ნედლეულით-რძის პროდუქტებით, ხორცით(ცხვრის და ძროხის) ფქვილით და მცენარეული საკვებით,ასევე ხარშავენ ლუდს და ხდიან არაყს.

მთის პირობებში ნოყიერი საკვები აუცილებელია, ამიტომ ხევსურული კერძები კალორიული და ძალიან გემრიელია. კერძები მზადდება ისე რომ დიდხანს ინახებოდეს. ხევსურული სუფრა ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრადიციებთან, რელიგიურ წეს-ჩევულებებთან.

ოჯახურ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შინ მომზადებულ პურს, ყველს და ხორცეულს. სტუმართმოყვარეობა აქ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ამიტომ სუფრა ყოველთვის მრავალფეროვანია და გულით მომზადებული. პურს ძირითადად ქერისგან აცხობენ და იშვიათად იფქლისას.

ხატობასა და ქორწილებში ქერისა და იფქლის ნაზავ პურს ქვის ღუმელში აცხობენ, პური მრგვალი ფორმისაა ასევე გვხვდება ლავაშიც.

დღესასწაულებზე პურზე ხის საჭდით სხვადასხვა ნიშნებს ჭრიან და ლამაზად აჭრელებენ. აცხობენ სხვადასხვა გულსართიან ქადებს.

ხინკალი ტრადიციული ხევსურული კერძია, იგი მზადდება დაკეპილი ცხვრის ხორცით ან ცხვრის და საქონლის ხორცის ნაზავით, ხახვით მარილით, ძირითადი სანელებელია ძირა (კვლიავი). ასევე ამზადებენ ხაჭოს და კარტოფილის ხინკალსაც.

დამბალხაჭო-ხევსურული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური პროდუქტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა მთაში. დამბალხაჭო არის სპეციალურად დამუშავებული და დაძველებული ხაჭო, რომელსაც ახასიათებს მკვეთრი გემო და სუნი. ის ითვლება ხევსურეთის სავიზიტო ბარათად.

დამბალხაჭო საქართველოს არამატერიალურ, კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული 2014 წელს.

ქადა – ცხვება ყველიანი და ხავიწიანი(გულიანი)

კეცულა – მზადდება ყველით და მწვანილის ნაზავით, მას ერბოში აწობენ და ისე მიირთმევენ.

ხორცის ჩაქაფული – მწვანილებით და ხორცით მომზადებული არომატული კერძია.

კალმახი მთის მდინრეებში უხვად ბინადრობს. მას მარტივად ამზადებენ წვავენ ნაკვერჩხალზე მარილით და ზოგჯერ სხვადასხვა მწვანილებთან ერთად რათა ბუნებრივი გემო შეინარჩუნოს.

მხალეულიდან იყენებენ ჭინჭარს, ნაცარქათამას, ჩადარს და წიწმატს.

არაყს ხდიან ქერისაგან, სვიისგან, ანწლისგან. ხევსურების განსაკუთრებული სასმელია ლუდი რომელსაც ყველა დღესასწაულზე ხარშავენ.

შეიძლება ითქვას რომ ხევსურეთის სამზარეულო გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიგოთ ამ კუთხის ხალხის ცხოვრების წესი, მათი კულტურა, ყოფა და ტრადიციები.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…